skip to content
ახალი ამბები

მოსკოვის მერი აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე მიანიშნებს

მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა 20 ივლისს სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი “ითანამშრომლებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ლუჟკოვი სოხუმში 20 ივლისს ჩავიდა. მოსკოვის მერმა და აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმის სანაპიროზე ბიზნეს-ცენტრის  – “მოსკოვის სახლის“ მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.  


“მოსკოვს არ ეშინია ფულის დაკარგვის სოხუმში“, – განაცხადა ლუჟკოვმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენჯერმე გააფრთხილა უცხოელი ინვესტორები თავი შეიკავონ აფხაზეთში ინვესტირებისაგან. 


ლუჟკოვმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთს შესანიშნავი შანსები გააჩნია, რომ გახდეს “აყვავებული სახელმწიფო“.


“ჩვენ განვიხილავთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტებს. თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აქ ინვესტიციებით მოვიდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვერც ერთი გარეშე ძალა ვერ შეძლებს მის წართმევას“, – განაცხადა ლუჟკოვმა.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ თვითგამოცხადებულ რეგიონსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა გადადის ჰუმანიტარული დონიდან “ეკონომიკურ ურთიერთობებში“.


“აფხაზეთი ვეღარ იქნება იზოლირებული და ჩვენ უნდა ავამოქმედოდ ყველა მექანიზმი, რათა რესპუბლიკა ალყიდან გამოვიყვანოთ“, – განაცხადა ბაღაფშმა.


ქართულ მხარეს მოსკოვის მერის ვიზიტზე სოხუმში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button