ახალი ამბები

ოპოზიცია დადგენილების “ისტორიულობას” სკეპტიკურად უყურებს

საქართველოს პარლამენტის18 ივლისის დადგენილება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა მას შემდეგ, რაც სამმა ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტის სხდომების ბოიკოტის შეწყვეტაზე და დოკუმენტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დადგენილებას “ისტორიული” და უპრეცედენტო უწოდეს, მაშინ როცა ოპოზიციამ ეს დოკუმენტი “ფარატინა ქაღალდად“ და ხელისუფლების “კიდევ ერთი PR აქციად“ შეაფასა.


მმართველი პარტიის გავლენიანმა დეპუტატებმა 19 ივლისს პრესკონფერენცია მოიწვიეს და შეეცადნენ აეხსნათ, რომ ოპოზიციამ, რომელიც 31 მარტიდან პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს, პარლამენტში ისტორიული მომენტი გამოტოვა, როცა უარი თქვა დადგენილების კენჭისყრაში მონაწილეობაზე.      


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მხარდაჭერის ნაცვლად, “ყველა მეთოდს იყენებს საზოგადოებაში უიმედობის“ დასათესად.


“ამ პოლიტიკურ ძალებში ნაწილი და მე არ მომერიდება ჩამოთვლა – ლეიბორისტების, წინ საქართველო, იგორ გიორგაძე –  პირდაპირ არის დაკავშირებული მოსკოვთან, ხოლო მეორე ნაწილი, თითქოს ჩვენ არა გვაქვს ამის [მოსკოვთან კავშირზე] თქმის საფუძველი, იმდენად არის დაბრმავებული ხელისუფლების მიმართ სიძულვილით, რომ მზად არის ეშმაკსაც კი შეეკრას საკუთარი ამოცანების მისაღწევად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარყვეს მმართველი პარტიის კრიტიკა და განაცხადეს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოს ოპოზიცია რუსული ჯარების კონფლიქტების ზონებიდან გაყვანის წინააღმდეგია. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, დადგენილება არ იყო საკმარისად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბოიკოტის შეწყვეტის საბაბი გამხდარიყო.


კანონმდებლებმა კონსერვატიული, მრეწველთა, ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკური პარტიებიდან ბოიკოტი 31 მარტს გამოაცხადეს. ისინი პოლიციის ძალადობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას, საარჩევნო სისტემის რეფორმირებას და მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნებს მოითხოვენ.


“პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად აქცია ეს დადგენილება ფარატინა ქაღალდად, როცა მან განაცხადა კენჭისყრის შემდეგ [18 ივლისს], რომ საბოლოო გადაწყვეტილება [სამშვიდობოების შესახებ] მისი პუტინთან შეხვედრის შემდეგ იქნებოდა მიღებული. ამრიგად, თითის ოპოზიციისკენ გაშვერის მიზეზი არ არსებობს, მაშინ როცა პრეზიდენტი თავად აკნინებს პარლამენტის დადგენილებას“, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკის საპასუხოდ.


ოპოზიცია აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოვლენაა საჭირო სამშვიდობოების გასაყვანად.


გაზეთმა “24 საათმა“ 20 ივლისს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი  ლიდერის თინა ხიდაშელის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ის აცხადებს, რომ 18 ივლისის დადგენილება მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება ცდილობს გადაჩრდილოს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც ძირითადად პოლიციის ძალადობას და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.


თავის სტატიაში ხიდაშელი იმ სამივე დადგენილებას აანალიზებს, რომლებიც პარლამენტმა რუს სამშვიდობოების შესახებ ბოლო ცხრა თვის მანძილზე მიიღო და აცხადებს, რომ 18 ივლისის დადგენილება ვერ ჩაითვლება ისტორიულად, რადგანაც ის თითქმის ორი წინა დადგენილების ანალოგია. 


“არაფერი ახალი და მით უფრო უპრეცედენტო და ისტორიული არ მომხდარა გარდა იმისა, რომ პარლამენტმა უკვე მერამდენედ გაიმეორა უკვე მრავალჯერ ნათქვამი, გაცხადებული და დადგენილი“, – განაცხადა ხიდაშელმა.


ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა არც 2005 წლის 11 ოქტომბერს მიღებული პირველი დადგენილების კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. სწორი ამ დადგენილებით მიეცათ სამშვიდობოებს გარკვეული ვადა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავიანთი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. მაშინ ოპოზიცია უფრო რადიკალური დადგენილების მიღებას მოითხოვდა სამშვიდობოების დაუყოვნებლივ გაყვანის თაობაზე, ყოველგვარი ვადების გარეშე. ამ ტიპის რადიკალური დადგენილების პროექტი კონსერვატორულმა პარტიამ ალტერნატივის სახით წარადგინა, თუმცა ის საპარლამენტო უმრავლესობამ არ მიიღო.


ოპოზიციამ 2006 წლის 15 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შესახებ მიღებული მეორე დადგენილების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, ეს დადგენილება არ იყო მკაფიო და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.  


 

Back to top button