ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერი: საარჩევნოდ გაერთიანება აუცილებელია

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან


შვიდი ოპოზიციური პარტია – ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, მრეწველები, ლეიბორისტული პარტია, პარტია თავისუფლება და სახალხო ფორუმი – გაერთიანდნენ, რათა ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ  სახელისუფლებო პოლიტიკას სხვადასხვა საკითხებზე. „სივილ ჯორჯია“ ამ შვიდეულის მიზნებზე 12 ივლისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს ესაუბრა.


რესპუბლიკელების ლიდერმა განაცხადა, რომ შვიდი პარტიისგან შემდგარი დაჯგუფება ჯერ არ ქმნის საარჩევნო კოალიციას, თუმცა სულ მალე დაიწყება კონსულტაციები საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე, რათა ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ ნაციონალურ მოძრაობას შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.  


რა არის ის ძირითადი ლოზუნგი და მთავარი გზავნილი მოსახლეობისადმი,  რომლის გარშემოც შვიდი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა?


ეს შვიდი პარტია და კიდევ სხვაც, რომელიც დღეისთვის ერთობლივად აფიქსირებს პოზიციებს, ბოლო 6–7 თვის განმავლობაში ბევრ საკითხზე ვიყავით კონსულტაციების რეჟიმში, თუმცა იყო  მთელი რიგი საკითხები, რომელიც ერთობლივი   ქმედებების და განცხადებების საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ შვიდ პარტიას შორის გამოიძებნა სერიოზული გამაერთიანებელი თემები. ეს პირველ რიგში არის ადგილობრივი არჩევნები.


ჩვენ  შევადგინეთ ტექსტი და ერთობლივად მოვაწერეთ ხელი მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი არჩევნები ქალაქ თბილისში ჩატარდეს  პროპორციული სისტემით. ეს არის არა ჩვენი ახირება ან რაიმე კერძო პოლიტიკური მოსაზრება, არამედ ჩვენი მცდელობა თავიდან ავიცილოთ უაღრესად საშიში, ქვეყნისათვის სახიფათო პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ჩვენი აზრით, გარდაუვლად უზრუნველყოფს ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს.


ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ერთპარტიულ საკრებულოს 5–6 კაციანი ოპოზიციით, ესეც გარანტირებულია იმისათვის, რომ მერე დასავლეთს უპატაკონ, რომ გვყავს ოპოზიცია [საკრებულოში]. მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება მხოლოდ დეკორაციული ოპოზიცია.


ამასთანავე, ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისში არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის მინიმუმ 60 %–ის მოსაზრებები არ იქნეს ასახული ქალაქის პოლიტიკურ ორგანოში. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ტიპის კონფრონტაცია, ფრაგმენტაცია, პოლარიზაცია საზოგადოების იქნება სერიოზული კატალიზატორი შემდგომი პოლიტიკური გართულებების. ამ ნაწილში შვიდივე პოლიტიკური ჯგუფი ვართ ერთ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები იქნებოდა გამოსავალი.


ამ წერილით ჩვენ მივმართეთ პირველ რიგში საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სანამ ის საჯარო გახდებოდა. ამ გზით ჩვენ გვინდოდა ბოლო შანსის გამოყენება, იქნებ საერთაშორისო საზოგადოების აზრისთვის გაეწია ანგარიში ხელისუფლებას, მაგრამ რომ დავინახეთ, რომ არც ამას ჰქონდა აზრი, ღიად განვაცხადეთ ეს ყველაფერი.


გარდა ამისა, საარჩევნო თემებზე მუშაობისას, დაახლოებით ორი კვირის წინ ქვეყანაში განვითარდა ძალადობის და უკანონობის ახალი ტალღა. ეს უკავშირდებოდა [“თანასწორობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის] ირაკლი კაკაბაძის ყოვლად უკანონო დაპატიმრებას, გირგვლიანის საქმეზე სასამართლო პროცესის ისე წასვლას, როგორც ამას ხელისუფლება გეგმავდა, დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს , როდესაც ჩვენი აზრით ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა  – პრემიერ–მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ – უპასუხისმგებლო და ცინიკური განცხადებები გააკეთეს იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა ბათუმში. აქ შემოვიდა უნივერსიტეტის თემაც.


ამ ყველაფერმა მოგვისწრო ჩვენ იმ დროს, როცა ეს შვიდი პარტია ვმუშაობდით საარჩევნო თემატიკაზე. რაღაცნაირად ბუნებრივად გადავერთეთ სხვა საკითხებზე. და დღევანდელი მდგომარეობით, ყველა ამ საკითხზე ჩვენ ვახერხებთ საერთო პოზიციის შემუშავებას, კოორდინირებულ მოქმედებებს. მე არ ვიცი ეს რაში გადაიზრდება ან გადაიზრდება თუ არა რამეში. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ყველა ასე თუ ისე ცნობილი პოლიტიკური ძალა ამ შვიდეულშია თავმოყრილი.  


თქვენ ახსენეთ ოპოზიციური შვიდეულის მიერ 30 ივლისს ხელმოწერილი განცხადება პროპორციულ არჩვნებთან დაკავშირებით, რომელზეც სალომე ზურაბიშვილს ხელი არ მოუწერია.


თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნების ნაწილში ოპოზიციურ  შვიდეულს უერთდება სალომე ზურაბიშვილი თავისი პოლიტიკური მოძრაობით [“საქართველოს გზა“]. მას განცხადებაზე ხელმოწერა არ დაუფიქსირებია, რადგან განცხადების გარკვეულ პუნქტებთან აქვს თავისი მოსაზრებები, ვინაიდან იგი თვლის, რომ ბოიკოტზე საუბარი არასწორია.


თუმცა ჩვენ, შვიდი პარტია შევთანხმდით იმაზე, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, მაშინ ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ბოიკოტზე. ანუ ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია, რომ ერთად ან ცალკ–ცალკე მივდივართ ბოიკოტის გზით, მაგრამ ვთვლით, რომ ამ საკითხს სერიოზულად განვიხილავთ.


დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში სამი ცენტრის კონტურები გამოიკვეთა: ხელისუფლება, ოპოზიციური შვიდეული და სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა. ამასთან, რესპუბლიკელების და ზურაბიშვილის შეხედულებები თითქოს უფრო მეტ თანხვედრაშია. რამ განაპირობა ოპოზიციაში ასეთი გადაჯგუფება?


გეთანხმებით, სტრატეგიულ ხედვებში, პოლიტიკურ გემოვნებაში, მსოფლმხედველობრივ საკითხებში და ბევრ სხვა თემაში  რესპუბლიკელების და სალომე ზურაბიშვილის გაცხადებული პოსტულატები შესაძლოა ყველაზე ახლოსაა. არიან კიდევ კონსერვატორები, ახალი მემარჯვენეები, რომლებიც დაახლოებით ერთნაირად აღვიქვამთ დღევანდელ სიტუაციას და ვხედავთ ქვეყნის განვითარების პერსპექტივას.


მათ შორის ეკონომიკური განვითარების საკითხებში. მაგალითად მრეწველებთან ჩვენ რაიმე პრობლემები დემოკრატიასთან დაკავშირებით არ გვაქვს, მაგრამ მათ ცოტა განსხვავებული პოზიციები აქვს ეკონომიკურ ღიაობასთან და პრივატიზაციასთან დაკავშირებით. იგივეა ლეიბორისტებთან.


აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველივე დღიდან ვცდილობდით გვქონოდა საქმიანი ურთიერთობა ქალბატონ სალომესთან. მაგრამ ნელ–ნელა გამოიკვეთა ტაქტიკური ხასიათის აზრთა სხვადასხვაობა. მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი ხედვები არ დაემთხვა ერთმანეთს. მაგალითად, ისევ და ისევ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.


ჩვენი შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს მიეცემოდათ თავისუფალი განვითარების და საქმიანობის შესაძლებლობა, როცა მიზანმიმართულად და მშვიდად იმუშავებდნენ თავიანთ პროგრამაზე, გამოკვეთდენ ელექტორატს და სოციალურ დასაყრდენს შეიქმნიდნენ საზოგადოებაში. პარტიამ რომ თავის თავს ასეთი ფუფუნების საშუალება მისცეს, საჭიროა მოგვარებული იყოს ელემენტარული საკითხები: კონკურენტული პოლიტიკური გარემო და არ გქონდეს განცდა, რომ ხელისუფლება კიდევ ახალი კრიზისისკენ მიაქანებს ქვეყანას.


ამ შემთხვევაში, სალომე უფრო მეტ აქცენტს აკეთებს პარტიულ მშენებლობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის საჭირო არის ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფა იმისა, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში ანუ ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნა, ჩვენი აზრით, არის უკიდურესად აუცილებელი, ხოლო ამ კოალიციის მიერ მიღწეული შედეგით ანუ ხელისუფლებისთვის ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის შერყევით, შემდგომ უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის მართლაც მსოფლმხედველობრივი გადაჯგუფება მოხდება.


სალომეს ამ თვალსაზრისით განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდა, შესაძლოა მას ნერვებმაც უმტყუნა: იგი თანაბრად აკრიტიკებს ხელისუფლების შუა ეშელონებს – და არა პრეზიდენტს – და ოპოზიციას. ჩვენ პატივს ვცემთ მის არჩევანს, მაგრამ გვგონია, რომ არასწორია.


თუმცა მე არ გამოვრიცხავ ოპოზიციაში უახლოეს ორ თვეში გარკვეულ გადაჯგუფებებს. შესაძლოა ოპოზიციურ ძალთა შორის წყალგამყოფი ცოტა სხვა საკითხი აღმოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ რაც არ უნდა განსვავებული მოსაზრებები გვქონდეს, შევინარჩუნოთ ცივილიზებული ურთიერთობები ერთმანეთთან, რათა ჩვენს შორის პაექრობაც კი იძლეოდეს შედეგს საზოგადოებისთვის ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.

ოპოზიციური შვიდეულის ლიდერები განსხვავებული ლოზუნგებით გამოდიან. კერძოდ, მაშინ როცა ლეიბორისტების ლიდერი სააკაშვილის გადადგომისკენ მოუწოდებს, რესპუბლიკელები ამ ტიპის განცხადებებისაგან აშკარად თავს იკავებენ. ხომ არ აბნევს ეს მოსახლეობას?


ამ საკითხებით დაინტერესებულ მოსახლეობას დაბეჯითებით ვურჩევდი, რომ გაითვალისწინონ შემდეგი გარემოება: შვიდეული ეს არ არის ერთიანი საარჩევნო ბლოკი და ჩვენ რაღაც საკითხებში ერთად ყოფნის პარალელურად ვიტოვებთ უფლებას და გვაქვს ვალდებულება, რომ ინდივიდუალური პოზიციები გამოვხატოთ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა.


ამ ერთობის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ჩვენ ამის საშულებას და უფლებას ვაძლევთ ერთმანეთს. ამითი ჩვენ გვინდა შევებრძოლოთ ფესვმოკიდებულ შეხედულებას, რომ უნდა იყოს შავი და თეთრი, ხელისუფლება და ყველა დანარჩენი. რეალურად კი ასე არ არის მოწყობილი და დემოკრატია მითუმეტეს არ გულისხმობს ამას.


ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ იმ საკითხებში, რაშიც ჩვენ ერთად გამოვდივართ, იქ არანაირ განსხვავებულ ქმედებებს არ აქვს ადგილი, მაგრამ ბევრ სხვა საკითხში სტილითაც და შინაარსითაც ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ არ ვთხოვთ ნათელაშვილს შეცვალოს თავისი სტილი და არც ისინი ითხოვენ ჩვენგან გავხდეთ უფრო რადიკალურები.


თუ უკვე იქნება საუბარი საარჩევნო ბლოკზე, ჩვენ მოგვიწევს მეტი მუშაობა, რომ უფრო მჭიდრო ერთობა გამოვაჩინოთ და არც ამომრჩეველი დავაბნიოთ.


ჩვენი [რესპუბლიკელების] პოზიცია იყო და რჩება ის, რომ თუ ერთად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ ეს იქნება ყველაზე საუკეთესო. ამ გზით ჩვენ შევძლებდით თუნდაც ამ ცუდი საარჩევნო კანონის პირობებში მიგვეღწია მიზნისთვის, რაც არის დასახული.


ამ საკითხებზე უახლოეს ხანებში იქნება კონსულტაციები და ჩამოვყალიბდებით. ნებისმიერ შემთხევაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ სხვადასხვა პოზიციები გვექნება არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას ზეპარტიულ და ზეპოლიტიკურ საკითხებზე – კანონის უზენაესობა,  ძალადობის არ დაშვება, ადამინის უფლებების დაცვა, სასამართლოს დამოუკიდებლობა.


რა გეგმები აქვს რესპუბლიკურ პარტიას იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები წარუმატებლად დამთავრდა?


ჩვენ ამ ეტაპზე ვზრუნავთ ამ თემით, შემდეგ რა იქნება ამაზე მოგვიანებით.

მსგავსი/Related

Back to top button