skip to content
ახალი ამბები

თბილისი საზღვრის დაკეტვის გამო პროტესტს აცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ “არამეგობრული და პროვოკაციული“ ნაბიჯი უწოდა რუსეთის მიერ 8 ივლისს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ზემო ლარსის სარემონტო სამუშაოების მოტივით გაურკვეველი ვადით დაკეტვას, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეაფასა. შესაბამისი საპროტესტო ნოტა უკვე გადაეცა რუსეთს.


ქართული მხარის განმარტებით, “საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ“ საქართველო–რუსეთის1993 წლის შეთანხმების თანახმად სარემონტო სამუშაოების გამო მოძრაობის შეჩერების შესახებ შეტყობინება მხარეებმა სამი თვით ადრე უნდა აცნობონ ერთმანეთს.


“ქართულ მხარეს ასეთი სახის შეტყობინება არ მიუღია. რუსეთის მხარემ გვაცნობა მხოლოდ პუნქტის დახურვის შესახებ და ისიც 2 საათით ადრე, რის გამოც იქმნება მეტად რთული ვითარება საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 ივლისს.


ქართული მხარე მოითხოვს სამუშაოების დასრულებისა და “ყაზბეგი-ზემო ლარსის” საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირების აღდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენას.


აღნიშნული ცალმხრივი ქმედების ფონზე, ქართული მხარის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რომ კვლავ ფუნქციონირებს “უკანონო და არალეგიტიმური საკონტროლო-გამშვები პუნქტი “როკი-ქვემო ზარმაგი”, რაც აშკარა კანონდარღვევას წარმოადგენს”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button