skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: შეხვედრა პუტინთან მნიშვნელოვანი იყო, ბუშთან–ისტორიული

5 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში აშშ–ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეხვედრა “ისტორიული“ იყო, რომლის შედეგებსაც “ქართველი ხალხი ნახავს“.


“მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეხვედრა პეტერბურგში [13 ივლისს ვლადიმერ] პუტინთან, დღევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის იყო აბსოლუტურად ისტორიული. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ამის შედეგებს ქართველი ხალხი ნახავს და აშშ დაუდგება საქართველოს გვერდით ბოლომდე. აშშ ბოლომდე მხარს უჭერს საქართველოს ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისათვის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე გამოვიტანე დღეს თეთრი სახლიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები, ენერგეტიკული საკითხები და “ყველა ის საჭირბოროტო საკითხები, რაც საქართველოს მომავლისათვის მნიშვნელოვანია“.


ვაშინგტონში პრეზიდენტი სააკაშვილი 5 ივლისს ასევე შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს და შეხვედრები გამართა სენატშიც.


დღეს მიხეილ სააკაშვილი აშშ–ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდება, რის შემდეგაც მისი სამუშაო ვიზიტი აშშ–ში დასრულდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button