ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებას პრობლემატურ თემებზე უტევს

ოპოზიციამ ივლისში ხელისუფლებაზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავდასხმა განაახლა, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციის კამპანიად აფასებენ.


საარჩევნო კანონმდებლობა, პოლიციის ძალადობა, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები, ირაკლი კაკაბაძის დაპატიმრება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები – ეს არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის მთავარი თემები. ოპოზიციამ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე სწრაფი რეაგირების მიზნით საგანგებო შტაბიც კი შექმნა.


“ხელისუფლების რეიტინგი ამჟამად დაბალია და ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – განაცხადა მრეწველთა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ 4 ივლისს. 


შვიდი პოლიტიკური პარტიის – ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების, კონსერვატორების, მრეწველების, ლეიბორისტული პარტიის, პარტია თავისუფლების და სახალხო ფორუმის – ლიდერებმა 30 ივნისს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელშიც ისინი თბილისის საკრებულოს არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრებიან.


ოპოზიციონერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუ ადგილობრივი არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, რომლის მიხედვითაც  თბილისის საკრებულოს 37 მანდატიდან 25 იქნება იმ პარტიის, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ, თუმცა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა არანაკლებ 30%–ის ხმებს. დანარჩენი 12 მანდატი გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც 4%–იან ბარიერს გადალახავენ.  რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ლეიბორისტები და კონსერვატორები, დაჟინებით მოითხოვენ, რომ მთელმა ოპოზიციამ  ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, თუ არსებული წესი არ შეიცვლება. ხოლო შედარებით ზომიერი ოპოზიციონერები, მათ შორის რესპუბლიკური პარტია, აცხადებენ, რომ ისინი “სერიოზულად განიხილავენ“ ბოიკოტის ტაქტიკას, თუ ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.


ამომრჩეველთა არაზუსტი სიები ოპოზიციური პარტიების შეშფოთების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ეს საკითხი დღის წესრიგიდან დროებით მოიხსნა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო რესპუბლიკური პარტიის წინადადება, რომელიც ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მიზნით სპეციალური ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. ამ მიზნით 3,5 მილიონი ლარი გამოიყოფა.


დებატები არჩევნებთან დაკავშირებით დაემთხვა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის დაწყებას. მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელია დაპატიმრებული. გარდა ამისა, გირგვლიანის ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებენ.


გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ სასამართლოზე, რომ გირგვლიანის მკვლელობა, თუნდაც მისი დევნა და ცემა, ამ მაღალჩინოსნების დაკვეთით განხორციელდა. ადვოკატმა შალვა შავგულიძემ 3 ივლისს განაცხადა, რომ საქმის მთავარი მოწმეების დაკითხვამ კიდევ უფრო განამტკიცა მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დანაშაული შეკვეთილი იყო და არ იყო მსხვერპლსა და ეჭვმიტანილებს შორის სპონტანური ჩხუბის შედეგი, როგორც ამას პროკურატურა აცხადებს.


ოპოზიციის ლიდერები ქართული მედიის ყურადღების ცენტრში 3 ივლისს გამართულ სასამართლო მოსმენაზე მოექცნენ, როდესაც მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, მას მიკერძოებაში დასდეს ბრალი და “ჯალათი“ უწოდეს. შედეგად მოსამართლე გიორგი ჩემიამ დეპუტატ დავით გამყრელიძის დარბაზიდან გაძევება მოითხოვა, თუმცა პარლამენტარი არ დაემორჩილა მას. მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ გამყრელიძეს აეკრძალა გირგვლიანის საქმის განხილვებზე დასწრება.


იმავე დღეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გამოჩნდა, სადაც პროფესორთა ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყო, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ხუბუას კაბინეტში შეიჭრა და მისი გადადგომა მოითხოვა. თსუ-ს პროფესორთა ერთი ნაწილი კონკურსის წესის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ლექტორების დანიშვნას 550 ვაკანტურ თანამდებობაზე. ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აქციის მონაწილები ცდილობენ შეანელონ უნივერსიტეტში მიმდინარე რადიკალური რეფორმები.


განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ დაგმო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტული პარტიის და პარტია თავისუფლების ლიდერების – მონაწილეობა უნივერსიტეტში არსებულ დაპირისპირებაში.


თუმცა ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის რესპუბლიკელებს, უფრო ფრთხილი მიდგომა აქვთ საკითხისადმი და თავს იკავებენ ხმაურიან აქციებზე გამოჩენისგან, რადგანაც ყოველთვის უცხადებდნენ მხარდაჭერას თსუ-ში მიმდინარე რეფორმებს. თუმცა, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს რეფორმები იურიდიულ ნაკლოვანებებს არ უნდა შეიცავდეს.  


ოპოზიციის ლიდერები ერთსულოვნები არიან “თანასწორობის ინსტიტუტის“ ოთხი აქტივისტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.


ირაკლი კაკაბაძე და ინსტიტუტის კიდევ სამი წევრი 29 ივნისს სასამართლოს ეზოში მაშინ დააპატიმრეს, როცა ისინი სასამართლოს ობიექტურობისაკენ მეგაფონით მოუწოდებდნენ. მათ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ეს პირები სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებდნენ და სასამართლო პროცესს ხელს უშლიდნენ.


თანასწორობის ინსტიტუტის წევრთა დაპატიმრებამ არა მხოლოდ ოპოზიციის და ადამიანის უფლებათა ჯგუფების, არამედ სახალხო დამცველის პროტესტიც გამოიწვია. სოზარ სუბარმა 4 ივლისს განაცხადა, რომ პიროვნების დაკავება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ის არეულობას სასამართლოს შენობის შიგნით აწყობს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამ მუხლის გამოყენება არ შეიძლება, თუ პიროვნება სასამართლოს შენობის გარეთ აწყობს აქციას.


ოპოზიციის ლიდერებმა აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს და მათ “სინდისის პატიმრები“ უწოდეს, რომლებიც მხოლოდ იმისთვის დააპატიმრეს, რომ თავიანთი აზრი საჯაროდ გამოთქვეს.


ამ შვიდი ოპოზიციური პარტიის უმეტესობას, რომლებიც სხვადასხვა სფეროებში ერთობლივად ესხმიან თავს ხელისუფლების პოლიტიკას,  რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმები გააჩნიათ.


“რაიმე გულწრფელობას ოპოზიციის საქმიანობის უკან ვერ ვხედავ. მათ მხოლოდ მომავალი არჩევნები ამოძრავებთ და თითოეული მათი ნაბიჯი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მათი კამპანიის ნაწილი“, – განუცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან “რუსთავი 2“-ს 3 ივლისს.


ახლადშექმნილი პარტიის “საქართველოს გზა“ ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ცდილობს თავი შორს დაიჭიროს შვიდი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებისგან, რომელსაც ზოგიერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ უკვე უწოდა ‘დიდი შვიდიანი’. ზურაბიშვილის განცხადებით, ამჟამინდელი ოპოზიციონერი ლიდერების უმეტესობა დისკრედიტირებულია ქართველი ამომრჩევნების თვალში. მან შესთავაზა სხვა ოპოზიციურ პარტიებს საკითხებზე ორიენტირებული თანამშრომლობა და არა გაერთიანება არჩევნების წინ, რასაც სხვა ოპოზიციონერი ლიდერების გაღიზიანება მოყვა.


აქტიური ოპოზიციური ძალების კიდევ ერთი ჯგუფი უშიშროების ყოფილ შეფთან იგორ გიორგაძესთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და პარტიებისგან შედგება. თუმცა, არც ერთ გავლენიან პოლიტიკურ პარტიას არ სურს გიორგაძის პარტია თანასწორობასთან თანამშრომლობა.

მარტში ოპოზიციას უკვე ქონდა ანალოგიური მცდელობა იმ დორისთვის არსებული აქტუალური პრობლემების გამო ხელისუფლებაზე შეტევა განეხორციელებინა. თუმცა გირგვლიანის მკვლელობის საქმისა და სალარო აპარატების თემების ერთმანეთში აღრევამ ოპოზიციას წარმატება ვერ მოუტანა. იმ დროს რამდენიმე საპროტესტო აქციაც იქნა ორგანიზებული, მაგრამ არა იმდენად მასშტაბური, რომ ხელისუფლებას ანგარიში გაეწია და კომპრომისზე წასულიყო.

მსგავსი/Related

Back to top button