ახალი ამბები

HRW-ი მოუწოდებს ბუშს სააკაშვილთან ადამიანის უფლებებზე ისაუბროს

გავლენიანმა ადამიანის უფლებათა დამცავმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს გამოიყენოს 5 ივლისს ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა, რათა ყურადღება გაამახვილოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე.

ბოლო წლებში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, შეინიშნება საქართველოს მთავრობის მიერ “ადამიანის უფლებათა კუთხით აღებულ ვალდებულებების შესრულებისას უკან დახევა,“ – ნათქვამია HRW–ის მიერ პრეზიდენტ ბუშისთვის 27 ივნისს გაგზავნილ წერილში.
 
წერილში მოყვანილია ის სამი ძირითადი მიმართულება, რომლებზეც HRW–ის აზრით, ბუშმა ყურადღება უნდა გაამახვილოს სააკაშვილთან შეხვედრის დროს. ესენია: ციხეებში არსებული მდგომარეობა; სამართალდამცავების მიერ “სასიკვდილო ძალის“ გამოყენება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე შეტევა.
 
19 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი, რომელიც საქართველოს რეგიონში “ძირითად მოკავშირეს“ უწოდებს, აცხადებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ვაშინგტონში განიხილავენ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას 2005 წლის მაისში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მცდელობებს და თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების სფეროში. 
 
“მე არ ვიცი პრეზიდენტი ბუში რამდენად გამოიყენებს [HRW–ის] ამ რეკომენდაციებს, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, ასეთ დონეზე აყენებს ამ საკითხს, იმედისმომცემია, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება იმ სფეროებში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა“, – განუცხადა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა “სივილ ჯორჯიას“ 1 ივლისს.  
 
წერილში, რომელსაც HRW-ის აღმასრულებელი დირექტორი ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჰოლი კარტნერი და ორგანიზაციის სამოქალაქო უფლებათა დაცვის მიმართულების დირექტორი ტომ მალინოვსკი აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ “ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიული ცვლილების იმედის მომცემ მოდელად. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული მიღწევები ჯერ კიდევ ფაქიზია და ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის საგრძნობი უკანდახევის გამაფრთხილებელი ნიშნები.“ 
 
“თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, საქართველო აღარ იქნება დადებითი მაგალითი სხვებისთვის; პირიქით, მისი პრობლემები მხოლოდ იმათ გაამხნევებს რეგიონში, ვისაც სურს დაინახოს, როგორ ვერ გაამართლა მისმა [საქართველოს] ექსპერიმენტმა. დადგა დრო, რათა განხილულ იქნეს ეს საკითხები საქართველოს ხელისუფლებასთან. იმ ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც თქვენ [მიმართავენ პრეზიდენტ ბუშს] ჩამოაყალიბეთ პრეზიდენტ სააკაშვილთან, შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხების წამოსაწევად საქართველოს არც ერთ სხვა მეგობარს არ აქვს ისეთი ხელსაყრელი პოზიცია, როგორც თქვენ.“


ციხეებში არსებული ვითარება
 
წერილში HRW-ი აცხადებს, რომ მის მიერ 2006 წლის მაისში რამდენიმე საპყრობილეში განხორციელებულმა კვლევამ გამოავლინა “პატიმრების უფლებების სისტემატური დარღვევები, იმ ორ ახლადაშენებულ ციხეშიც კი, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“.
 
HRW-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 27 მარტს თბილისის მე-5 საპყრობილეში მომხდარ ბუნტზე, რომელსაც შვიდი პატიმრის სიკვდილი მოჰყვა და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არ აწარმოა რაიმე გამოძიება, რათა განესაზღვრა სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული “ლეტალური ძალა“ იყო თუ არა საფრთხის პროპორციული.
 
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატის მიერ განხორციელებულმა გამოძიებამ ორი ძირითადი რამ გამოავლინა. პირველი ის, რომ 27 მარტს ციხეში არეულობის პროვოცირება ციხის ადმინისტრაციამ მოახდინა. 
 
“მეორე კი ისაა, რომ ბუნტის დროს პატიმრები ძირითადად თავიან საკნებში დაიჭრნენ, რაც ძალის გადამეტებით გამოყენებაზე პირდაპირ მიუთითებს,“ -განუცხადა სუბარმა “სივილ ჯორჯიას”.
 
HRW-ი ასევე აღნიშნავს, რომ საპყრობილეებში სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევებმა განსაკუთრებით 2005 წლის დეკემბრიდან იმატა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალი ხელმძღვანელობა, ბაჩო ახალაის მეთაურობით, სწორედ დეკემბრიდან მივიდა.


ბაჩო ახალაია სახალხო დამცველსაც არა ერთხელ გაუკრიტიკებია, მათ შორის 27 მარტის ციხის ინციდენტთან დაკავშირებითაც. ამის საპასუხოდ სუბარი რამოდენიმე გავლენიანი პარლამენტარის კრიტიკის ობიექტი გახდა.


სუბარის თქმით, დადებითი ტენდენცია ციხეებთან მიმართებაში არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს წესრიგი დაამყაროს და შეზღუდოს, ე.წ. ‘კანონიერი ქურდების’ გავლენა ციხეებში.


“მაგრამ, მეორეს მხრივ, ახალი წესების დამყარება კანონის გვერდის ავლით და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით ხორციელდება,“ – აცხადებს სახალხო დამცველი.


“სასიკვიდლო ძალის” გამოყენება


ბუშისადმი გაგზავნილ წერილში HRW-ი აღნიშნავს, რომ 2005–2006 წლებში, სპეცოპერაციების დროს სამართალდამცველების მიერ ეჭვიტანილთა ლიკვიდაციის შემთხვევები გაიზარდა. 2005 წელს მოკლულთა რაოდენობამ 21 შეადგინა, ხოლო 2006 წლის პირველ ოთხ თვეში კი უკვე 17 – იმ შვიდი პატიმრის ჩათვლით, რომლებიც 27 მარტის ციხის ინციდენტის დროს დაიღუპნენ.


“საქართველოს ხელისუფლება გამუდმებით აცხადებს უარს გამოიძიოს ეჭვმიტანილთა ლიკვიდაციის დროს სამართალდამცველთა ქმედებები და ასევე გამუდმებით არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას როდესაც აქებს სამართალდამცველებს იმისთვის, რომ მოახერხეს “კრიმინალების“ განადგურება,“ – აცხადებს HRW-ი.


სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც ადასტურებს, რომ ჭარბი ძალის გამოყენების შემთხვევებმა იმატა.


“ორი გამოსავალი არსებობს, რათა მოხდეს ამ პრობლემის დაძლევა: ერთია სამართალდამცველების პროფესიონალიზმის ამაღლება და მეორე – პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომ იგივე აღარ გაგრძელდეს,“ – დასძენს სუბარი.


თუმცა HRW–ი ჯერ ვერ ხედავს, რომ ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს.


“მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი [ვანო მერაბიშვილი], აკეთებენ საჯარო განცხადებებს, რომლითაც მხარს უჭერენ კრიმინალთან მიმართებაში “ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას და მათი მრავალი განცხადებები სასიკვდილო ძალის გამოყენებისკენ უბიძგებენ,“ – ნათქვამია HRW–ის წერილში.


სასამართლო სისტემა


HRW–ი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობები გაწმინდოს სასამართლო სისტემა სავარაუდო კორუმპირებული მოსამართლეებისგან არ არის გამჭვირვალე და არ შეესაბამება დადგენილ პროცედურებს.


HRW–ის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს 37 მოსამართლიდან 21 გადადგა 2005 წელს, “და მათმა უმეტესობამ ეს ზეწოლის შედეგად გააკეთა,“ ხოლო ცხრა მოსამართლემ, რომლებიც ასევე ზეწოლას განიცდიდნენ, გადაწყვიტეს არ გადამდგარიყვნენ, თუმცა ისინი მალე გახდნენ დისციპლინარული დევნის ობიექტები.


სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ იგი მხოლოდ მიესალმება ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ისევე როგორც “კორუმპირებული მოსამართლეების“ გადაყენებას.


“თუმცა მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა სასამართლო გადაწყვეტილებები პირდაპირი ზეწოლის ეჭვს იწვევს და დამოუკიდებლად არ მიიღება,“ – დასძენს სუბარი.


სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ აპირებს პარლამენტის სხდომაზე ისაუბროს, რომელიც სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში, ბუშის სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება.


HRW–ი წერილით პრეზიდენტ ბუშს ამცნობს, რომ „მრავალი საქართველოში იმედით შეგყურებთ, რათა გამოხატოთ შეშფოთება [საქართველოს] ხელისუფლების მიერ ბოლო დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში უკან გადადგმულ ნაბიჯების გამო.“

მსგავსი/Related

Back to top button