ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა და მისმა სომეხმა კოლეგამ ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვარდან ოსკანიანთან დღეს თბილისში საქართველო–სომხეთის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე გამართული მოლაპარაკებები “კონსტრუქციული“ იყო.


მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მხარეებმა წინ წაიწიეს საზღვრის დელიმიტრაციის საქმეში.  გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის 110 კმ–იანი პერიმეტრი უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო კომისიების მიერ.


“ჩვენი მიზანი არის წლის ბოლომდე დავასრულოთ და საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებს მაგიდაზე დავუდოთ გადაწყვეტილება და ხელშეკრულების პროექტი ერთობლივი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ“,  – განაცხადა დღეს გელა ბეჟუაშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად ქართული სასაზღვრო პუნქტების გაძლიერება საქართველოდან სომხეთის მიმართულებით რუსული სამხედრო ბაზებიდან ტექნიკის გატანის პროცესს უკავშირება და “ამაში არაფერს საორჭოფოს მე ვერ ვხედავ”.  


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა ასევე კომენტარი გააკეთა ჯავახეთისთვის ავტონომიის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაზეც მორიგი მოთხოვნა ახალქალაქში 24 მაისს ჯავახეთის ახალი ორგანიზაციის დაფუძნების ფარგლებში გაისმა.


“მე ამ შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ, თუმცა ეს საკითხები საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შედის  და მათი გადასაწყვეტია და მე ვიცი, რომ ისინი ამ საკითხს [ავტონომიის შესახებ] ეწინააღმდეგებიან“, – განაცხადა ვარდან ოსკანიანმა.


“ჩვენ ძალიან ვაფასებთ ასეთ ძალიან პასუხისმგებლურ მიდგომას სომხეთის მთავრობის მხრიდან, რომ ის აღიარებს, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს, არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაში შემავალი საკითხი“, – დასძინა თავის მხრივ გელა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ეთნიკური სომხებით დასახლებულ ჯავახეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის მიერ უკვე დაწყებული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც მომდევნო სამი წლის მანძილზე მთლიანობაში 200 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა, მათ შორის  აშშ–ს მიერ დაფინანსებული ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში გზების რეაბილიტაციას ამ რეგიონში 102 მლნ აშშ დოლარი მოხმარდება.


მინისტრების მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს და სავაჭრო ბრუნვის ზრდას. გელა ბეჟუაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკულ საკითხებზე საქართველო–სომხეთის ერთობლივი ბიზნეს–ფორუმი უახლოეს პერიოდში ბათუმში გაიმართება.


27 ივნისს საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ასევე ორ ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმებას “ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის და მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ“, რაც მინისტრების თქმით, კრიმინალთან ერთობლივ ბრძოლაში თანამშრომლობის მაგალითია. 


 

Back to top button