ახალი ამბები

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლები გაიზარდა

საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შემოსავლები 2004 წელს დაფიქსირებული 596 მილიონი ლარიდან 2005 წელს 715,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა , რაც ქვეყნის მშპ-ის 6,21%-ს შეადგენს, აცხადებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავის წლიურ მოხსენებაში.


2005 წელს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მთლიანი შემოსავლების 59.4% მობილურ საკომუნიკაციო მომსახურების სეგმენტზე მოდის. ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2004 წელს 63% შეადგინა. შედეგად, მობილური საკომუნიკაციო მომსახურება ამ სექტორის ლიდერია, რომელსაც მოსდევს ფიქსირებული საკომუნიკაციო ოპერატორები 35,2%-ით, ნაცვლად 19%-ისა 2004 წელს და ტელე და რადიო მაუწყებლები 4,43% ნაცვლად 5%-ისა 2004 წელს.


მობილური სატელეფონო ოპერატორი კომპანიების შემოსავლები 70 მილიონი ლარით გაიზარდა და 2005 წელს 425 მილიონ ლარს მიაღწია. მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რიცხვმა პირველად საქართველოში მილიონს გადააჭარბა და 2005 წელს 1 მილიონ 174 ათასი შეადგინა.


ამჟამად, “ჯეოსელი“ და “მაგთი“ ერთადერთი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორი კომპანიები არიან საქართველოში. “აგროტექსმა“, რომელსაც მანამდე არასდროს უმუშავია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, აპრილში 20 მილიონ ლარად მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 2000 მგჰც სიხშირულ ზოლში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია იყიდა. თუმცა, ამ კომპანიის გეგმები ჯერ-ჯერობით უცნობია.


ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორთა შემოსავლების რაოდენობამ 2005 წელს 252 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობამ 544,000-ს მიაღწია. საქართველოში სამი ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორია – საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია (რომელიც ყაზახურმა ბანკმა “ტურანალემმა“ მაისში 90 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა), ახტელი და ახალი ქსელები.


ასევე გაიზარდა ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების შემოსავლებიც და 2005 წელს 19,8 მილიონ ლარი შეადგინა, ნაცვლად 16,2 მილიონი ლარისა, რაც 2004 წელს დაფიქსირდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ასევე იტყობინება საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის თაობაზე: ADSL-ის მომხმარებელთა რიცხვი 3,6-ჯერ გაიზარდა და 15 300-ს მიაღწია, ხოლო Dial-up ტექნოლოგიით ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2005 წელს 40%-ით გაიზარდა  და 178 000 მიაღწია.


ტელე და რადიო კომპანიების მთლიანი შემოსავლები 25,9 მილიონი ლარიდან (2004 წელი) 31,7 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2005 წელს. კომისიის განცხადებით, შემოსავლების ზრდა სარეკლამო ბაზრის განვითარებამ გამოიწვია. სულ საქართველოში 43 ტელეკომპანია (მათგან 7 თბილისშია განთავსებული) და 22 რადიო სადგურია (13 თბილისში).   

Back to top button