ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ცხინვალს სტუმრობდა

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 23 ივნისს თბილისსა და ცხინვალში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მას სურდა “ჰქონოდა პირდაპირი დიალოგი მხარეებთან, რათა შეეთავაზებინა მათთვის ერთობლივი ძალისხმევა მიემართათ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“.


კარელ დე გუხტის ვიზიტს საქართველოში წინ უძღოდა ბრიუსელში 14 ივნისს გამართული დონორთა კონფერენცია, რომლის დროსაც დასავლელმა დონორებმა სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ევრო გამოყვეს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან 22 ივნისს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “ჩემი საქართველოში ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნება საკუთარი თვალით დავინახო ზოგიერთი პროექტის მიმდინარეობა“.


23 ივნისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ცხინვალს ესტუმრა და სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.


მის ვიზიტის დროს, 22-23 ივნისს ცხინვალში ეუთოს ოფისის წინ ოსურ სოფელ ზემო ფრისის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ეუთოს მისიას სოფლის მახლობლად განლაგებული ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომელთაც ეუთოს მისიის მანქანების ბორბლები დააზიანეს, რეგიონალური ოფისის ბლოკირება მოახდინეს.


აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ შეწყვიტეს აქცია, რაც 23 ივნისს პოლიციის საგუშაგო მოხსნეს. შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის მარატ კულახმეტოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მხარემ იმავე დღეს ასევე მოხსნა თავისი პოლიციის საგუშაგო ქართულ სოფელ ავნევთან.  საგუშაგოების მოხსნის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა 22 ივნისს ცხინვალში შეხვედრის დროს მიაღწიეს.


მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილმა და მინძაევმა ვერ მოაწერეს ხელი ოფიციალურ შეთანხმებას, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიესალმა მოლაპარაკებებს და მას “იმედისმომცემი“ უწოდა.


ცხინვალში ვიზიტის დროს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განუცხადა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას, რომ მან იცოდა იმ “არაკონსტრუქციული ქმედებების“ და პროტესტის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ეუთოს მუშაობის ჩაშლას და მოუწოდა სამხრეთ ოსეთის მხარეს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას და უსაფრთხოების ყველა ასპექტს, იტყობინება ეუთოს მისია.


სამხრეთ ოსეთის მხარე ხშირად ადანაშაულებს ეუთოს დამკვირვებლებს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელებაში – ეს ის ბრალდებაა, რაც არაერთხელ გაჟღერებულა რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდანაც.


ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან გამართული მოლაპარაკებების დროს სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა აღნიშნა, რომ ეუთოს დამკვირვებლები “ხშირად მიკერძოებულ ინფორმაციას აწვდიან თავიანთ ხელმძღვანელობას“.


თუმცა, კოკოითი ასევე შეეცადა კონსტრუქციული პოზიცია დაეკავებინა და იმედი გამოთქვა, რომ გუხტის ვიზიტი “ხელს შეუწყობს ეუთოს აქტიურ მონაწილეობას კონფლიქტის მოგვარებაში“.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა დონორთა კონფერენციის მნიშვნელობას კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციისთვის ფონდების მოზიდვის კუთხით.


“ყველა საკითხი, რომელიც ამ კონფერენციაზე იქნა მიღებული, გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის მოგვარებისკენ“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


ცხინვალში ვიზიტის დროს შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა კარელ დე გუხტს მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების თაობაზე.    


ცხინვალში გამართული შეხვედრების შემდეგ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე თბილისში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა.


ეუთოს მისიის ცნობით, ვიზიტის დროს კარელ დე გუხტმა რამდენიმე ინიციატივა დააყენა, რომელიც სამშვიდობო პროცესს წინსვლაში დაეხმარება და რასაც ორივე მხარე კონსტრუქციულად გამოეხმაურა. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კვლავაც განაგრძობს ამ ინიციატივებზე მუშაობას. თუმცა დეტალური ინფორმაცია ამ ინიციატივების თაობაზე არ ვრცელდება.


22 ივნისს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამართულ ხანმოკლე პრესკონფერენციაზე, კარელ დე გუხტს ჰკითხეს მისი ვიზიტის მიზანის თაობაზე, რადგანაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისთვის “უჩვეულო“ იყო, რომ პირადად გაეცნო ვითარებას და პროექტებს ადგილზე.  “მე ბელგიელი ვარ და მინდა ადგილზე გავეცნო სიტუაციას“, – უპასუხა კარელ დე გუხტმა.

Back to top button