
მერაბიშვილის და მინძაევის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირველი შეხვედრა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მიხეილ მინძაევთან რეალური შედეგების გარეშე დასრულდა.
შეხვედრა 22 ივნისს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფორმატში გაიმართა.
გარდა შსკ–ს ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებისა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე როსტოვცევი და ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსლან სიკოევი.
სამხრეთ ოსური მხარის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უარი თქვა ერთობლივი ოქმის ხელმოწერაზე, რომლის ტექსტიც წინასწარ იქნა შეთანხმებული 21 ივნისს საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლების ცხინვალში სამუშაო ვიზიტის დროს.
ოქმის ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სპეციალური საკოორდინაციო ცენტრის აღდგენას.
სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი შსკ-ს მიერ 2001 წელს შეიქმნა. იგი მიზნად ისახავდა ქართველ და ოს სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას და კონფლიქტის ზონაში წესრიგის ერთობლივ დაცვას შერეულ სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციის გზით. თუმცა სპეციალურმა საკოორდინაციო ცენტრმა ვერ გაამართლა.
ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე მოითხოვდა სპეციალური საკოორდინაციო ცენტრისთვის იმ უფლების მინიჭებას, რომ ემუშავა სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ კონფლიქტის ზონაში.
“მაგრამ ქართულ მხარეს დაავიწყდა, რომ ეს არის დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია“, – განაცხადა ჩოჩიევმა.
მისი თქმით, ოქმის ტექსტი ასევე ითვალისწინებდა კონფლიქტის ზონაში არსებული ყველა პოლიციური საგუშაგოს მონიტორინგს 10 ივლისამდე და კრძალავდა შსკ-სთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ცალმხრივად საგუშაგოების გახსნას.
ივნისის შუა რიცხვებში ქართულმა მხარემ თავისი პოლიციის საგუშაგო ოსურ სოფელ ზემო ფრისის მახლობლად გადაადგილა და კონფლიქტის ზონაში პოლიციის რამდენიმე ოპერაციაც განახორციელა, რასაც რუსი სამშვიდობოების და სამხრეთ ოსური მხარის პროტესტი მოყვა.
“როგორც ჩანს, ქართული მხარე არ იყო მზად ხელის მოსაწერად [ოქმზე]“, – განაცხადა მინძაევმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის მაინც კმაყოფილია, რომ შეხვედრა შედგა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დოკუმენტი მიუღებელი იყო.
“ოქმში აბსოლუტურად გაუგებარი ფრაზები ეწერა. მათ [სამხრეთ ოსეთის მხარეს] უნდოდათ მოვალეობის მოხდის მიზნით დაეფიქსირებინათ, რომ თითქოს ორმა თანასწორუფლებიანმა მინისტრმა მოაწერა ხელი დოკუმენტს და თითქოს კიდევ ერთხელ მოხდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ასეთ ზღაპრებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის არის მთავარი, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქნას დაცული და იყოს კონკრეტული ადამიანი [სამხრეთ ოსეთის მხრიდან], ვინც ამაზე პასუხს აგებს. მათ გვითხრეს, რომ ისინი ამ საკითხს დე ფაქტო პრეზიდენტთან შეათანხმებდნენ. ჩემი შეკითხვა იყო, რომელ პრეზიდენტს გულისხმობდნენ, იმიტომ რომ ცხინვალის შემოსასვლელში იყო პლაკატი “პუტინი ჩვენი პრეზიდენტია“ და ვუთხარი, რომ მე ძალიან გამიხარდება, თუ ისინი ამ საქმეს პუტინთან შეათანხმებდნენ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მოლაპარაკებების შემდეგ მერაბიშვილმა ასევე მოინახულა კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფლები და მოინახულა ის ადგილიც, სადაც ოსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გვერდის ავლით ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელი გზა შენდება.
სამხრეთ ოსეთის მხარეც აშენებს ახალ გზას ოსურ სოფელ ზარის გავლით, რომელიც ცხინვალს თვითგამოცხადებული რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილს და როკის გვირაბს ქართული სოფლების გვერდის ავლით დაუკავშირებს .