
სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან აგრარული სექტორის წახალისებაზე საუბრობს
დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის გადასამუშავებელ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადები არ გაუქმდება, რათა ადგილობრივი აგრარული სექტორი არ დაზარალდეს. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს მთავარის ტრატეგია სოფლის მეურნეობაში სოციალური ამოცანის გადაწყვეტაა, “რადგან მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს სოფლად“.
“მე კატეგორიულად ავუკრძალე სოფლის მეურნეობის დარგში საბაჟო გადასახადების გაუქმება ამ ეტაპზე… იმიტომ, რომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ადგილზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების სტიმული“, – განაცხადა 22 ივნისს პრეზიდენტმა კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
საბაჟო გადასახადის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში სწორედ იმის გამო იყო შეჩერებული, რომ დეპუტატების ნაწილი ყველა სახის იმპორტირებულ პროდუქციაზე უჭერდა მხარს ნულოვანი განაკვეთის დაწესებას, მაშინ როცა ნაწილი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (5 ან 12%–იანი) გადასახადის შენარჩუნების მომხრე იყო.
დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა კიდევ ერთი ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელიც საგადასახადო კოდექსში იმ ცვლილების შეტანას ეხება, რომლითაც რეინვესტირება მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება.
“ყველაფერი ის, რისი რეინვესტირებაც ხდება წარმოებაში, თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან. ძირითადად ეს არის ამორტიზაცია, ძირითადი ფონდები – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ იყოს მეტი სტიმული, მეტი ხალხი დასაქმდეს, მეტი პროდუქცია გამოვუშვათ, მეტი პერსპექტივა გაჩნდეს“, – განუცხადა დღეს პრეზიდენტმა მეწარმეებს.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია ორჯერ გაიზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა და შეიქმნას აგროინდუსტრიული კომპლექსი. ამ მიზნით 2007 წლისათვის ხელისუფლება 100 მლნ დოლარზე მეტ სახელმწიფო ინვესტიციების ჩადებას გეგმავს აგრარულ სექტორში, რასაც ასევე დაემატება პრივატიზაციიდან შემოსული თანხების ნაწილიც.
“დღეს ქვეყანაში არის ცუდი მდგომარეობა. საქართველოში ჯერ კიდევ არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის დეფიციტი შიდა ბაზარზეც კი. საქართველო, რომელიც არის აგრარული ქვეყანა თავისი ბუნებით, იმის მაგივრად, რომ იყოს დიდი ექსპორტიორი, ჯერ კიდევ არის იმპორტიორი სოფლის მეურნეობის მთელ რიგ სფეროებში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2005–2006 წლებში დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა, რადგან მთელი რიგი ახალი გადამამუშავებელი წარმოები გაიხსნა და ამუშავდა.