skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ნატოზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე

ტელეკომპანია “იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 18 ივნისს გადაიცა გადაცემა “დრობაში”, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პრიორიტეტი მისი ტერიტორიული მთლიანობაა და ყველაფერი დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია.


კითხვაზე, რა მოხდება თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას მისცემს ნატოს წევრობის ამბიციების სანაცვლოდ, სააკაშვილმა უპასუხა:  


“ჩვენი მთავარი პრობლემა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვეუბნებით რუსეთს: მეგობრებო, თუ თქვენ ამ პრობლემას ჩვენთან ერთად მოაგვარებთ, გარწმუნებთ, რომ ყველა სხვა საკითხი არის ათჯერ და ასჯერ ნაკლებ მნიშვნელოვანი… თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება რუსეთის დახმარებით, რა თქმა უნდა, მერე ამ საკითხს დავუბრუნდებით. ყველა შემთხვევაში ვიქნებით ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენი ფასეულობებით ვართ მისი ნაწილი. კონკრეტულად რა ფორმებს მიიღებს ყველა ჩვენი შემდგომი ნაბიჯი და ჩვენი [ნატო-საქართველოს] თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ რეალობაზე. საქართველოს სტრატეგიული კურსი არ შეიცვლება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი დანარჩენი ამ კურსში, გარდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის კეთილდღეობისა, არ არის დომინანტური; ყველაფერი დანარჩენი არის მეორე, მესამე, მეასე ხარისხოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის “შეუქცევადი პროცესი“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა “საქართველოს დაუყონებლივ წევრობას“ ემხრობიან, არის “ორი ან სამი ნატოს წევრი სახელმწიფო“, რომლებიც თავს იკავებენ.


“ამრიგად, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ამ ქვეყნებთან“, – განაცხადა მან.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ უნდა წუხდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გამო.


“ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები არ გეგმავენ თავიანთი ძალების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე… ჩვენ ვქმნით ჩვენს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ყოფნა ევროატლანტიკურ სივრცეში ბუნებრივი პროცესია, “რადგანაც საქართველო სჭირდება დანარჩენ მსოფლიოს“.


მისი თქმით, ქართველები ყოველთვის თამაშობნენ მნიშვნელოვან როლს მსოფლიო უსაფრთხოებაში. “ყველასთვის ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ ერაყს ქართველი მამლუქები მართავდნენ და ერაყის სახელმწიფოებრიობა ქართველებმა შექმნეს და ახლაც ქართული ჯარები ერაყშია განლაგებული [სამშვიდობო მისიის ფარგლებში]“, – დასძინა სააკაშვილმა.


შეხვედრა პუტინთან


“დროებაში” გასულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ისაუბრა 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ “მოლაპარაკებები ძალიანი რთული იყო“.


მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ამ შეხვედრისა იყო ის, რომ “ჩვენ განვაახლეთ დიალოგი“.


“მეორე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ მთელმა მსოფლიომ და ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც დაინახეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის დაიცავს თავის ღირსებას და ინტერესებს“, – დასძინა სააკაშვილმა.


მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკებების დროს იგი “ძალიან კომფორტულად“ გრძობდა თავს.


სააკაშვილის თქმით, ეს შეხვედრა იყო რუსეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, “ორმხრივი კონსულტაციების“ შედეგი.


“ამერიკელებს ამ შეხვედრის ორგანიზებაში წვლილი არ მიუძღვით“, – აღნიშნა მან.


მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო “ძალ-ღონეს არ დაიშურებს“, რომ ჰქონდეს უწყვეტი დიალოგი რუსეთთან, რადგანაც ეს “ძალიან მნიშვნელოვანია“ საქართველოსთვის.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს ჰქონდეს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ახლო მეგობრული ურთიერთობები რუსეთთან.


რუსი სამშვიდობოები/დსთ


სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დროს განხილულ იქნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონეში განლაგებული რუსი სამშვიდობოების საკითხი.


მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების ბედი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოზეა დამოკიდებული და ამისათვის არ არის საჭირო ორმხრივი – რუსულ-ქართული გადაწყვეტილება.


თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარებისას სიფრთხილე და თავშეკავება უნდა გამოიჩინონ.


საქართველოს პარლამენტი ივლისის შუა რიცხვებისთვის გადაწყვეტს მოითხოვოს თუ არა რუსი სამშვიდობოების გაყვანა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან.


“ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები და რა იქნება რეალობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომაა საჭირო საქართველოს დსთ-ში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აქტიურ კონსულტაციებს მართავს დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან, რათა თავიდან აიცილოს პრობლემები ორმხრივ ურთიერთობებში იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ორგანიზაციას დატოვებს.


“ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი ძალიან პრაგმატულია. თუ იქნება რაიმე დადებითი ჩვენთვის ამ სივრცეში [დსთ-ში], ჩვენ შევინარჩუნებთ მათ [დადებით ასპექტებს]; მაგრამ არ ვაპირებთ მოვიტყუოთ საკუთარი თავი და საკუთარი მოსახლეობა ამ ორგანიზაციაში ფორმალური ყოფნით, რაც არაფერს გვაძლევს“, – განაცხადა სააკაშვილმა.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button