ახალი ამბები

თბილისი უკმაყოფილოა მოსკოვის გადაწყვეტილებით დონორთა გვერდის ავლით დააფინანსოს ცხინვალის რეგიონი

ბრიუსელში გამართულმა დონორთა კონფერენციამ, რომელიც სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის ფონდების მოზიდვას ისახავდა მიზნად, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რუსეთის  ამბიცია, რომ ეს საკითხი ცალკე, საერთაშორისო მონაწილეობის გარეშე მოაგვაროს.


დონორთა პირველი კონფერენცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის თაობაზე ბრიუსელში 14 ივნისს ეუთოს ორგანიზებით გაიმართა.


დასავლელი დონორები შეთანხმდნენ 7,9 მილიონი ევრო გამოყონ იმ სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომლებსაც საფუძვლად დაედო 2005-2006 წლებში საერთაშორისო, ქართველი და სამხრეთ ოსი ექსპერტების მიერ განხორციელებული საჭიროებათა შეფასება.    


კონფერენციაზე გამოსვლისას  პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის დონორთა ანალოგიურად კიდევ დამატებით 8 მილიონი ევრო გამოყოს.


დასავლელი დონორების მიერ გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: ევროკომისია (2 მილიონი ევრო), ამერიკის შეერთებული შტატები (2 მილიონი დოლარი), შვედეთი (1 მილიონი ევრო), ბელგია (1 მილიონი ევრო), გერმანია (500 000 ევრო), ნიდერლანდები (500 000 ევრო), ნორვეგია (250 000 ევრო), ესპანეთი (200 000 ევრო) და ფინეთი (200 000 ევრო). ესტონეთი, თურქეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, გაერთიანებული სამეფო, ლიტვა, იტალია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატია, პოლონეთი და ანდორა თითოეული 150 000 ევროს გამოყოფს.


ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის მზად არის წინადადებათა ანალოგიურ პაკეტს 2007 წელსაც დაუჭიროს მხარი იმ პირობით, რომ პროექტების განხორციელება წარმატებულად წარიმართება. 


რუსეთმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მოსკოვი განიხილავს 100 მილიონი რუბლის გამოყოფის საკითხს, რაც დაახლოებით 3 მილიონ ევროს შეადგენს, “რათა დამატებითი დახმარება აღმოუჩინოს სამხრეთ ოსეთს“.  

“ამ თანხის ნაწილი შესაძლოა მოხმარდეს გარკვეული პროექტების განხორციელებას ეუთოსთან შეთანხმებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველომ უკვე დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება და მას “ცალმხრივი და არაგამჭვირვალე“ უწოდა.


“რუსეთის მხარის პოზიცია, იმოქმედონ ცალმხრივად და არატრანსპარენტულად,  დონორებისა და საქართველოს გვერდის ავლით, არანაირად არ შეუწყობს ხელს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, პოლიტიკური მოწესრიგებისაკენ მიმართულ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, “კონფერენციის ზოგიერთი მონაწილის კრიტიკა გამოიწვია რუსეთის ფედერაციის საქართველოსთან შეუთანხმებელმა, ცალმხრივმა თანამშრომლობამ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან“. 


ბრიუსელის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის განზრახვა მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი და რეგიონის ეკონომიკურ რეაბილიტაციას შეუწყოს ხელი. თუმცა, სამხრეთ ოსეთის მხარემ, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე, ეჭვი გამოთქვა თბილისის მიერ ამ ვალდებულებების შესრულებაზე და აღნიშნა ცხინვალის სურვილი ახლო ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან.


“ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ გავიზიაროთ აღმშენებლობა, მაგრამ არა საქართველოსი, არამედ რუსეთის ფედერაციის –  რადგანაც ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს საქართველოსთან, [ახლა] არ გვაქვს და არც გვექნება [მომავალში]“, – განუცხადა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა რადიო “თავისუფლებას“.  


 

Back to top button