ახალი ამბები

ოპოზიცია დასავლეთს არჩევნების წინ მთავრობაზე ზეწოლას სთხოვს

ოპოზიციამ საერთაშორისო მცდელობებს მიმართა, რათა დაარწმუნოს ხელისუფლება შეცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა. 


ამ მიზნით ოთხი ოპოზიციური პარტიის – ახალი მემარჯვენეების, ლებორისტული პარტიის, რესპუბლიკელების და კონსერვატორების – ლიდერები უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებს მართავენ. 8 ივნისს მათ პირველი ასეთი შეხვედრა ამერიკის ელჩთან საქართველოში ჯონ ტეფტთან გამართეს.


ოპოზიციის მთავარი შეშფოთების საგანია საარჩევნო სისტემა, არსებული საარჩევნო ადმინისტრაციები, რომელთაც, ოპოზიციის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს და გაურკვევლობა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.   


“ჩვენ ვთხოვეთ ელჩს აცნოს თავის მთავრობას ჩვენი პრეტენზიების თაობაზე და ასევე უკეთესად აუხსნას ჩვენს მთავრობას ჩვენი არგუმენტების თაობაზე“, – განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.


“მოახლოებული არჩევნები ეს არ არის მხოლოდ საკრებულოს არჩევნები, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში და გვინდა, რომ ის ჩატარდეს ცივილიზებული ფორმით“ – დასძინა მან.


ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ორსაათიანი შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა ზოგიერთი მათგანი იმედგაცრუებული ჩანდა აშშ-ს ოფიციალური პირების “პასიური“ პოზიციის გამო და მოუწოდეს მათ დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება გადადგან ნაბიჯები “უფრო დემოკრატიული“ საარჩევნო სისტემის შესაქმნელად.


“მე განვაცხადე გუშინ [აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე], რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ალაპარაკდეს [საქართველოში არსებული პრობლემების წინააღმდეგ] და მხარი უნდა დაუჭიროს არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“, – განუცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ რადიო თავისუფლების თბილისს ოფისს 9 ივნისს.


მისი თქმით, თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, “ამან შესაძლოა ძალიან სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს“.


გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ელჩმა დაარწმუნა ის, რომ ვაშინგტონი განიხილავს მომავალ არჩევნებს, როგორც დემოკრატიის გამოცდას საქართველოს ხელისუფლებისთვის.


“თუ ეს გამოცდა წარუმატებელი იქნება, აშშ გადახედავს თავის პოზიციას საქართველოს ახლანდელი მთავრობის მიმართ, თუმცა არა თავად ქვეყნის მიმართ“, – დასძინა მან.


გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელშიც მიესალმებიან დემოკრატიას და რეფორმებს საქართველოში, “ცოტათი არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ რეალობას“. 


“მე პირდაპირ ვუთხარი აშშ-ს ელჩს, რომ პროამერიკული პოზიცია რადიკალურად იკლებს საქართველოს საზოგადოებაში… რაც შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ეჩვევა იმ იდეას, რომ არანაირი დემოკრატიული ღირებულებები საჭირო არ არის და უმჯობესია მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება რუსეთისგან. როგორც ჩანს, [აშშ-ს] საელჩო გარკვეულწილად პასიურობას იჩენს“, – განაცხადა გამყრელიძემ.


მოთხოვნას არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე სხვა ოპოზიციური პარტიების იზიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ პარტია საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამჯობინებს გაემიჯნოს დანარჩენ ოპოზიციონერ ლიდერებს, 8 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის შეცლაა საჭირო. მან ასევე განაცხადა, რომ იგი შეხვედრების გამართვას გეგმავს თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებთან, რათა თავისი პოზიციის შესახებ აცნობოს მათ.


ოპოზიციონერი პარლამენტარები ახალი მემარჯვანეების, რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიებიდან უკვე ორ თვეზე მეტია პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. ერთ-ერთი მათი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაა. თუმცა, ბოიკოტს რაიმე ხელსაყრელი შედეგები ჯერ არ მოუტანია. 

მსგავსი/Related

Back to top button