ახალი ამბები

ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების წინ ტაქტიკაზე მსჯელობს

ადგილობრივ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი გაერთიანებისკენ მოუწოდებს, მაშინ როცა სხვები ბოიკოტის პოლიტიკას ამჯობინებენ; ნაწილს კი ამ ორი ვარიანტიდან არცერთი არ ეჩვენება მიმზიდველად.


თბილისი, სადაც მთელი საქართველოს ამომრჩეველთა ერთი მესამედი ცხოვრობს, სავარაუდოდ, ნოემბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის მთავარი სამიზნე გახდება. არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. 


ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა ღიად, რომ თბილისის მერობა სურთ: საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის საქართველოს გზა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატურას, თბილისის მოქმედ მერს გიგი უგულავას დაუპირისპირდებიან.


ოპოზიციონერ ლიდერთა უმეტესობა აცხადებს, რომ არსებული კანონის გამო, ერთადერთი შანსი არჩევნებში წარმატების მიღწევისა არის გაერთიანება და საარჩევნო კოალიციის შექმნა.


თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, თბილისის მერს საკრებულო ირჩევს, სადაც 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით ოლქების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ, დარჩენილ 12 ადგილს კი ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ.


რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, პარტიამ საერთო ხმების სულ ცოტა 1/3 უნდა მოიპოვოს, რათა თავისი კანდიდატი საკრებულოში გაიყვანოს. თბილისის ათიდან ხუთი საარჩევნო ოლქი იქნება სამმანდატიანი, დანარჩენი ხუთი კი ორმანდატიანი. 


37 წევრიანი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს დედაქალაქის მერს. ამ პოსტის დასაკავებლად საკრებულოში სულ ცოტა ხმების 2/3–ის მიღებაა საჭირო.


“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ოპოზიციის გაერთიანება და ამის მიზეზია არსებული კანონი, რომელიც ოპოზიციის კანდიდატებს გამარჯვების საშუალებას მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში მისცემს“, – განაცხადა 2 ივნისს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რე-აქციაში“ საუბრისას.


მისი თქმით, ოპოზიციისთვის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს – ან გაერთიანება და ერთიანი კანდიდატურის დასახელება, ან გაერთიანება და ერთობლივად არჩევნების ბოიკოტირება, რათა აიძულონ ხელისუფლება შეცვალონ არსებული სისტემა.


“არსებობს ორი ძირითადი პრინციპი, რომლებიც ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.


მისი თქმით, იგი მზად არის არ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, თუ ზურაბიშვილი დათანხმდება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანებას.


ახალი მემარჯვენეების პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისას პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე ასევე გამოეხმაურა დავითაშვილის წინადადებას და განაცხადა, რომ ახალი მემარჯვენეები მზად არიან თბილისის მერობის იმ კანდიდატურას დაუჭირონ მხარი, რომელსაც ოპოზიცია ერთობლივად დაასახელებს. 


“მზად ვართ უარი ვთქვათ ჩვენს პარტიულ, პირად ამბიციებზე და არ დავაყენოთ თბილისის არჩევნებში საკუთარი პარტიული კანდიდატურა, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციის ერთიან კანდიდატურას, თუ ოპოზიცია მოახერხებს ამაზე შეთანხმებას. ეს არის ჩვენი წინადადება და იმედი მაქვს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამენ“, – განაცხადა 3 ივნისს დავით გამყრელიძემ.


თუმცა, სალომე ზურაბიშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ამ ე.წ. “მექანიკური“ გაერთიანების წინააღმდეგია და უპირატესობას საკითხებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ანიჭებს.


“როდესაც საუბარია გაერთიანებაზე, რაც ოპოზიციონერი ლიდერების ინიციატივით ხდება, არავინ მეკითხება ჩემი პარტიის პლატფორმის შესახებ, ან ჩემი პოზიციის და აზრების [პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე] შესახებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 2 ივნისს.


მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს თბილისის მერის არჩევნებში “მტკიცეა“.


“მე არ ვარ ის პირი, რომელიც ასე ადვილად ცვლის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკურ თოქშოუში.


ზურაბიშვილმა მაისში განაცხადა, რომ იგი არ მიიჩნევს, რომ “პირდაპირი არჩევნები მაინცდამაინც დემოკრატიის ნიშანი იყოს“. ეს პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებულია დანარჩენი ოპოზიციის მოსაზრებისაგან.


ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც აპრილში ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა, ამავე პოზიციაზე დგას.


“ვფიქრობ, ბევრად უკეთესი იქნება ხალხისთვის გავიდნენ და საპროტესტო აქცია მოაწყონ რუსთაველზე, რათა თავი დააღწიონ სააკაშვილს რეჟიმს, ვიდრე ნოემბერში საარჩევნო უბნებზე მივიდნენ“, – განაცხადა ნათელაშვილმა 3 ივნისს.


ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის მოწოდებას ბოიკოტის თაობაზე ყურადღების მიღმა ტოვებს.


“არა მგონია, რომ ყველა ოპოზიციური ძალა შეუერთდება მოწოდებებს ბოიკოტის თაობაზე“, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან 2 ივნისს.


რესპუბლიკური პარტია ასევე უჭერს მხარს ახლო თანამშრომლობას ოპოზიციურ პარტიებს შორის.


“საუბარი კანდიდატებზე ჩვენი პოზიციის შესახებ ჯერ ნაადრევია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად არახელსაყრელი პირობებისა [საარჩევნო სისტემის], მაინც ღირს ამ არჩევნებში ბრძოლა“, – განუცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 3 ივნისს.

მსგავსი/Related

Back to top button