ახალი ამბები

გამყრელიძე მერის ერთიანი კანდიდატურის მომხრეა

დღეს ახალი მემარჯვენეების პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისას პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ “თანამშრომლობის ხელი გაუწოდა” ოპოზიციას შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და განაცხდა, რომ ახალი მემარჯვენეები მზად არიან თბილისის მერობის იმ კანდიდატურას დაუჭირონ მხარი, რომელსაც ოპოზიცია ერთობლივად დაასახელებს. 


“მზად ვართ უარი ვთქვათ ჩვენს პარტიულ, პირად ამბიციებზე და არ დავაყენოთ თბილისის არჩევნებში საკუთარი პარტიული კანდიდატურა, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციის ერთიან კანდიდატურას, თუ ოპოზიცია მოახერხებს ამაზე შეთანხმებას. ეს არის ჩვენი წინადადება და იმედი მაქვს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამენ“, – განაცხადა 3 ივნისს დავით გამყრელიძემ.


ამჟამად თბილისის მერობის სამი შესაძლო კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. ესენი არიან: საქართველოს გზის ლიდერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი და მმართველი პარტიის მიერ დასახელებული, თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა.


თუმცა 2 ივნისს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რე-აქციაში“ საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის არ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, თუ ზურაბიშვილი დათანხმდება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანებას.


თუმცა სალომე ზურაბიშვილი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს დანარჩენ ოპოზიციასთან მჭირდო თანამშრომლობაზე განცხადებების გაკეთებისაგან. მისი თქმით, კოალიციურ ურთიერთობებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მხოლოდ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება შედგეს.


ჯერ-ჯერობით მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ მრეწველებს, რომლებიც ამის შესახებ, სავადაუდოდ, დღევანდელ პარტიულ შეკრებაზე იმსჯელებენ.

საქართველოში ქალაქის მერები პირდაპირი წესით არ ირჩევიან.

თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, თბილისის მერს საკრებულო ირჩევს, სადაც 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით ოლქების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ, დარჩენილ 12 ადგილს კი ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ. 37 წევრიანი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს შემდეგ დედაქალაქის მერს. ამ პოსტის დასაკავებლად საკრებულოში სულ ცოტა ხმების 2/3–ის მიღებაა საჭირო.

მსგავსი/Related

Back to top button