
კონფლიქტის ზონაში სამოქალაქო პირების დაკავების მოტივი გაურკვეველია
ქართველი სამართალდამცავების მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ათობით ოსი სამოქალაქო პირის დაკავებამ, რაზეც საქართველოს ძალოვან უწყებებს ჯერ–ჯერობით განმარტება არ გაუკეთებიათ, რეგიონში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია გააუარესა.
სამხრეთ ოსური მხარის მტკიცებით, ქართველმა სამართალდამცავებმა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა, 27 მაისს განახორციელეს ოსი ეროვნების ადამიანთა დაკავება სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ტრანსკავკასიური მაგისტრალის კეხვი–თამარაშენის მონაკვეთზე და ოსურ სოფელ ხელჩუაში. დაკავებულები გორის პოლიციაში გადაიყვანეს, იტყობინებოდა სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი. ამავე წყაროს ცნობით დაკავებულთა შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც დაკავებიდან ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
სხვადასხვა წყაროები დაკავებულთა რაოდენობას 40–დან 60–მდე ასახელებდნენ.
“დღეს [28 მაისს] ღამის ორ საათზე 41 მამაკაცი გაათავისუფლეს. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ გორის პოლიციაში მათ ემუქრებოდნენ, რომ ანალოგიური დაჭერები მომავალშიც გაგრძელდებაო”, – განუცხადა კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა სააგენტო “ინტერფაქს“ 28 მაისს.
ქართული წყაროების ცნობით დაკავებათა სერიას წინ უძღოდა ოსი სამშვიდობოების მიერ რვა ქართველის დაკავება სოფელ აჩაბეთთან. ყველა დაკავებული მალევე გაანთავისუფლეს. თუმცა არც ეს არის ჯერ ცნობილი რამდენად იყო ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში.
ცხინვალის მტკიცებით, სულ ცოტა 25 დაკავებული სასტიკად იყო ნაცემი. ქართულმა ტელეარხებმა ცხინვალში რამოდენიმე მათგანთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ქართველი სამართალდამცავები მათ სცემდნენ. რესპონდენტებს სახეზე დაზიანებები ეტყობოდათ.
საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 28 მაისს განაცხადა, რომ იგი შეისწავლის ინციდენტს და დასძინა: “თუ დადასტურდა ის, რასაც დაკავებულები აცხადებდნენ, მაშინ პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ”.
ამასობაში, ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ოსმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა რამოდენიმე ქართველი მამაკაცი დააკავეს და სასტიკად სცემეს. დაკავებულები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ ოსი მამაკაცების გაშვება დაიწყო.
ქართველ სამართალდამცავებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვა მომხდართან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედს“ 28 მაისს განუცხადა, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ადამიანები ჩრდილოეთ ოსეთიდან მოდიოდნენ და მათ არ გააჩნდათ საქართველოს ვიზები, რაც კანონის დარღვევაა.
მოგვიანებით, იმავე დღეს ხაინდრავამ განაცხადა, რომ იგი 29 მაისს ცხინვალში გაემგზავრება, რათა ადგილზე შეისწავლოს, თუ რა მოხდა კონფლიქტის ზონაში 27 მაისს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხაილ მინძაევმა მომხდარს “ვანდალური აქტი“ უწოდა.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა კი განაცხადა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართული მხარის რეალურ ზრახვებზე. “მომხდარი ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს რეალურად ოქრუაშვილი და მისთანები მართავენ”, – განუცხადა ჩოჩიევმა ჟურნალისტებს.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოთმა ასევე დაგმო 27 მაისის ინციდენტი და მას დესტაბილიზაციისკენ გამიზნული ნაბიჯი უწოდა.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ხელში არ ჩაუვარდეთ ქართულ ქვედანაყოფებს, რომლებიც აქ არაკანონიერად მოქმედებენ. ეს დავალება ეხება ყველას: დააკავეთ ყველა, ვინც იმყოფება კონფლიქტის ზონაში მანდატის გარეშე, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ადგილზე გაანადგურეთ ისინი. ჩვენ ომი არ გვჭირდება, ეს სჭირდება სააკაშვილს, ოქრუაშვილს და მისთანებს, რადგან მათ ამოწურეს თავიანთი თავი, როგორც პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, გადაკიდონ ოსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს და სისხლზე დამყარებული პოლიტიკა აწარმოონ“, – განაცხადა კოკოითმა.