
თბილისი სერგეი ივანოვის განცხადებებს ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიესალმება მოსკოვის მიერ საქართველოსთან საზღვარზე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების განლაგებას, “თუ ასეთი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საზღვრის დაცვის გაძლიერებას“.
“მას შეიძლება მივესალმოთ კიდეც, ვინაიდან საქართველო შესაძლოა უფრო დაცული გახდეს ჩრდილოეთ კავკასიიდან შეიარაღებული პირების შემოღწევისა და შემდგომი ბრალდებებისაგან, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან “ბოევიკები“–, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებების საპასუხოდ გაკეთდა.
სერგეი ივანოვმა 18 მაისს “კომსომოლსკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კასპიიდან შავ ზღვამდე რუსეთი საგრძნობლად აძლიერებს საზღვარს, რადგანაც “ჩვენ ვერ ვგრძნობთ თავს საკმარისად წყნარად. ტერორისტები მოძრაობენ და ამას ღიად აღიარებენ ჩვენი მოსაზღვრე მეზობლები“.
ივანოვის განცხადებით, 2000 წლიდან ჩეჩნეთში 50–მდე ქვეყნის მოქალაქე იქნა განადგურებული, რომლებიც “ჩვენთან “მეგობრული“ საქართველოდან მოხვდნენ… ორდღიანი ქართული ტურისტული ვიზებით“.
ამ განცხადებების საპასუხოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთთან საზღვრის გაძლიერების საქმეში ითანამშრომლოს, რასაც წინ უნდა უსწრებდეს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის “გაჭიანურებული პროცესის დროულად დასრულება“.
“ვთვლით, რომ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ოსეთის უკონტროლო მონაკვეთების დაცვის გაძლიერება და ურთიერთშეთანხმებული რეჟიმის დაწესება, რადგან სწორედ ამ მონაკვეთებზე ხდება შეიარაღებული პირების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლა, რაც იწვევს კონფლიქტური რეგიონების მილიტარიზაციას“, – ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.
საგარეო უწყება ასევე ეხმაურება სერგეი ივანოვის იმ განცხადებასაც, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ძალისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში რუსი სამშვიდობოების შესაძლო მოქმედებებს ეხება. “სამშვიდობოები შეასრულებენ თავიანთ მანდატს ხისტად, გასაგებად, განსაზღვრულად და არაორაზროვნად“, – აცხადებს ივანოვი ინტერვიუში და აქვე დასძენს, რომ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მოსახლეობის 90% რუსეთის მოქალაქეა.
ამ სახის გახშირებული განცხადებები, თბილისის აზრით, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ რუსეთი აგრძელებს პოლიტიკას, რომელიც “არ შეესაბამება მისი, როგორც შუამავლის სტატუსს და რუსეთის ფედერაცია ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება კონფლიქტში მონაწილე მხარედ“.
საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ სამშვიდობოების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის საკითხის გადაწყვეტა თბილისის სუვერენული უფლებაა. “მათ მიმართ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს სამინისტრო.