
საპარლამენტო კომიტეტები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ საარჩევნო პროცედურების დახვეწას ისახავს მიზნად.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის ინიცირებით მიმდინარე კვირაში შევიდა პარლამენტში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცსკ) და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მომზადდა და საარჩევნო სიებისა და კენჭისყრის პროცედურების სრულყოფის საკითხებს შეეხება.
კანონპროექტს პარლამენტი 23–25 მაისის პლენარულ სხდომებზე პირველი მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით, არჩევნებზე სამი სახის სია იმოქმედებს: ერთიანი, სპეციალური და დანართი სიები. სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნებამდე 10 დღით ადრე წყდება. მანამდე კი, არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, ცსკ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და ოლქების მიხედვით მათ რაოდენობას საჯაროდ აქვეყნებს სიების შემდგომი სრულყოფის მიზნით. სიების შედგენის ერთ–ერთი საფუძველი კვლავ ამომრჩეველთა რეგისტრაციაა.
კანონპროექტში ასევე დეტალურად არის გაწერილი კენჭისყრის პროცედურის თითოეული ფაზა, მათ შორის მარკირების პროცედურა, ასევე პარტია/ბლოკების რეგისტრაციისა ან მათი რეგისტრაციაზე უარის თქმის ვადები. ცვლილებებით, საარჩევნო ბლოკების შექმნა და პარტიების ამ გაერთიანებიდან გასვლა არჩევნებამდე 20 დღით ადრე უნდა დასრულდეს.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, “საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა“.