
თბილისის აფხაზური სტრატეგიის ახალი დეტალები
სამოქმედო გეგმები
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მოამზადა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ წინადადებები, რომელიც მას შემდეგ გახდება საჯარო, რაც თბილისი 22–25 მაისს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლებს.
“აქამდე ჩვენ ეტაპობრივი მიდგომა გვქონდა კონფლიქტების მოგვარების მიმართ. პირველი ეტაპი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირების მიმართულება იყო, თუმცა ამიერიდან ჩვენ აფხაზეთთან დაკავშირებითაც ასეთივე ხმამაღალი, საქმიანი განცხადებების გაკეთებას ვაპირებთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 15 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ბიუროს წევრმა პარლამენტარებმა 15 მაისს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის და ამავდროულად ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას ანგარიში მოისმინეს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით.
ალასანიას განცხადებით, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უშიშროების საბჭოსთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მომზადდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ორი დოკუმენტი.
ერთი დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის სამშვიდობო სტრატეგია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე – საქართველოს მთავრობის სახელმძღვანელო გეგმაა და განკუთვნილია საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის წარსადგენად.
მეორე დოკუმენტი კი, ალასანიას განცხადებით, არის სამშვიდობო გეგმის ქართული წინადადებები – ე.წ საგზაო რუკა, რომელიც გადაეცემა აფხაზურ მხარეს.
15 მაისს ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ქართულ მხარეს უკვე გადმოსცა ის სამშვიდობო წინადადებები, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ მაისის დასაწყისში გამოაქვეყნა.
“ჩვენის მხრივ, ერთი კვირაში გადავცემთ აფხაზურ მხარეს სამშვიდობო გეგმას და მას შემდეგ, რაც ისინი გაეცნობიან ჩვენს წინადადებებს, დახურულ რეჟიმში დაიწყება ორივე [აფხაზური და ქართული] გეგმის განხილვა და მხოლოდ მათი შეჯერების შემდეგ გახდება ერთობლივი გეგმა ცნობილი ფართო საზოგადოებრიობისათვის“, – განუცხადა ირაკლი ალასანიამ დეპუტატებს.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი პრიორიტეტების მიხედვით დეტალურ ფაზებად იქნება გაწერილი, სადაც დევნილთა დაბრუნების საკითხი “ცენტრალურ ადგილს“ დაიკავებს. გეგმაში ასახული იქნება ასევე ნდობის აღდგენისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური რეაბილიტაციისა და პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტის საკითხები, სავარაუდოდ, ასეთივე თანმიმდევრობით.
“ეს გეგმა არ იქნება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საგზაო რუკის იდენტური, რადგან აფხაზეთის კონფლიქტს თავისი სპეციფიკა აქვს. თუმცა მათ შორის მსგავსება გარკვეულ საკითხებში, რა თქმა უნდა, იქნება“, – განაცხადა ალასანიამ.
მთავრობამ უკვე წარუდგინა სამშვიდობო გეგმის სამუშაო ვერსია პარლამენტს, თუმცა ჯერ–ჯერობით ხელისუფლება მის დეტალებს არ ახმაურებს. საბოლოოდ შეჯერებულ ვარიანტს პარლამენტს მთავრობა 22–25 მაისს გაეროს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა მაღალი დონის ვიზიტის შედეგებიდან გამომდინარე შესწორებულს გადაუგზავნის.
“ეს დოკუმენტი ღია გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მოიწონებს“, – დასძენს ალასანია.
სავარაუდოდ, პარლამენტი სამშვიდობო გეგმას 6–9 ივნისის პლენარულ სხდომებზე განიხილავს შესაბამისი პროცედურული, საკომიტეტო მოსმენების გავლის შემდეგ.
კეთდება მინიშნებების იმის თაობაზეც, რომ სამშვიდობო გეგმის განხილვას დსთ–დან საქართველოს შესაძლო გამოსვლის საკითხის განხილვა დაემთხვევა. დსთ–ს თემას კი პირდაპირ უკავშირდება აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის არსებული ფორმატის ბედი. კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტი დსთ–ს ეგიდით მოღვაწეობს და საქართველოს დსთ–დან გამოსვლის შემთხვევაში მათ სამართლებრივი საფუძველი ეცლებათ.
ამასთან, ახლოვდება რუსული სამშვიდობო ძალების აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის საკითხის განხილვა პარლამენტში. სამშვიდობოების საკითხი, პარლამენტის გასული ოქტომბრის დადგენილების მიხედვით, 15 ივლისამდე უნდა გადაწყდეს.
“ჩვენ თანმიმდევრობით მივყვებით დადგენილებას და აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებს”, – განაცხადა 15 მაისს ნინო ბურჯანაძემ.
სამშვიდობო ოპერაცია
ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გაეროს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ კონსულტაციებს დაიწყებს აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შესაძლო შეცვლის მიზნით.
ალასანიას თქმით უკვე სამი თვეა, რაც მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრებთან ამ საკითხზე არაოფიციალური კონსულტაციები მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, 2 თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალურ მდივანს სამშვიდობო ფორმატის შეცვლის თაობაზე წერილი გაუგზავნა, თუმცა “სამწუხაროდ, მათ თავი აარიდეს პასუხს“.
“ამიტომაც ცალმხრივად ვიწყებთ მეგობარი ქვეყნების ჯგუფთან კონსულტაციებს ფორმატის შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი განცხადებით, ქართული მხარე არაეფექტურად აფასებს რა რუსული სამშვიდობო კონტიგენტის მოღვაწეობას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, ყველაფერს აკეთებს მისი “აქტიურ ფაზაში გადაყვანისა და გაეფექტურებისათვის“.
ალასანიას განცხადებით, ამ ეტაპზე უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზურ მხარესთან ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, რაზეც შეთანხმებას მან 15 მაისს სერგეი შამბასთან ორმხრივი კონსულტაციების დროს მიაღწია.
“დსთ–ს კომპონენტის გაქრობის შემთხვევაში, რაც სამშვიდობო პროცესის სახით კედელივით დგას ქართველებსა და აფხაზებს შორის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი ქმედებები შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, – განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, აფხაზური მხარე უსაფრთხოების გარანტად რუსულ სამშვიდობო ოპერაციას მიიჩნევს და ნაკლებად ენდობა თბილისის ან სხვა საერთაშორისო გარანტიებს, თუმცა “ისიც კარგად ესმით, რომ დსთ–ზე დებატები სერიოზულად არის დაწყებული თბილისში“.
“თუმცა არა დსთ–ს ეგიდით ანუ რაიმე სხვა ფორმით რუსული სამხედრო კომპონენტის აფხაზეთში დარჩენის საკითხი თავად აფხაზებსაც აღელვებთ“, – დასძენს ალასანია.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას ირაკლი ალასანიამ დსთ–ს შესაძლო დატოვების კიდევ ერთ მოსალოდნელ შედეგზე გააკეთა განცხადება.
“თუკი საქართველო დსთ–ს დატოვებს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთი გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის შეწყვეტის საკითხს დააყენებს [გაეროს უშიშროების საბჭოზე]“, – აცხადებს ალასანია და მიანიშნებს, რომ მთავრობა ამ კუთხის პრევენციულ ზომებზე მუშაობს.
ქართული მხარე კიდევ ერთ პოზიტიურ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას – 15 მაისს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იყო პირველი ქართულ–აფხაზური შეხვედრა, რომელსაც ეუთოს წარმომადგენლობა დაესწრო.
“ჩვენ ეუთოს გადავეცით თხოვნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით დაინტერესდეს და აფხაზეთში შემსწავლელი ჯგუფი გააგზავნოს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.