ახალი ამბები

მერაბიშვილი პოლიციის ძალადობაზე გაკეთებულ განცხადებებს სტატიით პასუხობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 10 მაისს გაზეთ “24 საათში“ პოლიციის ძალადობის გარშემო ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გამოაქვეყნა სტატია  რომელშიც აცხადებს, რომ ქართული პოლიცია ორგანიზებულ დანაშაულს ებრძვის და  პოლიცია ამ ბრძოლაში უკან არ დაიხევს.


ვანო მერაბიშვილი სტატიაში აცხადებს, რომ 2005 წელს პოლიციამ დააკავა 11 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან 15 შემთხვევაში პოლიციას მოუწია სასიკვდილო ძალის გამოყენება, რის შედეგადაც 21 დანაშაულში ეჭვმიტანილი დაიღუპა. მინისტრის თქმით, გასული წლების სანდო სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა “შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ციფრი უფრო ნაკლები იყო“.


“ეს ადვილად აიხსნება: სერიოზული კრიმინალი არ გაუხსნიდა ცეცხლს და არ შეაკლავდა თავს პოლიციელს, მაშინ როდესაც კარგად იცოდა, რომ პოლიციიდან თავის დაღწევა ბევრად უფრო უსაფრთხოდ შეიძლებოდა დიდი ქრთამის გადახდის ან პოლიციის მაღალჩინოსნებთან კავშირების გამოყენების საშუალებით… დღეს ყველა კრიმინალმა იცის, რომ ვერც ქრთამი და ვერც ნაცნობობა ვერ უშველის“, – წერს ვანო მერაბიშვილი.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პოლიციაში რეფორმების გატარების შედეგად აღმოიფხვრა დაკავებულთა წამების პრაქტიკა.


შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში 150-ზე მეტი პოლიციელი იქნა დაპატიმრებული ძირითადად ქრთამის აღების და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.


“პოლიციის რეფორმის მიზანი, პირველ რიგში, არის უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ კრიმინალს. დღეს, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი ეტაპია. ან პოლიცია შეძლებს და საბოლოოდ დაამარცხებს კანონიერ ქურდებს და ზოგადად ქურდულ აზროვნებას, ან კიდევ ათწლეულების მანძილზე ჩვენს შვილებს ონიანების, კალაშოვების, გლეხოვიჩებისა და წრიპების [კანონიერი ქურდები] მიერ დადგენილი წესებით მოუწევთ ცხოვრება… ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან ჩვენს უკან ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება და კეთილდღეობა დგას“, – აცხადებს მინისტრი. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button