ახალი ამბები

“ბორჯომი” – საქართველოსთან სავაჭრო ომში რუსეთის მორიგი სამიზნე

ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის” აკრძალვის თაობაზე – ღვინის იმპორტის აკრძალვიდან ხუთი კვირის თავზე – მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოსთან რუსეთის სავაჭრო ომის ფონზე.


რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ 7 მაისიდან შეჩერდება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნების გაცემა “ბორჯომზე”; ამავდროულად, სააგენტომ დაავალა რუსეთის საბაჟო სამსახურს შეწყვიტოს “ბორჯომის” იმპორტი მისი სტანდარტებთან შეუსაბამობის მოტივით.


“ამ არც ისე ადვილი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რეგიონებსა და განსაკუთრებით მოსკოვში ჩატარებულმა შემოწმებებმა აჩვენა, რომ იმ წყლებს შორის, რომლებიც მომხმარებლისათვის წარმოდგენილია, როგორც “ბორჯომის” წყლები, ჩვენ პროცენტულად დიდი შეუსაბამობა აღმოვაჩინეთ ამ წყლების თვისებებთან”, – განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ.


“ამ მინერალური წყლის 69 ნიმუშიდან, რომელიც მოსკოვის რეგიონში აპრილში შემოწმდა, 68 სტანდარტებს არ შეესაბამებოდა”, – განაცხადა ონიშენკომ 4 მაისს რუსეთის საბაჟო სამსახურისადმი გაგზავნილ წერილში.


“ბორჯომის” მწარმოებელმა საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ უკვე უარყო ეს განცხადებები და მათ უსაფუძვლო უწოდა.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვის ამ გადაწყვეტილების ფონზე საქართველოს მოსახლეობას კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავანახოთ ჩვენი სისუსტეები და პოზიციის უკანდახევა[რუსეთს]… ყველანაირი დაწოლა და მსგავსი მუქარა მხოლოდ ამტკიცებს და კონსოლიდაციას უკეთებს ყველა თავმოყვარე ერს“, – განაცხადა სააკაშვილმა 5 მაისს და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ რუსეთის აკრძალვა “პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა”.


“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშავოთ ახალი ბაზრების მოძიებაზე”, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” 5 მაისს ნოღაიდელმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს.


“ისინი ყველაფერს ებრძვიან, რაც ქართულია, რასაც არაფერი აქვს საერთო
ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა 5 მაისს.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება “მოულოდნელი არ ყოფილა”.


“ეს [ბორჯომის აკრძალვა] კიდევ ერთი არგუმენტია იმ ხალხის სასარგებლოდ, რომლებიც საქართველოს დსთ-დან [დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან] გამოსვლას ითხოვენ”, – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 5 მაისს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა 2 მაისს, რომ საქართველომ შესაძლოა დატოვოს დსთ. მან ასევე დაავალა მთავრობას შეისწავლოს ამ ნაბიჯის შესაძლო ეკონომიკური შედეგები.


ექსპერტთა თქმით, “ბორჯომის” აკრძალვა რუსულ ბაზარზე ნაკლებად მტკივნეულია საქართველოსთვის, ვიდრე ღვინის იმპორტის აკრძალვა.


ერთის მხრივ, მინერალური წყლების (მათ შორის “ბორჯომის” და “ნაბეღლავის”) 23,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტის მოცულობა ნაკლებია ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობაზე, რისი  ღირებულებაც 63 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


მეორეს მხრივ, ქართული მინერალური წყლების უცხოური ბაზრები უფრო
დივერსიფიცირებულია, ვიდრე ქართული ღვინის, რომლის ექსპორტიც ძირითადად რუსეთში ხორციელდება – დაახლოებით 87% 2005 წელს.


საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს “ბორჯომის” მწარმოებელმა საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ რუსეთში 22,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების “ბორჯომი” შეიტანა. 2006 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კი კომპანიამ რუსეთში 7,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების “ბორჯომის” ექსპორტი განახორციელა.


კომპანია აცხადებს, რომ მისი მთლიანი პროდუქციის 50% რუსულ ბაზარზე მოდის, 17% – უკრაინაზე, 15% – საქართველოში მოიხმარება და დანარჩენი 15% კი სხვა 25 ქვეყანაში გადის.


საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც გასული წლიდან მრავალეროვნული კომპანია გახდა, მას შემდეგ რაც უკრაინის მინერალური წყლების ბაზრის წამყვან კომპანიებთან IDC და Oscar Mineral Water Plant–თან ჰოლდინგი ჩამოაყალიბა.

მსგავსი/Related

Back to top button