
სააკაშვილი დსთ-ზე კომენტარს აკეთებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს განაცხადა, რომ მან დაავალა მთავრობას განიხილოს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გამოსვლის შესაძლო შედეგები.
ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დატოვოს დსთ, თუ საქართველო მისი წევრობიდან რაიმე სარგებელს ვეღარ მიიღებს.
“ჩვენ უნდა მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილება. 1991 წლის ბოლოს საქართველო ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი და საქართველომ უარი თქვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლაზე, როგორც ბალტიის ქვეყნებმა. შემდეგ 1993 წელს აფხაზეთის ტრაგედიის დროს მუხლებზე დაჩოქილი საქართველო აიძულეს შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მართლაც დამამცირებელი აქტი, ჩვენ ბევრი სარგებელი ვნახეთ ამ თანამეგობრობაში ყოფნით. ჩვენ მოვახერხეთ კავშირების შენარჩუნება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან… ჩვენ მოვახერხეთ სავაჭრო ქსელების აწყობა, ჩვენ მოვახერხეთ მოქალაქეთა გადაადგილების და ერთმანეთთან კავშირის შენარჩუნება… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გვქონდა პარტნიორული ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან, ჩვენი პროდუქცია იყიდებოდა რუსეთში და ბოლო ხანებში ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაფართოვდა რუსეთში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან დღეს გადაგვიკეტეს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავჯდეთ და დავითვალოთ, ღირს თუ არა დღეს დსთ-ში ყოფნის გახანგრძლივება“, – დასძინა მან.
სააკაშვილის თქმით, საქართველო თავს შეიკავებს “ნაჩქარევი და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან კარგი ანალიზის გარეშე“.
“მე დავავალე საქართველოს მთავრობას კარგად შეისწავლონ და უახლოეს პერიოდში, მხედველობაში მაქვს რამდენიმე კვირა, შეიძლება თვე ან მაქსიმუმ ორი თვე, წარმოადგინონ ზუსტი ეკონომიკური დასაბუთება იმისა ღირს თუ არა საქართველოს დარჩენა დსთ-ში. თუ, როგორც მე ეჭვი მაქვს, სარგებლის მიღება ამ ორგანიზაციიდან საქართველოს პრაქტიკულად აღარ შეუძლია, გარდა დამცირებისა და შეურაცხყოფისა ვერაფერს ვერ იღებს, მაშინ ქართველმა ხალხმა თავის პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორც ეკადრება ღირსების მქონე, ფეხზე მყარად მდგარ ქვეყანას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ კონსულტაციები უნდა დაიწყოს თავის პარტნიორებთან დსთ-დან ამ საკითხზე კოორდინირებული პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით.