
სავაჭრო ომი – მოსალოდნელი ეკონომიკური, პოლიტიკური ზიანის შეფასება
ექსპერტთა ვარაუდით, რუსეთის სავაჭრო ომმა საქართველოსთან შესაძლოა ბევრად უფრო სერიოზული პოლიტიკური პრობლემები მოუტანოს საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ეკონომიკური სირთულეები ქვეყანას.
მარტში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ სანქციები შესაძლოა ასევე შეეხოს ქართულ მინერალურ წყლებსაც. ამ გადაწყვეტილებას რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 19 აპრილს რუსეთის მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული რეზოლუციით დაუჭირა მხარი.
ეკონომიკური შედეგები
2005 წელს უხვმოსავლიანი რთველის გამო, საქართველოს ოფიციალური პირების ვარაუდით, ღვინის ექსპორტი რუსეთში მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო და 2006 წელს 100 მილიონი აშშ დოლარისთვის უნდა მიეღწია.
2005 წელს საქართველომ რუსეთში 63 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განახორციელა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს ღვინის მთლიანი ექსპორტის 87% რუსულ ბაზარზე მოდიოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) სთხოვა შეეფასებინა ის ეკონომიკური შედეგები, რაც ქართული ღვინის მიერ რუსული ბაზრის დაკარგვას მოყვებოდა.
რობერტ კრისტიანსენი, სსფ-ს რეგიონალური წარმომადგენელი თბილისში, აცხადებს, რომ საქართველო “კარგად ორგანიზებულია” მაკროეკონომიკური თვალსაზრისით და “ღვინის შოკმა” არ უნდა გამოიწვიოს მაკროეკონომიკური არასტაბილურობა.
“100 მილიონი [ამ თანხის ღვინო 2006 წელს რუსეთში უნდა გაყიდულიყო] ჟღერს როგორც დიდი ფული, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს ასე არ არის… საქართველოს ეკონომიკა საგრძნობლად მეტია. საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ასე რომ 100 მილიონი დიდი ზარალი არ იქნება“, – განუცხადა რობერტ კრისტიანსენმა “სივილ ჯორჯიას“ 19 აპრილს.
“ამრიგად, მაკრო დონეზე – არ არის დიდი ზარალი; მიკრო დონეზე კი შესაძლოა იყოს დანაკარგები“, – დასძინა მან.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა შესაძლოა მცირედით შენელდეს, რაც ერთ პროცენტზე ნაკლები იქნება. “თუ საქართველო შეძლებს ღვინის სადმე სხვაგან გაყიდვას, ზემოქმედება [ეკონომიკურ] ზრდაზე კიდევ უფრო ნაკლები იქნება“, – დასძინა მან.
სსფ-ს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2006 წელს 6-7%-ს შეადგენს.
რობერტ კრისტიანსენმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული ზემოქმედება შესაძლოა სხვა სფეროებზეც გავრცელდეს, რადგანაც ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი შესაძლოა სერიოზულად დაზარალდეს.
ამ სექტორში მომუშავე ათასობით ადამიანი, მათ შორის ღვინის ქარხნების თანამშრომლები და განსაკუთრებით კახელი გლეხები, საგრძნობლად დაზარალდებიან იმ შემთხევვაში, თუ მათ მიერ წარმოებული ღვინო და მოყვანილი ყურძენი არსად გაიყიდება.
რობერტ კრისტიანსენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სსფ-ს გააჩნია საგანგებო ინსტიტუტები, რომლებიც “სავაჭრო შოკის“ შემთხვევაში ქვეყნებს ეხმარებიან, ამგვარი მექანიზმი არ იქნება გამოყენებული საქართველოს შემთხვევაში, რადგანაც “სავაჭრო შოკი აქ ისეთი მასშტაბური არ არის“.
“მთავრობის რეზერვები ძალიან ძლიერია… ასე რომ, ამჯერად მათ რაიმე დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა არ სჭირდებათ“, – დასძინა კრისტიანსენმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აკრძალვა მინერალურ წყლებსაც შეეხება, ამას დამატებით მაკროეკონომიკური ზემოქმდება არ მოჰყვება. “მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა ბევრად ნაკლებია ღვინოზე. და განსხვავებით ღვინისა, მინერალური წყლების ექსპორტი უფრო დივერსიფიცირებულია“, – განაცხადა მან.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2005 წელს საქართველომ რუსეთში 23,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მინერალური წყლები გაიტანა, რაც 10 მილიონი აშშ დოლარით აღემატება 2004 წლის მაჩვენებელს.
საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის ცნობით, ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის“ 80% საზღვარგარეთ მიდის ექსპორტზე – ნახევარზე მეტი რუსეთში, ხოლო 40% მსოფლიოს სხვა 27 ქვეყანაში.
ოფიციალური პირები და მიმოხილველები აცხადებენ, რომ რუსეთთან არსებულ შეუთანხმებლობას ღვინის გარშემო თავისი პოზიტიური მხარეც აქვს, რადგანაც ეს საშუალებას აძლევს ღვინის მწარმოებლებს ღვინის ხარისხი გააუმჯობესონ და თავიანთი უცხოური ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინონ.
“ცვლილება რთულია. რუსეთი დიდი ბაზარია, ის ადვილი ბაზარია და დიდია ღვინის მწარმოებლებისთვის. ამ ბაზრიდან წასვლა ძალიან რთულია, მაგრამ ქვეყნები და კომპანიები ამას მუდმივად აკეთებენ“, – განაცხადა სსფ-ს რეგიონალურმა წარმომადგენელმა.
საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც გასულ კვირას მოსკოვს ეწვივნენ, 19 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს, რომ რუსული ბაზრის დაბრუნება მათი მთავარი პრიორიტეტია.
სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ ქართველ ღვინის მწარმოებლებს რამდენჯერმე მოუწოდა ახალი ბაზრებზე მოახდინონ ფოკუსირება და არა რუსულ ბაზარზე, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი არასანდოობა.
“წარმოიდგინეთ, რომ ჩრდილოეთში არის ზღვა და არა რუსეთი. ვის მივყიდით ჩვენ ღვინოს? ზღვას?!“, – იტყობინება ქართული მედია კახა ბენდუქიძის სიტყვებზე დაყრდნობით.
პოლიტიკური შედეგები
თუ რუსული ბაზარი ჩაკეტილი დარჩება ქართული ღვინისთვის და ადგილობრივი მწარმოებლები ვერ შეძლებენ ახალი ბაზრების მოპოვებას, მოთხოვნა ყურძენზე წელს საგრძნობლად შემცირდება, რაც პირდაპირ დარტყმას მიაყენებს ათასობით გლეხს, ძირითადად კახეთის რეგიონში, სადაც ქართული ვენახების 60%–ია გაშენებული. ქვეყნის მასშტაბით კი ვენახები 37 000 ჰექტარ მიწას მოიცავს.
რთველი, რომელიც ჩვეულებრივ სექტემბერში იწყება, ცოტა ხნით უსწრებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები დაახლოებით ნოემბერში გაიმართება.
პოლიტიკური მიმოხილველების თქმით, ყურძენზე მოთხოვნის ან ფასების შემცირება გაზრდის ათასობით გლეხის უკმაყოფილებას ხელსიუფლების მიმართ, რამაც შესაძლოა სერიოზული პრობლემა შეუქმნას სააკაშვილის ადმინისტრაციას, რომელმაც უკვე გაახმოვანა დაპირება “ქართული ღვინის გადარჩენის“ თაობაზე.