ახალი ამბები

სააკაშვილი: ახალი გზების მშენებლობა დაასრულებს ჯავახეთის იზოლაციას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 აპრილს განაცხადა, რომ უახლოეს წლებში 400 მილიონი ლარი დაიხარჯება სამცხე-ჯავახეთში გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ “ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჯავახეთის იზოლაცია“. 


სააკაშვილმა ეს განცხადება ახალქალაქში გააკეთა, სადაც ახალქალაქი-ახალციხის გზის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. გზის მშენებლობის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.


“წელს, გვიან შემოდგომაზე ჩვენ ვიწყებთ ახალქალაქი-თბილისის ტრასის მშენებლობას, რომელზეც, დაახლოებით, 300 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ეს ნიშნავს, რომ ჯავახეთის გეოგრაფიული იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება; ეს ნიშნავს, რომ გლეხი აქედან თავისუფლად გაიტანს პროდუქციას, ეს ნიშნავს, რომ აქ შემოვა ბევრად მეტი ბიზნესი, აქ იქნება ბევრად მეტი ტრანზიტი… გზები და განვითარება – ეს არის მთავარი, რაც ახლა სჭირდება ჯავახეთს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული გზების რეაბილიტაციას ასევე ითვალისწინებს ათასწლეულის გამოწვევის 295.3 მილიონიანი პროგრამა, რომლის დაფინანსების დიდი ნაწილიც – 102 მილიონი აშშ დოლარი სწორედ სამცხე-ჯავახეთზე გამავალი 245 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button