ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლო სისტემის შესახებ საუბრობს

გაზეთ “24 საათი“-სთვის და გაზეთ “რეზონანსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ქვეყნის სასამართლო სისტემის მთავარ პრობლემად კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა დაასახელა.    


“24 საათთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ “სასამართლო სისტემის ნებისმიერი დეტალი ჯერ კიდევ რეფორმირების პროცესშია ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომელიმე მიმართულებით შედეგი რომ დავინახოთ“.


კუბლაშვილის თქმით, რეფორმების პირველი ტალღა სასამართლო სისტემაში, რომელიც 1997-98 წლებში დაიწყო, წარუმატებელი გამოდგა, რადგანაც რეფორმები არ განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში.


“ჯერჯერობით მაინც ვერ ვიტყვით, რომ რეფორმის შედეგი სრულყოფილია, რადგან გვაქვს კადრების სერიოზული პრობლემა … დღეისათვის 100-მდე ვაკანსია გვაქვს [მოსამართლის თანამდებობაზე]“, – განაცხადა კუბლაშვილმა.


გასული წლების განმავლობაში ბევრი მოსამართლე გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რასაც ოპონენტების თქმით, მოქმედი მოსამართლეების საქმეებით გადატვირთვა მოყვა, რაც ამ საქმეების განხილვის უხარისხობას იწვევს.


კუბლაშვილის თქმით, ბევრი მოსამართლე დაბალი კვალიფიკაციის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ზოგი მათგანი ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს და ბევრმა მათგანმა თანამდებობა დატოვა, “როცა ნახეს, რომ მისი კოლეგა ქრთამის აღებისთვის დააკავეს“.


“ისინი უნდა წასულიყვნენ, რადგან რეფორმის სრულყოფილ შედეგს ამ კადრებით ვერ მივიღებდით“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.


მისი თქმით, რთულია ვაკანტური თანამდებობის შევსება სასამართლოებში, რადგანაც “ჩვენ კრიტერიუმებს ბევრი ვერ აკმაყოფილებს“. “ახლახანს დამთავრდა მოსამართლეთა გამოცდები და 600 კანდიდატიდან მხოლოდ 70-მა შეძლო გამოცდის ჩაბარება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.


მისი თქმით, ახლადშექმნილი იუსტიციის უმაღლესი სკოლა მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობის პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.


“სკოლას ექნება ორი ძირითადი ფუნქცია: მოამზადებს ახალ, კანდიდატ მოსამართლეებს. ისინი 14 თვის განმავლობაში ისწავლიან სკოლაში… და მეორე ფუნქციაა მოქმედი მოსამართლეების გადამზადება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ კორუფციის პრობლემა ფაქტიურად მოგვარებულია. მან განუცხადა “რეზონანსს“, რომ მაღალმა ხელფასებმა, რომლებიც 2006 წლის იანვრიდან გაიზარდა მოსამართლეებისთვის, ხელი შეუწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. კუბლაშვილის განცხადებით, რეგიონებში მოსამართლეთა მინიმალური ხელფასი 1 450 ლარს შეადგენს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები 2 000 ლარს იღებენ, ხოლო უზენაეს სასამართლოში – 3 000 ლარს.


ინტერვიუებში კუბლაშვილმა უარყო განცხადებები, რომ სასამართლო სისტემა გენერალური პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იმყოფება.


„არ გეთანხმებით. ასე არ არის და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. საერთო ჯამში დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობის 79%… იანვარსა და თებერვალში წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 70%-ს, გირაო კი 30%-ს“, – განაცხადა კუბლაშვილმა.


მან ასევე უარყო ბრალდებები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის საქმიანობას აკონტროლებს, მოსამართლეებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენება. 


“იქედან გამომდინარე, რომ მოსამართლეები არაკვალიფიციურები არიან და ბევრი არაკეთილსინდისიერია, დარღვევებიც ბევრია, იუსტიციის საბჭოც და სადისციპლინო საბჭოც, რომელიც უფრო ეფექტურად ამოქმედდა, თვალს არ ხუჭავენ დარღვევებზე. ამიტომაც მოხდა, რომ 40-მდე მოსამართლე გათავისუფლებულია, უფრო მეტს საყვედური და სახვა სასჯელები გამოუცხადეს“, – განაცხადა კუბლაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება დაასრულოს.


17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნება სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თავმჯდომარეობით, რომელიც სასამართლო რეფორმების განხორციელებას დაეხმარება. მისი თქმით, კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ იქნებიან პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


 



 

მსგავსი/Related

Back to top button