ახალი ამბები

ოქრუაშვილი თავდაცვის სფეროს “რევოლუციურ“ რეფორმებზე საუბრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა არმიაში მიმდინარე რეფორმებს “რევოლუციური“ უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ თავდაცვის სფეროში რეფორმების დასრულება გრძელვადიანი პროცესია.


ოქრუაშვილმა ეს განცხადება 13 აპრილს ბრიუსელში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მისი გამოსვლა 20 აპრილს გაზეთ “24 საათში“ დაიბეჭდა. ოქრუაშვილთან ერთად, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძეც იმყოფებოდნენ, სადაც ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხი განიხილეს.


ოქრუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა თავისი ვალდებულებების შესასრულებლად, განსაკუთრებით გეგმის მეორე თავის შესასრულებლად, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოების და სამხედრო საკითხებს ეხება.


მისი თქმით, რეფორმების პროცესში სამი ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა: ნატოში ინტეგრაცია და ურთიერთთავსებადობა, თავდაცვის მენეჯმენტის გაუმჯობესება და ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესება.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (SDR) შექმნის ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესი უკვე სრულდება. SDR-ის წინასწარი მოხსენების პრეზენტაცია 2 მაისს თბილისში გაიმართება.  


თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში და რეგიონში უსაფრთხოების საკითხების დინამიკას სწრაფი პასუხი და რეაგირება სჭირდება, რაც ასევე უნდა აისახოს SDR-ში.


“ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გადავხედოთ და შევაფასოთ ჩვენს წინაშე მდგარი საფრთხეები შემოდგომაზე“, – დასძინა ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, კადრების, ლოჯისტიკის, სამხედრო განათლებისა და თავდაცვის დაგეგმვის სისტემის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.


ოქრუაშვილის თქმით, მარტში ნატოს შემფასებელი კომისიის ვიზიტის შემდეგ დაფუძნდა სპეციალური უწყებათაშორისი, თავდაცვის სამინისტროსა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი კომისია, რომელიც პასუხისმგებელია არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლივად გამოყენების შესახებ წინადადებების შესრულებაზე.


თავის გამოსვლაში ოქრუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დამატებითი წყაროები, როგორიცაა არმიის განვითარების დროებითი ფონდი, აღარ არსებობს.


მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო აპირებს გამჭვირვალობის გაზრდასა და შესაბამისი “პიარსტრატეგია“ უკვე მუშავდება.


ოქრუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. მისი თქმით, 1000-ზე მეტი სამხედრო პირი იღებს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ერაყსა და კოსოვოში, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების 8%-ს შეადგენს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველო გეგმავს თავისი მონაწილეობის გაზრდას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველომ, რომელიც მიესალმება ნატოს ღია კარის პოლიტიკას, წარმატებულად შეასრულა თავისი ვალდებულებები. მან ნატოს წევრ-სახელმწიფოებს ძლიერი და მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button