ახალი ამბები

სააკაშვილი პოლიტიკური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 აპრილს განაცხადა, რომ მიუხედავად ოპოზიციის “არაკომპეტენტურობისა და სისუსტისა“, ხელისუფლება მზად არის ინტენსიური დიალოგი გამართოს მათთან.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანცელარიაში შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან, სადაც თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, ღვინის ექსპორტის პრობლემებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.


დიალოგი ოპოზიციასთან


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა სავსებით მისაღებია.


“ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ხელისუფლების კრიტიკოსის ფუნქციას ასრულებდეს. მიმაჩნია, თავად ხელისუფლების მთავარი პრობლემაა ის, რომ ოპოზიცია ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. ასეთ ხელისუფლებას აქვს რისკი, რომ მოდუნდეს, მოეშვას… თუ რაიმე დაანგრევს ხელისუფლებას – სწორედ ასეთი ტენდენციის გაჩენა. ოპოზიცია იმდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა საზოგადოების განვითარებისთვის, რომ ამ საკითხზე კამათიც ზედმეტია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თამაშის წესები დავიცვათ და იყოს ოპოზიცია, რომელიც ჩვენს გაკეთებულს გააკრიტიკებს – თუნდაც ხშირად ჩავთვალოთ, რომ დაუმსახურებლად გვაკრიტიკებენ. ესეც დემოკრატიის დიდი მონაპოვარია“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“მინდა, რომ ოპოზიცია აკრიტიკებდეს ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავი სტრუქტურების, თავდაცვის სისტემის რეფორმებს…. ოპოზიცია უნდა გვეკამათებოდეს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკას შეეხება. ერთია კრიტიკა, მაგრამ მეორეა ჩავერთოთ საუბარში იმის თაობაზე, რომ ვიღაც ნაძირალაა, მკვლელი და გაუნათლებელი, ეს უკვე გემოვნების საკითხია… ჩვენ მზად ვართ, რომ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე მძაფრ კრიტიკასაც გავუძლოთ, დანარჩენი კი უნდა მოვითმინოთ, რადგან ეს მოუმწიფრობის, არაკომპეტენტურობისა და სისუსტის ნიშანია“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი 31 მარტს გამოუცხადეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას, გამჭირვალე საარჩევნო სიებს, პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას, მერების და გამგებლების პირდაპირ არჩევნებს და ბიზნეს–გარემოს გაუმჯობესებას მოითხოვენ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 17 აპრილს ასევე მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ. თუმცა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები შს მინისტრის გადადგომასთან, მერების პირდაპირ არჩევნებთან და ახალ საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით უკვე გადაწყვეტილია და განხილვას არ ექვემდებარება.


ადგილობრივი არჩევნები


საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ხმები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე და განაცხადა, რომ არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.


“ზოგიერთები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას. ეს სიმართლე არ არის. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედი… ჩვენ არ გვინდა, რომ იყოს კითხვის ნიშნები… ჩვენ გვინდა გამჭვირვალე, დემოკრატიული, ღია არჩევნები იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს ჩვენი ხალხის არჩევანის შეუქცევადობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი არჩევნებისათვის სრულყოფილი ამომრჩეველთა სიების მომზადების მნიშვნელობას.


მისი თქმით, ხელისუფლებას “არ ეშინია“ არჩევნების, რადგანაც “ჩვენ ძლიერები ვართ და ჩვენ დემოკრატები ვართ“.


სასამართლო რეფორმა


საპარლამენტო უმრავლესობასთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნება სასამართლოს რეფორმირების სახელმწიფო კომისია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან სურვილის შემთხვევაში.  ამ ჯგუფში ჩართვისაკენ პრეზიდენტმა საერთაშორისო ექსპერტებსაც მოუწოდა.


“ყველა ერთად კი, ყოველგვარი პარტიული და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, განვიხილავთ საკითხს თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს იმგვარად რეფორმირება, რომ ეს სისტემა მართლაც დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი იყოს და რაც მთავარია, ხალხს მისი ნდობა რეალურად ჰქონდეს“, – განაცხადა მან.


“რომში ვიზიტისას, ჩვენ მივმართეთ ევროპის კავშირს და დახმარება ვთხოვეთ, რადგან ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებების დაგეგმვას ვაპირებთ“, – დასძინა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, პირველი ნაბიჯი იქნება, რომ “გენერალური პროკურორი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან გამოვიყვანოთ“.


“საბოლოოდ, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც პროკურატურის, პოლიციის, სახელმწიფო აპარატის, თავდაცვის სისტემების რეფორმირების პირობებში, საზოგადოების თვალსაზრისით, ყველაზე პრობლემური სექტორი საქართველოს სასამართლო დარჩა. ერთის მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს გრძელი და რთული გზაა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ნატოში ინტეგრაცია


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ბევრს მიაღწია ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, 13 აპრილს საგარეო საქმეთა, თავდაცვის და სახელმწიფო მინისტრების ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველომ გამოცდა წარმატებით ჩააბარა.


“ნატო-ში ჩვენი დელეგაციის გამოცდამ ძალიან კარგად ჩაიარა და ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა წარმატებულად დამტკიცდა. ითქვა, რომ თავდაცვის სფეროში ჩვენმა ქვეყანამ 6 თვის განმავლობაში თითქმის სასწაული მოახდინა და ჩვენ ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. ეს ეტაპი ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევადობის დასაწყისია“, – განაცხადა პრეზიდენტმა, თან იქვე დასძინა, რომ ნატო-ში შესვლა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქცია არ არის.


“ეს არის საქართველოს გაძლიერებისკენ და საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგმული გააზრებული, სტრატეგიული და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობიანი ნაბიჯი“, – დასძინა მან.


ღვინის იმპორტის აკრძალვა


პრეზიდენტის განცხადებით, ღვინის იმპორტის აკრძალვაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო “პოლიტიკური გადაწყვეტილება“, თუმცა ახალი ეტაპის დასაწყისი “იმისათვის, რომ ამ ყველაფრის შედეგად საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდეს“. 


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღვინის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის, “ჩვენ მზადა ვართ პრემიერ–მინისტრი გავაგზავნოთ [მოსკოვში] და ეს საკითხები გადავწყვიტოთ“.


პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ვიზიტს 12-13 აპრილს გეგმავდა, თუმცა რუსული მხარის მოთხოვნით ეს ვიზიტი გადაიდო.


“თითოეული ჩვენი დეპუტატი, მინისტრი, მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც დადის საზღვარგარეთ, ის არის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ყველა საკითხში, არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებში, არამედ ღვინის გაყიდვის საკითხში, ახალი ბაზრების მოძიების საკითხში. ეს არის ჩვენი ერთობლივი ამოცანა იმ ხალხის გულის გასახეთქად, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეხლა დაგვანგრევენ და მოგვსპობენ. საქართველოს ეკონომიკას ექნება ისეთივე სწრაფი განვითარება, როგორიც ჰქონდა აქამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა დეპუტატებთან შეხვედრისას.


12 აპრილს პრეზიდენტმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიებას თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ავალებს. საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე მან ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გააკეთა.


“დიდი ინვესტიციები“ 


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ “ემბარგოების და გაზის ფასის გაორმაგების პირობებში“ მოახერხა თითქმის 10%–იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა.


“ჩვენ გვაქვს წინ დიდი პრივატიზაცია, ვაპირებთ ჰიდროელექტროსადგურების დიდი რაოდენობით აშენებას… პორტების ბევრად უფრო ინტენსიურად განვითარებას… ჭიათურის საბადოების ბევრად უფრო ინტენსიურად ამოქმედებას…საბანკო სექტორის განვითარებას“, რაზეც უკვე არსებობს ინვესტორთა სურვილი და განაცხადები.


ორგანიზებულ/წვრილმან დანაშაულთან ბრძოლა


სააკაშვილის განცხადებით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც “გათავისუფლდნენ კორუფციისა და კლანური ინტერესებისგან“.


“ჩვენი მთავარი კაპიტალი არის ის, რომ რუმინეთისგან, ბულგარეთისგან, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულს ვანგრევთ და ჩვენს ქვეყანაში ასეთი ჯგუფები აღარ არსებობს. საქართველოს კანონიერი ქურდები აღარ მართავენ, ქართულ ბიზნესს კრიმინალური სტრუქტურების წარმომადგენლები აღარ აკონტროლებენ. ამ შედეგს კი იმის ხარჯზე მივაღწიეთ, რომ ისინი ხელისუფლებაში არ შემოვუშვით და არც შემოვუშვებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პარალელურად უნდა ამაღლდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები.


“ამავდროულად, უნდა მივიღოთ კანონი – ამაზე მუშაობა უკვე დავასრულეთ, რომლის თანახმადაც ნულოვანი ტოლერატულობა იქნება ყოველგვარი მცირე დანაშაულის მიმართაც. ჩვენ აღარ გვყავს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, მაგრამ გვყავს უამრავი ჯიბის ქურდი, ბაცაცა, ბინის გამტეხი და სხვა. თითოეული მათგანის ადგილი ციხეშია და თუ გვსურს, რომ ქვეყანა ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდოს, ასეც უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ბიზნესთან მუდმივ დიალოგში იმყოფება, “იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, დაცული და მუშაობდეს წინასწარ ჩამოყალიბებული თამაშის წესების პირობებში“.


მისი თქმით, ყველა ეს მცდელობა მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. „მინდა კიდევ ერთი რამ შეგახსენოთ, რომ “მატარებლის”, რომელიც თბილისიდან გავიდა და ჩვენ კი მისი მგზავრები ვართ, საბოლოო დანიშნულების პუნქტი არის სოხუმი, გაგრა და ლესელიძე [თვითგამოცხადებულ აფხაზეთში]“, – დასძინა პრეზიდენტმა. 

Back to top button