ახალი ამბები

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას აქტუალურ თემებზე ესაუბრა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს კანცელარიაში შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან, სადაც ოპოზიციასთან დიალოგის მნიშვნელობაზე, თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, ღვინის ექსპორტის პრობლემებზე, ეკონომიკურ ზრდაზე,  ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.


პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ყველა პოლიტიკურ ძალასთან პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, მიუხედავად ოპოზიციის “არაკომპეტენტურობისა და სისუსტისა”.

“ჩვენ გვინდა დიალოგი და არა ის, რასაც ზოგიერთი გვთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ასრულებდეს ხელისუფლების კრიტიკოსის ფუნქციას“, – აცხადებს პრეზიდენტი და აქვე დასძენს, რომ ოპოზიცია ვერ ასრულებს ამ ფუნქციას, რაც “ხელისუფლების მთავარი პრობლემაა”.  


“ასეთ ხელისუფლებას აქვს რისკი, რომ მოეშვას, მოდუნდეს, გათავხედდეს, თავს გავიდეს და ეს არის ძალიან ცუდი ხელისუფლებისთვის… მე მინდა, რომ ოპოზიცია აკრიტიკებდეს ჩვენს ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავთა რეფორმას, თავდაცვისუნარიანობის რეფორმას… ოპოზიცია უნდა გვეკამათებოდეს ყველაფერზე, რაც ეხება პოლიტიკას, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის წარმატებული და სწორი ჯერ–ჯერობით, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ არის წარუმატებელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა ხელისუფლებისათვის პრინციპულ საკითხად სასამართლო რეფორმა დაასახელა და განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნება სასამართლოს რეფორმირების სახელმწიფო კომისია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან სურვილის შემთხვევაში.  ამ ჯგუფში ჩართვისაკენ პრეზიდენტმა საერთაშორისო ექსპერტებსაც მოუწოდა.


მისი თქმით, პირველი ნაბიჯი იქნება იუსტიციის საბჭოდან გენერალური პროკურორის გაყვანა. “ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პროკურატურა და სასამართლო ერთმანეთს გარკვეულ მანძილზე დავაშოროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 


“ყველაზე პრობლემური სექტორი დარჩა საქართველოს სასამართლო. ერთის მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ხარისხის ამაღლება არის ჩვენი ამოცანა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის გრძელი გზა“, – დასძინა სააკაშვილმა. 


პრეზიდენტის განცხადებით, ნოემბერში ეწურება ვადა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, დაახლოებით “ამ თვის გარშემო პერიოდში ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნები საქართველოში“.


“ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედი… ჩვენ არ გვინდა, რომ იყოს კითხვის ნიშნები… ჩვენ გვინდა გამჭვირვალე, დემოკრატიული, ღია არჩევნები იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს ჩვენი ხალხის არჩევანის შეუქცევადობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი არჩევნებისათვის სრულყოფილი ამომრჩეველთა სიების მომზადების მნიშვნელობას.


პრეზიდენტმა საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს წარმატებები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.


“[13 აპრილს ნატოს შტაბ–ბინაში ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებისას] ითქვა, რომ საქართველომ თავდაცვის სფეროში 6 თვეში მოახდინა თითქმის სასწაული. და ჩვენ გადავდივართ ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, რაც არის ჩვენი ნატოში გაწევრიანების შეუქცევადობის დასაწყისი“, – განაცხადა პრეზიდენტმა და აქვე დასძინა, რომ ნატოში შესვლა არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქტი, “არამედ არის საქართველოს გაძლიერებისაკენ და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისაკენ გადადგმული გააზრებული, სტრატეგიული და მშვიდობიანი ნაბიჯი“.


პრეზიდენტის განცხადებით, ღვინის იმპორტის აკრძალვაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო “პოლიტიკური გადაწყვეტილება“, თუმცა ახალი ეტაპის დასაწყისი “იმისათვის, რომ ამ ყველაფრის შედეგად საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდეს“. 


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღვინის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის, “ჩვენ მზადა ვართ პრემიერ–მინისტრი გავაგზავნოთ [მოსკოვში] და ეს საკითხები გადავწყვიტოთ“.


“თითოეული ჩვენი დეპუტატი, მინისტრი, მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც დადის საზღვარგარეთ, ის არის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ყველა საკითხში, არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებში, არამედ ღვინის გაყიდვის საკითხში, ახალი ბაზრების მოძიების საკითხში. ეს არის ჩვენი ერთობლივი ამოცანა იმ ხალხის გულის გასახეთქად, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეხლა დაგვანგრევენ და მოგვსპობენ. საქართველოს ეკონომიკას ექნება ისეთივე სწრაფი განვითარება, როგორიც ჰქონდა აქამდე“, – განაცხად პრეზიდენტმა დეპუტატებთან შეხვედრისას.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ “ემბარგოების და გაზის ფასის გაორმაგების პირობებში“ მოახერხა თითქმის 10%–იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ჩვენ გვაქვს წინ დიდი პრივატიზაცია, ვაპირებთ ჰიდროელექტროსადგურების დიდი რაოდენობით აშენებას… პორტების ბევრად უფრო ინტენსიურად განვითარებას… ჭიათურის საბადოების ბევრად უფრო ინტენსიურად ამოქმედებას…საბანკო სექტრორის განვითარებას“, რაზეც უკვე არსებობს ინვესტორთა სურვილი და განაცხადები.


მისი თქმით, კიდევ ერთი სერიოზული რესურსი არის პრინციპული ხელისუფლება.


“ჩვენ მოვახერხეთ ისეთი პარლამენტის ბირთვის შექმნა, რომელიც თავისუფალია სხვადასხვა ვიწრო კერძო ინტერესებისგან – კონკრეტული ბიზნესების ლობირებისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან და კანონების მეშვეობით, თავისუფალია კორუფციისგან… და თავისუფალია სხვადასხვა კლანური და ორგანიზებული დანაშაულის ინტერესების მხრიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საქართველომ მიაღწია იმას, რომ ინგრევა ორგანიზებული დანაშაული. “საქართველოს აღარ მართავენ კანონიერი ქურდები, ქართულ ბიზნესს აღარ აკონტროლებენ კრიმინალური სტრუქტურების წარმომადგენლები. და ეს იმის ხარჯზეა მიღწეული, რომ ისინი არ შემოვუშვით ხელისუფლებაში და არც შემოვუშვებთ… რა შანტაჟიც არ უნდა იყოს, კრიმინალური დაჯგუფებები და სპეციალური ინტერესების ჯგუფები საქართველოს პოლიტიკაში ვერ გაიხარებენ, ჩვენი კონსოლიდაციის და ჩვენი ერთიანობის პირობებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა და ამ საქმეში საპარლამენტო უმრავლესობის განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პარალელურად უნდა ამაღლდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები.


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ბიზნესთან მუდმივ დიალოგში იმყოფება, “იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, დაცული და მუშაობდეს წინასწარ ჩამოყალიბებული თამაშის წესების პირობებში“.

Back to top button