ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა სამხედრო ხელშეკრულებებზე კომენტარს აკეთებს

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნეს 13 აპრილს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ შეთანხმებებს რუსეთთან ბაზების გაყვანისა და ტრანზიტის შესახებ მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ამ ხელშეკრულებებს “უვარგისი“ უწოდა და მოუწოდა კოლეგებს არ დაეჭირათ მხარი მათთვის. 


“ეს არის პირველი ხელშეკრულება ისტორიაში, რომელიც არ ზღუდავს საქართველოს სუვერენულ უფლებებს. ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც ჰქვია ჩვენი სვლა ნატოსაკენ… სამწუხაროა, რომ ადამიანებს [ოპოზიციიდან] შეეძლოთ ამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ვერ გამოიყენეს ეს შანსი“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ და აქვე დასძინა, რომ ამ საკითხებზე უმრავლესობა კრიტიკულ შეფასებებს ოპოზიციისგან, რომელსაც ბოიკოტის გამო პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია, არ ელოდა.


ეჭვები ოპოზიციის მხრიდან ძირითადად ანტიტერორიტულ ცენტრებთან, ტრანზიტთან და ხელშეკრულების ამოქმედების პირობებთან დაკავშირებით გაჩნდა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე სწორედ ამ საკითხებზე გააკეთეს დამატებითი განმარტებები დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან.


დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, ბაზებზე შეთანხმება და ანტიტერორისტული ცენტრების შექმნაზე შეთანხმება ერთდროულად უნდა გაფორმებულიყო 2005 წლის 30 მაისს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების მიხედვით.


“დღევანდელი შეთანხმებით ეს ხელშეკრულებები ერთდროულად გაფორმებული არ არის. უფრო მეტიც, აქ წერია, რომ ჩვენ ჯერ–ჯერობით ვერ შევთანხმდით ანტიტერორისტულ ცენტრზე და შევთანხმდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქართული მხარისთვის იქნება მისაღები, ხოლო რუსული ბაზები გავლენ საქართველოდან ამისგან დამოუკიდებლად“, – განაცხადა ბოკერიამ 14 აპრილს.  


რაც შეეხება ტრანზიტს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, ქართული მხარის თანხმობის გარეშე და მასთან ტვირთის მოცულობისა და სახეობის წინასწარ შეთანხმების გარეშე რუსეთი ვერ განახორციელებს ამ ტვირთების საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში ტრანსპორტირებას. ასევე რუსეთი იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია მასობრივი იარაღისა და მისი კომპონენტების მიწოდებისთვის.


“საქართველოს ასევე უფლება აქვს უარი განაცხადოს ტვირთის ტრანზიტზე, თუ ამ ტრანზიტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო და კერძო ობიექტებს და გარემოს და რაც მთავარია, თუ საბოლოო დანიშნულების პუნქტი  განლაგებულია კონფლიქტის ზონაში ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც საომარ მოქმედებაში იმყოფება ანუ ნებისმიერ ოდნავ საეჭვო გადაზიდვაზე საქართველოს შეუძლია უარი თქვას“, – განაცხადა ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე.

Back to top button