
საქართველომ რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინა
საქართველოს პარლამენტმა 13 აპრილს რუსულ სამხედრო ბაზებზე და სამხედრო ტრანზიტზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმებების რატიფიცირება ერთხმად მოახდინა. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის პარლამენტმაც უნდა მოახდინოს, ეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა ვერ გახდება ბაზების გაყვანის შეფერხების მიზეზი, რაც 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმნენ ხელშეკრულებას და მას საქართველოს “უზარმაზარი წარმატება“ უწოდეს, თუმცა ოპოზიციამ გააკრიტიკა შეთანხმება და მას “უსარგებლო“ უწოდა, რადგან მას შეუძლია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს.
ორივე შეთანხმებას – “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ“ და “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ” – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა კუდავამ და რუსეთის სახმელეთო ძალების სარდალმა ალექსეი მასლოვმა 31 მარტს სოჭში მოაწერეს ხელი.
შეთანხმებები 13 აპრილს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ წარადგინა.
საპარლამენტო მოსმენა ოპოზიციონერი კანონმდებლების გარეშე გაიმართა. ეს უკანასკნელნი პარლამენტის სხდომებს 31 მარტიდან ბოიკოტს უცხადებენ სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსმენის წინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებების განხილვა “გადამწყვეტი მნიშვნელობის“ იყო საკანონმდებლო ორგანოსთვის და ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდა. თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომელთაც ეს შეთანხმებები გააკრიტიკეს, თავიანთი შეფასებები იმავე დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერეს და მოუწოდეს საპარლამენტო უმრავლესობას თავი შეეკავებინათ ამ შეთანხმებების რატიფიცირებისგან.
ოპოზიციონერი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ისინი წინააღმდეგი არიან შეთანხმების იმ პუნქტისა, რომელიც ამბობს, რომ უმოკლეს დროში უნდა შემუშავდეს შეთანხმება ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე, სადაც ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის პერსონალის და აღჭურვილობის ნაწილი იქნება გამოყენებული.
“ჩვენ ვკითხულობთ, რისთვის არის საჭირო ГРУ-ს შენაერთის ყოფნის ლეგალიზება ბათუმში, რაც ნატოს წევრი სახელმწიფოს [თურქეთის] სიახლოვეს მდებარეობს და როგორ აისახება ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ რესპუბლიკური პარტიიდან 13 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
“მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობას თავი შეიკავოს ამ აბსოლუტურად უსარგებლო შეთანხმების რატიფიცირებისგან, რასაც ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა წარმოგვიდგენს, როგორც უდიდეს წარმატებას, რაც სინამდვილეში ასე არ არის“, – განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.
ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრთან დაკავშირებული საკითხი საპარლამენტო მოსმენაზეც იქნა განხილული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ, რომელმაც შეთანხმება პარლამენტს წარუდგინა რატიფიცირებისათვის, ოპონენტების შეშფოთება ყურადღების მიღმა დატოვა.
შეთანხმების 20-ე მუხლში ნათქვამია: “მხარეები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ შემუშავებას და ხელმოსაწერად მოამზადებენ შეთანხმებას საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის დაფუძნებისა და ფუნქციონირების შესახებ, რომლის შესაბამისად ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შეთანხმებული ნაწილი გამოყენებულ იქნება აღნიშნული ცენტრის ინტერესებისათვის“.
მერაბ ანთაძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ “ვალდებულება რუსეთთან ამ საკითხის განხილვის თაობაზე არ ნიშნავს ავტომატურად ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბებას“.
“მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაგრძელდება, თუ რუსეთი ამ საკითხს დააყენებს“, – განაცხადა ანთაძემ, თან იქვე დასძინა, რომ რუსეთი პასიურობას იჩენს ამ საკითხთან დაკავშირებით.
შეთანხმების ბოლო მუხლმა, რომელიც მისი ძალაში შესვლის ვადებს ეხება, უთანხმოება გამოიწვია არა მარტო ქართველ პარლამენტარებს შორის, არამედ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროშიც.
“წინამდებარე შეთანხმება დროებით გამოიყენება ხელმოწერის თარიღიდან და ძალაში შედის მხარეთა მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ შეტყობინებათა გაცვლის შემდეგ“, – ნათქვამია შეთანხმებაში.
ზოგიერთი ქართველი პარლამენტარი შიშობდა, რომ რუსეთს შეეძლო “შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები“, ანუ შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის სათათბიროში, ბაზების გაყვანის პროცესის გასაჭიანურებლად გამოეყენებინა.
თუმცა მერაბ ანთაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და რუსეთის კანონმდებლობით ხელშეკრულებები ძალაში შედის რატიფიცირების შემდეგ, რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხის გამო, “ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით ასეთი ჩანაწერი გაკეთდა: შეთანხმება დროებით გამოიყენება მანამ, სანამ მისი რატიფიცირება არ მოხდება”.
რუსეთის საელჩომ საქართველოში ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას რატიფიცირება სჭირდება, მისი განხორციელების დაწყება გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებამდე – ამ პოზიციამ ზოგიერთი რუსი პარლამენტარის კრიტიკა გამოიწვია.
სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთიდან“ განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს 12 აპრილს, რომ რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლება არღვევს “პროცედურულ ნორმებს და წესებს“, იგნორირებას უკეთებს რა სათათბიროს ბაზების გაყვანის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო მოსმენამ მეორე შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გავლით სამხედრო ტრანზიტს ეხება, ყოველგვარი დებატების გარეშე ჩაიარა პარლამენტში.
ამ შეთანხმებაზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ მისი ხელმოწერა “კომპრომისი და საქართველოს კეთილი ნების გამოხატულება იყო“.
“ეს ძირითადად რუსეთის და ჩვენი მეზობელი ქვეყნის [სომხეთის] ინტერესებში შედის… საქართველოს მხარეს აქვს უფლება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე შემოთავაზება რუსეთის მხარის ამ გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეულ საფრთხეს ან რაღაც ზიანს მიაყენებს ქართული მხარის ინტერესებს დაუყოვნებლივ ხდება შეტყობინება რუსეთის მხარისთვის და ხელშეკრულების შეწყვეტა 6 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ანთაძემ.