
ოპოზიცია რუსეთთან ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმებას აკრიტიკებს
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიებიდან გააკრიტიკეს რუსეთსა და საქართველოს შორის 31 მარტს მიღწეული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე და მოუწოდეს საპარლამენტო უმრავლესობას არ მოახდინონ ამ დოკუმენტის რატიფიკაცია.
შეთანხმება, რომლის რატიფიცირებასაც პარლამენტმა 13 აპრილს უნდა უყაროს კენჭი, სხდომაზე ოპოზიციონერი პარლამენტარების გარეშე იქნა განხილული, რადგანაც ეს უკანასკნელნი პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ.
ოპოზიციონერი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ისინი წინააღმდეგი არიან შეთანხმების იმ პუნქტისა, რომელიც ამბობს, რომ უმოკეს დროში უნდა შემუშავდეს შეთანხმება ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე, სადაც ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის პერსონალის და აღჭურვილობის ნაწილი იქნება გამოყენებული.
“ჩვენ ვკითხულობთ, რისთვის არის საჭირო ГРУ-ს შენაერთის ყოფნის ლეგალიზება ბათუმში, რაც ნატოს წევრი სახელმწიფოს [თურქეთის] სიახლოვეს მდებარეობს და როგორ აისახება ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ რესპუბლიკური პარტიიდან 13 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
“მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობას თავი შეიკავოს ამ აბსოლუტურად უსარგებლო შეთანხმების რატიფიცირებისგან, რასაც ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა წარმოგვიდგენს, როგორც უდიდეს წარმატებას, რაც სინამდვილეში ასე არ არის“, – განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ, რომელმაც შეთანხმება პარლამენტს წარუდგინა რატიფიკაციისთვის, ოპონენტების შეშფოთება ყურადღების მიღმა დატოვა.
“ვალდებულება რუსეთთან ამ საკითხის განხილვის თაობაზე არ ნიშნავს ავტომატურად ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბებას… მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაგრძელდება, თუ რუსეთი ამ საკითხს დააყენებს“, – განაცხადა ანთაძემ, თან იქვე დასძინა, რომ რუსეთი პასიურობას იჩენს ამ საკითხთან დაკავშირებით.