
პარლამენტი რუსეთთან ტრანზიტზე და ბაზებზე გაფორმებულ შეთანხმებებს განიხილავს
დღეს პარლამენტი განიხილავს და რატიფიცირებას გაუკეთებს საქართველოსა და რუსეთს შორის 31 მარტს ხელმოწერილ შეთანხმებებს “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ” და “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ” .
ხელშეკრულებები დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ წარადგინა. მისი თქმით, ბაზებზე შეთანხმება იმოქმედებს 2008 წლის ბოლომდე, “მიუხედავად იმისა, რუსეთი გაუკეთებს რატიფიცირებას მას თუ არა”.
თუმცა ანთაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს და რუსეთის კანონმდებლობით ხელშეკრულებები ძალაში შედის რატიფიცირების შემდეგ, მაგრამ რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხის გამო, “ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით ასეთი ჩანაწერი გაკეთდა: შეთანხმება დროებით გამოიყენება მანამ, სანამ მისი რატიფიცირება არ მოხდება”.
საპარლამენტო განხილვას ბოიკოტის გამო არ დასწრებია ოპოზიცია. ამდენად, ხელშეკრულებების განხილვამ დებატების გარეშე ჩაიარა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, “ვწუხვარ, რომ არ იყენებენ [ოპოზიცია] შესაძლებლობებს, რომ იმ კითხვებზე მიიღონ პასუხები, რომლებიც მათ აწუხებთ“.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი დღეს პრესკონფერენციას გეგმავს, სადაც გააპროტესტებს ბაზებთან დაკავშირებულ შეთანხმებაში ერთობლივი რუსულ–ქართული ანტიტერორიტული ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებების გაგრძელების ვალდებულების ასახვას.
“ვალდებულება მოლაპარაკებების გაგრძლების არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ანტიტერორისტული ცენტრების შექმნას და დაფუძნებას“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ და აქვე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ რუსეთი წამოწევს ამ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც, ანთაძის თქმით, მოსკოვი პასიურობს.
ბაზებზე შეთანხმება დეტალურად ასახავს 2008 წლის ბოლომდე რუსული სამხედრო ბაზებისა და ობიექტების გაყვანის საკითხებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლების მანძილზე ბაზებზე რუსულ–ქართული მოლაპარაკებების ერთ–ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო ტრანზიტის საკითხი. მისი თქმით, ტრანზიტზე ხელშეკრულების ძირითადი დანიშნულება სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის მომარაგებაა.
“ეს ძირითადად რუსეთის და ჩვენი მეზობელი ქვეყნის [სომხეთის] ინტერესებში შედის და არის კომპრომისული შეთანხმება, ქართული მხარის კეთილი ნება“, – აღნიშნა ანთაძემ.
მისი ინფორმაციით, ხელშეკრულება მოქმედებს 5 წლის განმავლობაში, შემდგომში 1 წლის გაგრძელებით.
“საქართველოს მხარეს აქვს უფლება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე შემოთავაზება რუსეთის მხარის ამ გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეულ საფრთხეს ან რაღაც ზიანს მიაყენებს ქართული მხარის ინტერესებს დაუყოვნებლივ ხდება შეტყობინება რუსეთის მხარისთვის და ხელშეკრულების შეწყვეტა 6 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ მაქსიმალურად დაცულია საქართველოს ინტერესები.