ახალი ამბები

ბურჯანაძემ ღვინის თემა საქართველოს დსთ–ში ყოფნა–არ ყოფნას დაუკავშირა

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ რუსული მხარე რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის საკითხზე, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მოლაპარაკებებს თავს არიდებს. მან არ გამორიცხა, რომ საქართველომ ღვინოზე და სხვა შეზრუვების გამო დსთ–დან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღოს. ბურჯანაძემ ასევე მოუწოდა დსთ–ს წევრ სხვა ქვეყნებს სოლიდარობისაკენ.


“ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საქართველოს დსთ–ში ყოფნა–არ ყოფნასთან დაკავშირებით და მუდმივად დსთ–ში ჩვენ ყოფნასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვქონდა ეკონომიკური არგუმენტები და პოლიტიკურად ის არგუმენტი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურად ამ ფორუმის გამოყენება. ჩვენ დღესაც იგივეს ვიმეორებთ და ვსვამთ ერთ ძალიან სერიოზულ კითხვას და ეს არ არის რიტორიკული კითხვა: თუ ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელთანაც დსთ–ს ქვეყნებიდან რუსეთი სავიზო რეჟიმს აწესებს, თუ ვართ ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც იკრძალება ციტრუსის შეტანა, ჩაის შეტანა, ახლა ღვინის შეტანა, ხვალ ალბათ აიკრძალება ბორჯომის შეტანა, თუ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთის ცალკეულ ძალებში გახმოვანდა, რომ შეიძლება გადარიცხვები აიკრძალოს რუსეთიდან საქართველოში, მაშინ რა აზრი ექნება საქართველოს ამ ორგანიზაციაში ყოფნას?“,  – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ტაჯიკეთის პოზიციაზე, რომელმაც მისი თქმით, მიმართა რუსეთს, რომ მზადაა რუსულ ბაზარზე ქართული და მოლდავური ღვინოები ჩაანაცვლოს.


“მე მესმის, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი ინტერესების განხორციელება უზრუნველყოს, მაგრამ როგორც მინიმუმ, არაკორექტულია სხვისი ინტერესების ხარჯზე ამის გაკეთება… ტაჯიკეთი, ისევე როგორც საქართველო, არის დსთ–ს წევრი და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი სხვა მეგობრები დსთ–დან გაერკვნენ ვითარებაში რაშია საქმე… სასწრაფოდ ცდილობენ, რომ ქართული ღვინოები ჩაანაცვლონ“,  – განაცხადა ბურჯანაძე.


მან მოუწოდა დსთ–ს წევრ ქვეყნებს დაინტერესდნენ, თუ რა ხდება ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით და “გამოგვიცხადონ სოლიდარობა იქ, სადაც საქართველოს პოზიციები ნამდვილად სამართლიანია“.


პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსული მხარე უარს აცხადებს ღვინოსთან დაკავშირებული სირთულეების მოხსნის მიზნით მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს. იგი რუსული მხარის პოზიციის გარკვევის მიზნით საქართველოში რუსეთის ელჩთან შეხვედრას გეგმავს.


“თუ მართლაც ფალსიფიცირებულ ღვინოსთან არის ბრძოლა, ჩვენც ჩავერთოთ ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ ქართული ღვინის იმიჯი რუსეთზე ნაკლებად ჩვენ არ გვაინტერესებს, მაგრამ თუ ფალსიფიცირებულ ღვინოზე არ არის საუბარი და სხვა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ასეთ შემთხვევაში გასაგები ხდება, რატომ არ ესაუბრება რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს“, – განაცხადა 11 აპრილს ბურჯანაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავდ მისი მცდელობისა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დაკავშირებოდა  კოლეგებს რუსეთის სათათბრიროში, “მათი მხრიდანაც განსაკუთრებული სურვილი ასეთი საუბრისა არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიღრმავებს იმ ეჭვს, რომ სწორედ პოლიტიკურ გადაწვეტილებასთან გვაქვს საქმე“.


ბურჯანაძემ ასევე მინიშნა, რომ მთავრობასთან კონსულტაციების გზით უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს პოზიცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე, რადგან “ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ვიმეგობროთ, კონსტრუქციული თანამშრომლობა განვახორციელოთ მათთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მეგობრობა ორმხრივია“.

გარდა ამისა, ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ამ კვირაში შესწორებებს შეიტანს საბაჟო კოდექსში, რათა იმ მეწარმეებს, რომელთაც ექსპორტზე უკვე გატანილი ქართული ღვინოების რუსეთიდან დაბრუნების დროს დამატებითი გადასახადების გადახდა არ მოუწიოთ.

Back to top button