
სააკაშვილი მზადაა შეხვდეს აფხაზეთის ლიდერებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 აპრილს განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას “მხოლოდ კონკრეტული შედეგების მიღების პირობებში“.
“ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს. გამოვთქვი სურვილი, რომ შევხვდე [აფხაზეთის ლიდერებს], მაგრამ შევხვდე კონკრეტული პროგრამებით, წინაპირობების გარეშე, კონკრეტული მოთხოვნებით და კონკრეტული შედეგების მიღების პირობებში მხოლოდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან გიორგი ხევიაშვილთან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრის დროს ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილებოდა დევნილთა ქონების აღრიცხვის საკითხი, რომელიც მათ კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში დატოვეს.
პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთის ლიდერებთან შეხვედრის შემთხევევაში, იგი დააყენებს დევნილთა ქონების და მათი უსაფრთხო დაბრუნების საკითხებს.
“თუ შევხვდები აფხაზეთში მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს [რომ გაიმართოს ეს შეხვედრა], მე დავაყენებ ამ საკითხებს. ეს არ იქნება ზოგადი საუბარი. ეს იქნება საქმიანი საუბარი ამ სახლებზე, ამ ხალხის დაბრუნებასა და მათ უფლებებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სატელიტური ფოტოების გადაღების მეშვეობით აწარმოებს აფხაზეთში არსებული ქონების აღწერას.
“ამ პროგრამის წამომწყები ვიყავი მე როგორც კი გავიგე, რომ ე.წ [აფხაზეთის დე ფაქტო] ხელისუფლება აპირებდა ჩვენი ქონების პრივატიზების შესახებ კანონის მიღებას, მე მხედველობაში არ მყავს მხოლოდ ქართველები, ვგულისმობ ეთნიკური ესტონელების, უკრაინელების, რუსების, ბერძნების და სხვა ეროვნებების წარმომადგენელთა ქონებას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს ტექნიკური საშუალებები და ამის ფული და საკმარისი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ვთქვათ, რომ ყოველი ქონება, ყოველი საკუთრება აქ იქნება ხელშეუხებელი და თუკი ვინმე დაეპატრონება, არის კანონდარღვევა, არის ყაჩაღობა, არის ბანდიტიზმი, არის ქურდობა და ეს არის დასჯადი ჩვენი კანონებით და საერთაშორისო კანონმდებლობით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის ხელისუფლების მცდელობაზე კოსოვოს საკითხი გააიგივოს სხვა კონფლიქტების გადაწყვეტის თემასთან.
“როდესაც ამბობენ აფხაზეთი კოსოვოა, ამ ხალხს ავიწყდება მარტივი რაღაც, კოსოვოსგან განსხვავებით, აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობა არის გაყრილი ეთნიკური წმენდის შედეგად და მათი ქონება არის იქ დარჩენილი. აქ საუბარი კი არ არის, რომ ვიღაცამ უნდა დაიცვას მოსახლეობა გენოციდისგან. აქ განხორციელდა წმენდა ეთნიკური ქართველების და სხვა ეროვნების ხალხის, მათ შორის აფხაზების და მათი ქონების ჩამორთმევა და კონფისკაცია“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, თუმცა დასძინა, რომ “მშვიდობიანი მოგვარება ნიშნავს, რომ ქონება ხელშეუხებელია და მოსახლეობას დაბრუნების უფლება აქვს“.
“ჩვენ ვართ მშვიდობიანი სახელმწიფო, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი განვითარება დემოკრატიის ჩარჩოებში, მაგრამ დემოკრატია ნიშნავს კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებათა პატივისცემას. სახელმწიფო შესაფერის პასუხს გასცემს ყველა დარღვევას და ჩვენ არავინ დაგვადანაშაულებს“, – დასძინა მან.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის საკითხი ხელისუფლებისათვის წამყვანი პრიორიტეტია, რომელიც არასოდეს შეიცვლება.