ახალი ამბები

პრეზიდენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი დღეს რუსთავში ქარხანა “აზოტს” ესტუმრა, სადაც ვრცლად ისაუბრა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.


პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისთვის შექმნილ პრობლემებს და განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, ქართულ ღვინოს აქვს რეალური პერსპექტივები სხვა ქვეყნების ბაზრებზე გავიდეს და ასევე დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე.


“ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრად უფრო ჩქარი ტემპით განვითარდეს. მარტო ციფრებში კი არა, რეალურად განვითარდეს. ამისათვის ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვნად გამარტივებული საგადასახადო კოდექსი, რომელმაც სამჯერ შეამცირა გადასახადების რაოდენობა…   85%-ით შემცირდა ლიცენზიების რაოდენობა და ნებართვები, ხალხს ძალავდნენ ფულს ამ ლიცენზიების და ამ ნებართვებისთვის… გამარტივდა რეგულირება მშენებლობის სფეროში… ჩვენი ფსიქოლოგია არის მარტივი –  მაქსიმალურად უნდა შემოვიტანოთ ინვესტიცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა 6 აპრილს.


მისი თქმით,  ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა მოიხსნას ყველა “ხელოვნური ბარიერი”. 


“კანონიერი ბიზნესის მკეთებლებს საქართველოში ყველა საზღვარი უნდა გავუხსნათ, ყველა დაბრკოლება უნდა მოვუხსნათ, ყველა ხელოვნური მაკონტროლებელი მოვუხსნათ იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა წავიდეს წინ“, – დასძინა პრეზიდენტმა.


თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ასევე ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის ტენდენციაზეც გაამახვილა ყურადღება.


“2005 წელს ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 9,5%–ით, ეს არის ყველაზე მაღალი ტემპი მსოფლიოში. მე გამიხარდებოდა, რომ გავიზარდოთ 100%-ით, მაგრამ ასეთი ზრდა არ არსებობს. მათ შორის ზოგიერთ სექტორში მართლაც რეკორდულად გავიზარდეთ… ფინანსურ სექტორში – 50%-ით. 54 ათასმა მეწარმემ დაიწყო საქმიანობა საქართველოში შარშან. მე მინდა გითხრათ, იანვრის შემდეგ მარტის ბოლომდე  დარეგისტრირდა 16 ათასი ახალი ფირმა და მეწარმე. ეს არის მინიმუმ 16 ათასი ახალი [სამუშაო] ადგილი… 2004-2005 წლებში პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 2000 წლამდე მიღებულ შემოსავალს გადააჭარა 9-ჯერ, წელს პრივატიზაციიდან ჩვენ ვარაუდობთ, რომ მივიღოთ 2-ჯერ, 3-ჯერ მეტი, ვიდრე მივიღეთ მთელი ამ წლების განმავლობაში… საქართველოს ბიუჯეტში 752 მლნ-ით მეტი შევიდა 2005 წელს, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. წელს ჩვენი ბიუჯეტი გაიზრდება მილიარდი ლარით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება საბაჟო კოდექსის გამარტივებას და საბაჟო გადასახადების შემცირებას გეგმავს.


„ჩვენ ეხლა ვიღებთ ახალ საბაჟო კოდექსს, რომელმაც მკვეთრად უნდა გაამარტივოს ყველაფერი. დღეს მაგალითად ზოგიერთი რაღაცის შემოსატანად საჭიროა 116 დოკუმენტი.. 116 ბარიერია გადასალახავი …მაქსიმალური რაოდენობა იქნება მხოლოდ 30 და ამ რაოდენობასაც შევამცირებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ფონზე რუსეთმა “ჩაკეტა საქართველოსთვის და მოლდოვასთვის მთლიანად ღვინის ბაზარი“ ფალსიფიკაციის მოტივით მაშინ, როცა “ფალსიფიცირებული ქართული ღვინო აღარ არსებობს“.


“ღვინის ჩაკეტვა არის ყველაზე დიდი სიბინძურე, რაც შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გააკეთონ. ვერ გაიმარჯვებს ეს ბინძური ძალა. ამაში ვართ დარწმუნებული… მე ვაფრთხილებდი ჩვენს მეღვინეებს, რომ არის დიდი შანსი იმისა, რომ რუსეთმა ბაზარი დაკეტოს გარკვეული თავისი მოსაზრებით… დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ზარალს ვერავინ ვერ მოგვაყენებს, რომ გაგვანადგუროს. ჩვენ მოვნახავთ ახალ ბაზრებს, ახალ პერსპექტივებს  მივიღებთ და აუცილებლად დავიბრუნებთ რუსეთის ბაზარს. ეს არის ჩვენი ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება… და ჩვენ გავარღვევთ ამ ბლოკადას, არ გავახარებთ საქართველოს არაკეთილმოსურნეს, არ გავახარებთ იმ ხალხს, ვინც არამარტო ქვეყნის გარეთ ფიქრობს, რომ დაგვანგრია, არამედ ქვეყნის შიგნით და ჰგონიათ,  რომ ამათი ცუდი დღეები დგება… ბოროტი ძალები ვერ გაიმარჯვებენ რა ბინძური მეთოდებიც არ უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა გაიზარდა ღვინის პროდუქციის წარმოება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან “მკვერთი ნაბიჯები“ გადაიდგმება ეკონომიკის ამ სექტორის გადასარჩენად.


“ჩვენ კი არ უნდა ვიწუწუნოთ, არამედ ჩვენ უნდა ვანახოთ საქართველოს მოწინააღმდეგეს, რომ ეს ის ხალხი არ არის, რომელსაც ბლოკადებით და ემბარგოებით თავის გადაწყვეტილებას შეუცვლი, ეს ის ხალხი არ არის, რომელსაც ბლოკადებით აფხაზეთზე, ცხინვალზე ათქმევინებ უარს. ბლოკადებით თავისუფლებაზე და განვითარებაზე ათქმევინებ უარს. ეს ის ხალხია, რომელიც მეგობრობას აფასებს და ჩვენ გვინდა რუსეთთან მეგობრობა. ეს ქარხანა [“აზოტი”] არის რუსეთთან მეგობრობის შედეგი. ჩვენ მეგობრობას ვაფასებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს “აზოტის’ ქარხანაში გამოსვლისას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button