ახალი ამბები

ვალერი გელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა







ვალერი გელაშვილს, რესპუბლიკური პარტიის
ბიზნესმენ წევრს, პარლამენტმა უფლებამოსილება
შეუწყვიტა.
პარლამენტმა 31 მარტს 124 ხმით არცერთის წინააღმდეგ უფლებამოსილება შეუწყვიტა ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრს, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს პარლამენტარისათვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით.  


ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, განაცხადეს რომ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება “ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიის“ ნაწილია.


დეპუტატებმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადეს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გელაშვილის უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ ხარვეზებს შეიცავს.     


31 მარტს კანონმდებლებმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა განიხილეს, რომელშიც ნათქვამია, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრი ვალერი გელაშვილი მის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანია “ევრას” მართვაში მონაწილეობდა.  


პარლამენტარებმა მმართველი პარტიიდან გელაშვილის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა მოითხოვეს მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა გიგი უგულავამ 18 მარტს განაცხადა, რომ ავლაბარში მდებარე 84-ე სკოლაში გაჩენილი ხანძრის უკან შესაძლოა კომპანია “ევრა“ იდგეს. ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კომპანია “ევრას“ სურდა იმ ტერიტორიის ხელში ჩაგდება, სადაც სკოლა მდებარეობდა.


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის თანახმად, გასული წლის ოქტომბერში გელაშვილი განათლების მინისტრს კახა ლომაიას შეხვდა და კომპანია “ევრას“ მიერ ავლაბარში ახალი სკოლის მშენებლობის საკითხი განიხილა. დეპუტატმა მმართველი პარტიიდან რატი სამყურაშვილმა, რომელსაც ეკუთვნის ინიციატივა გელაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, განაცხადა, რომ ეს იყო მთავარი სამხილი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გელაშვილი თავის საკუთარ ბიზნესს ლობირებდა და კომპანია “ევრას“ მენეჯმენტში მონაწილეობდა.


თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, გელაშვილი განათლების მინისტრს ავლაბრის რაიონის ინტერესების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში შეხვდა და არა როგორც კომპანია “ევრას“ წარმომადგენელი.  მეორე მხრივ, ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ გელაშვილის შეხვედრა განათლების მინისტრთან ვერ გადაწყვეტდა სკოლის ბედს, რადგანაც თბილისის მუნიციპალიტეტია სკოლის შენობის მფლობელი.

ოპოზიციამ ასევე მოითხოვა განათლების მინისტრის კახა ლომაიას მისვლა პარლამენტში, რათა დეპუტატებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა გელაშვილთან შეხვედრის დეტალებზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ არსობობსა განათლების მინისტრის წერილობითი ჩვენება.


“არ არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას მხარი დავუჭიროთ, რადგანაც კომიტეტის დასკვნაში მოცემული მტკიცებულება აბოლუტურად არასაკმარისია. პარლამენტი წააგებს საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა დეპუტატმა “მრეწველებიდან“ ზურაბ ტყემალაძემ საპარლამენტო მოსმენის დროს.


ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიებიდან განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის კამპანია დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ იმ შურისძიების გაგრძელება იყო, რომელიც ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთმა “რეზონანსმა“ გასულ ზაფხულს გამოაქვეყნა ინტერვიუ ვალერი გელაშვილთან, რომელშიც ამ უკანასკნელმა პრეზიდენტის და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. ამ  ინტერვიუდან ცოტა ხნის შემდეგ 2005 წლის 14 ივლისს გელაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.


იმ დროს გელაშვილმა ეს თავდასხმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული, “ევრას“ და ხელისუფლებას შორის პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ დაპირისპირებას დაუკავშირა.          


ამჟამად გელაშვილი ვილნიუსში იმყოფება, სადაც ის 1997 წლამდე ცხოვრობდა და სადაც გარკვეულ ბიზნეს საქმიანობას აწარმოებს.


“ჩვენ პარლამენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ საჭირო იქნება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც სტრასბურგში“, – განუცხადა ვალერი გელაშვილმა ტელეკომპანია “იმედს“ პარლამენტის გადაწყვეტილებიდან ცოტა ხნის შემდეგ.


მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება იყო შურისძიება მის წინააღმდეგ. “მე ვიყავი ბიზნესმენი, რომელმაც უარი თქვა მათთვის [ხელისუფლებისთვის] ფული გადაეხადა და ხმამაღლა განვაცხადე [ხელისუფლებასთან ფინანსურ დაპირისირების თაობაზე] პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გელაშვილმა.


“ვიცოდი, რომ პარლამენტი მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას… ასევე ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმებოდა და ვუთხარი ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. სამი დღის შემდეგ სკოლა დაიწვა და ხელისუფლებამ მე დამადანაშაულა“, – დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button