
ოპოზიცია პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს
31 მარტს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ვალერის გელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გელაშვილზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ გააკეთეს. პარლამენტის სხდომა ახალ მემარჯვენეებთან და დემოკრატიულ ფრონტთან ერთად დატოვეს მრეწველებმაც.
თუმცა მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ 1 აპრილს “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ პლენარულ სხდომებისადმი მისი ფრაქციის ბოიკოტის საკითხი “კონსულტაციების შედეგად გადაწყდება”.
“ჩვენ გუშინდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ, თუმცა ბოიკოტთან დაკავშირებით ჩვენი საბოლოო პოზიცია კონსულტაციების შედეგად გაირკვევა”, – განაცხადა ტყემალაძემ.
“ოპოზიციური ფრაქციები ვაცხადებთ, რომ დღეიდან ვიწყებთ პარლამენტის პლენარული სხდომების ბოიკოტირებას, რადგან უმრავლესობა კონსტრუქციული თანამშრომლობის შანსს არ გვიტოვებს“, – განაცხადა 31 მარტს ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.
“მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ლუკაშენკოს პარლამენტსაც კი ჰყავს ფრაქციები, ამ პარლამენტს კი არა… ეს არის ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა დემოკრატიული ფრონტის ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი “არ გამოვრიცხავ ძალიან დიდხანს გაგრძელდეს“.
“წარმოუდგენლად გვესახება ჩვენ ამ უმრავლესობასთან მუშაობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დემოკრატილი ფრონტის თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა, რომ “ეს არ შესრულდება“.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ უმრავლესობას რამოდენიმე დღით ადრე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებდა.