ახალი ამბები

ბოკერია: პატარკაციშვილი ვერ შეძლებს ხელისუფლების დაშანტაჟებას

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლების წინააღმდეგ გავლენიანი ბიზნესმენის, ტელეკომპანია “იმედის“ დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ “ის ვერ შეძლებს ხელისუფლების დაშანტაჟებას მისი ტელევიზიის ან მისი გავლენის მეშვეობით“.


“მე მინდა ბატონ ბადრის ვუთხრა მადლობა. ჯერ პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც იქნა ის გამოვიდა ჩრდილიდან და როგორც ჩანს, ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის რეალური ლიდერი და შესაძლოა სპონსორიც. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მას გულწრფელობისთვის, ბატონმა ბადრიმ პირდაპირ უთხრა დღეს საზოგადოებას რაში მდგომარეობს მისი უკმაყოფილების რეალური მიზეზი. მან პირდაპირ თქვა, რომ ამ უკმაყოფილების რეალური მიზეზი არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ის, რომ მან ვერ მიიღო პრივილეგიები, ის რომ მან ვერ დაჩაგრა კონკურენტები, ის რომ ის ვერ ჩამოყალიბდა ქართული ბიზნესის დონ კორლეონედ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე.


ბოკერიას განცხადებით, პატარკაციშვილმა გასული წლის ბოლოს და ამ წლის დასაწყისში წააგო რამოდენიმე ტენდერი, რომელიც ეხებოდა ფოთის პორტს და რამოდენიმე სატელეკომუნიკაციო ტენდერს და “ამის შემდეგ გადაწყვიტა გამოეყენებინა გირგვლიანის თემა ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის”.

“როგორც ჩანს, იგი ვერ ივიწყებს მის წარსულს  – ელცინის რუსეთს, როცა ის და მისი მეგობრები აკონტროლებდნენ ყველაფერს  – ხელისუფლებას, ბიზნესს, ხელში ჩაიგდეს უზარმაზარი ქონება. მაგრამ დღევანდელი საქართველო არ არის ელცინის რუსეთი. ამავე დროს დღევანდელი საქართველო არ არის პუტინის რუსეთი, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან, იჭერენ ან ტელევიზიებს ხურავენ. ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, ტელევიზია, სიტყვის თავისუფლება არის ხელშეუხებელი. ბატონ ბადრის შეუძლია იმოღვაწეოს პოლიტიკაში, ბიზნესში, მაგრამ ის ვერ შეძლებს ხელისუფლების დაშანტაჟებას მისი ტელევიზიის ან მისი გავლენის მეშვეობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დღეს ებრძვის მოსკოვი, ოლიგარქები და ქურდები. “ეს ბრძოლა დამთავრდება მათი მარცხით, მაგრამ ამ ბრძოლას საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ შეწირავს არც ადამიანის უფლებებს, არც სიტყვის თავისუფლებას, არც ბიზნესის თავისუფლებას“,  – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


ამასთან, ბოკერია აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედზე“ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს ხელისუფლებისათვის მაამებელი ტელევიზიაა, პირიქით… მე მიმაჩნია არანორმალურად, რომ ტელევიზია მეპატრონის ნებას ასე მისდევს. ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა“.


პატარკაციშვილის წინადადებაზე, რომ ბიზნესსა და ხელისუფლება შორის განახლდეს დიალოგი, გიგა ბოკერიამ განაცხადა, “თუ დიალოგი მიზნად ისახავს იმას, რომ ვიღაცა იქნება ქურდი ბიზნესში და ხელისუფლება მასთან შეათანხმებს ყველა საკითხის გადაწყვეტას, ასეთი დიალოგი არ იარსებებს. სხვა ნებისმიერი დიალოგი არის აბსოლუტურად მისაღები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button