
აშშ მოუწოდებს თბილისს გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები
აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ 27 მარტს ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა , რომ “საქართველოს გამოწვევად კვლავ რჩება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“.
მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ მიუხედავად “საქართველოს მიღწევებისა” და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ “ბევრი რამ გაკეთდა“ საგანმანათლებლო სისტემის, სასამართლო სისტემის, პოლიციის რეფორმირების, კორუფციის შემცირების და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის კუთხით, “ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს [საქართველოში] ეუთოს მისიის წუხილებს წინასწარი პატიმრობის ზედმეტად ხანგრძლივი ვადის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, უმცირესობათა სტატუსის და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით“.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მოაგვაროს ეს საკითხები… ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის შეძლებისდაგვარად დახმარების აღმოსაჩენად“, – განაცხადა ფინლიმ.
აშშ-ს ელჩმა ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოხსენების საპასუხოდ გააკეთა. ამ უკანასკნელმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა მოხსენება.
თავის გამოსვლაში აშშ-ს ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და დაგმო სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მოწოდებები რეგიონის რუსეთთან გაერთიანების თაობაზე.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც ამჟამად ვლადიკავკაზში მიმდინარეობს, “დასრულდება შეთანხმებით სამხრეთ ოსეთზე კოორდინირებული სამშვიდობო გეგმის შემუშავების თაობაზე, რომელშიც აისახება როგორც თბილისის, ისე ცხინვალის ინტერესები“.
“ამგვარი ქმედება გზას გაუკვალავს საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სტატუსზე შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით“, – დასძინა მან.