ახალი ამბები

ციხეში შეტაკების შედეგად “რამდენიმე“ პატიმარი გარდაიცვალა

თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა. დაჭრილია სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი და სულ ცოტა 16 პატიმარი.


იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ დღეს დილით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა თავიდან აიცილა კრიმინალური ავტორიტეტების მიერ “კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“. იგეგმებოდა ციხიდან გაქცევა, რასაც წინ უძღოდა ბუნტი. ქავთარაძემ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა. იუსტიციის სამინისტრომ გამოქვეყნა მხოლოდ 17 დაჭრილი პატიმრის სია. თუმცა, მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ 17 პატიმრიდან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


“დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 02:30 საათზე სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-5 საპყრობილეში ადგილი ჰქონდა ბუნტს და გაქცევის მცდელობას… ეს კარგად დაგეგმილი ამბოხება “კანონიერი ქურდების“ მიერ იყო ორგანიზებული… ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დილით ჩვენი დედაქალაქი რეალური საფრთხის წინაშე იდგა, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ადამიანები გაქცეულიყვნენ ციხიდან… სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გააფრთხილა მეამბოხეები, რომ თუკი არ დაწყნარდებოდნენ და არ დაუბრუნდებოდნენ თავიანთ საკნებს, აუცილებლად დაიწყებოდა ოპერაცია. სამწუხაროდ, ამ გაფრთხილებამ შედეგი ვერ გამოიღო. დაიწყო ოპერაცია, რომელმაც დაახლოებით 2 საათს გასტანა. ოპერაციის შედეგად არიან გარდაცვლილები. ასევე, დაჭრილია ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი, ხოლო 10 თანამშრომელს მიყენებული აქვს სხვადასხვა დაზიანება“, – განაცხადა გია ქავთარაძემ.


მისი თქმით, მე-5 საპყრობილეში მომხდარი ბუნტი “ფართომასშტაბიანი კარგად დაგეგმილი პროვოკაციის“ ნაწილი იყო, რადგანაც ანალოგიური მოვლენები ქვეყნის სხვა საპყრობილეებშიც იგეგმებოდა.  


პოლიციის ოპერაციის დროს ციხიდან სროლის ხმა ისმოდა. გია ქავთარაძემ ასევე განაცხადა, რომ ციხეში რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი იქნა აღმოჩენილი. “გამოძიება დაადგენს, თუ როგორ მოხვდა იარაღი ამ დაწესებულებაში”, – დასძინა მან.


პატიმართა ნათესავები, რომელთაც მთელი ღამე მე-5 საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს, უიმედოდ ცდილობდნენ რაიმე ინფორმაციის მოპოვებას ციხეში განვითარებული მოვლენების შესახებ და სპეცდანიშნულების რაზმს და ციხის ხელმძღვანელობას პატიმრების წინააღმდეგ გამოჩენილ სასასტიკეში ადანაშაულებდნენ.


იუსტიციის მინისტრის თქმით, ციხის შენობა “თავიდან ბოლომდე დანგრეულია, ამოღებულია ყველა კარი და გისოსები. ამდენად, ჩვენ დავიწყეთ იქ მოთავსებული კონტიგენტის გადანაწილება სხვა დაწესებულებებში, მანამ, სანამ არ მოხდება ამ დაწესებულების აღდგენა”,- დასძინა ქავთარაძემ.


იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავებს დაგეგმილი ბუნტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 25 მარტს ჰქონდათ და ამის დასამტკიცებლად მან ფარული კამერით გადაღებული ვიდეოფირი უჩვენა. ფირზე აღბეჭდილია, თუ როგორ აძლევენ პატიმრები მალხაზ ზედელაშვილი და პაატა მამარდაშვილი, რომელთაც იუსტიციის მინისტრმა კრიმინალური ავტორიტეტები უწოდა, მითითებებს კიდევ ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ზურაბ ვიბლიანს ციხეში ბუნტის მოწყობის შესახებ. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააკრიტიკა ციხის თანამშრომლები, რომელთაც ვერ შეძლეს ბუნტის აღკვეთა.


“რატომ ვერ აღკვეთეს, თუ წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ? ვფიქრობ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა – არ ვიცი ზუსტად ვინ, იმათმა ვინც იცოდა წინასწარ – აუცილებლად პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა თევდორაძემ.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 27 მარტს რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს განუცხადა, რომ ხმები ციხეში დაგეგმილი ბუნტის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა. მისი თქმით, ეს ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც დაიწყო რეფორმა, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტების სხვა პატიმრებისგან განცალკევებას ითვალისწინებდა.


იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბუნტი პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების წინააღმდეგ იყო მიმართული. “ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს, რათა სრული კონტროლი დავამყაროთ ციხეებზე”, – განაცხადა გია ქავთარაძემ.  


ბოლო თვეების მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა ციხეებში პატიმრებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ.      


2005 წლის დეკემბერში ქუთაისის ახალ საპყრობილეში პატიმრებმა ხანძრის გაჩენა და ბუნტის მოწყობა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნტის მიზეზი ახლადაშენებულ ციხეში ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები გახდა. 2006 წლის იანვარში ასევე მოხდა პოლიციის შეტაკება პატიმრებთან, მას შემდეგ რაც პოლიციის სპეცრაზმმა რუსთავის ციხის საკნების ჩხრეკა დაიწყო.


პატიმართა ნათესავები აცხადებენ, რომ ამ უწესრიგობის მთავარი მიზეზი არის არაადამიანური პირობები და პატიმართა ჩაგვრა ციხის თანამშრომლების მხრიდან. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ბუნტების უკან ციხეში მყოფი კრიმინალური ბანდები დგანან, რომლებიც ცდილობენ კონტროლი დაამყარონ ციხეებზე, რაც სისტემაში მიმდინარე რეფორმამ მნიშვნელოვნად შეასუსტა. ოფიცალური პირების განცხადებით, მათი კამპანია მიზნად ისახავს ე.წ. “ობშიაკის“ პრაქტიკის აღმოფხვრას, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები ანუ „კანონიერი ქურდები“ გარკვეულ გადასახადებს კრებენ სხვა პატიმრებისგან.


თუმცა ადამიანის უფლებათა ჯგუფები ხელისუფლებას და პოლიციის სპეცდანიშნილების ნაწილებს პატიმრების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში სდებენ ბრალს.  


2005 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია დანიშნა და მათ უფრო მტკიცე რეფორმების გატარება დაავალა.   

Back to top button