skip to content
ახალი ამბები

ციხეში მომხდარი შეტაკების შედეგად “რამდენიმე“ პატიმარი გარდაიცვალა

იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის განცხადებით, თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა და სულ ცოტა ორი პოლიციელი დაიჭრა. 


“დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 02:30 საათზე სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-5 საპყრობილეში ადგილი ჰქონდა ბუნტს და გაქცევის მცდელობას… ეს კარგად დაგეგმილი ამბოხება „კანონიერი ქურდების“ მიერ იყო ორგანიზებული… ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ დღეს დილით ჩვენი დედაქალაქი რეალური საფრთხის წინაშე იდგა, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ადამიანები გაქცეულიყვნენ ციხიდან… სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გააფრთხილა მეამბოხეები, რომ თუკი არ დაწყნარდებოდნენ და არ დაუბრუნდებოდნენ თავიანთ საკნებს, აუცილებლად დაიწყებოდა ოპერაცია. სამწუხაროდ, ამ გაფრთხილებამ შედეგი ვერ გამოიღო. დაიწყო ოპერაცია, რომელმაც დაახლოებით 2 საათს გასტანა. ოპერაციის შედეგად არიან გარდაცვლილები. ასევე, დაჭრილია ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი, ხოლო 10 თანამშრომელს მიყენებული აქვს სხვადასხვა დაზიანება“, – განაცხადა გია ქავთარაძემ 27 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არ დააკონკრეტა.


მისი თქმით, მე-5 საპყრობილეში მომხდარი ბუნტი “ფართომასშტაბიანი კარგად დაგეგმილი პროვოკაციის“ ნაწილი იყო, რადგანაც ანალოგიური მოვლენები ქვეყნის სხვა საპყრობილეებშიც იგეგმებოდა.  


გია ქავთარაძემ ასევე განაცხადა, რომ ციხეში ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი იქნა აღმოჩენილი. “გამოძიება დაადგენს, თუ როგორ მოხვდა იარაღი ამ დაწესებულებაში”, – დასძინა მან.


მისი თქმით, ციხის შენობა “თავიდან ბოლომდე დანგრეულია, ამოღებულია ყველა კარი და გისოსები. ამდენად, ჩვენ დავიწყეთ იქ მოთავსებული კონტიგენტის გადანაწილება სხვა დაწესებულებებში, მანამ, სანამ არ მოხდება ამ დაწესებულების აღდგენა”,- დასძინა ქავთარაძემ.


იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია 25 მარტს დაგეგმილი ბუნტის შესახებ და ამის დასამტკიცებლად მან ფარული კამერით გადაღებული ვიდეოფირი უჩვენა. ფირზე აღბეჭდილია, თუ როგორ აძლევენ პატიმრები მალხაზ ზედელაშვილი და პაატა მამარდაშვილი, რომელთაც იუსტიციის მინისტრმა კრიმინალური ავტორიტეტები უწოდა, მითითებებს ავტორიტეტ ზურაბ ვიბლიანს ციხეში ბუნტის მოსაწყობად. 


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 27 მარტს რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს განუცხადა, რომ ხმები ციხეში დაგეგმილი ბუნტის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა. მისი თქმით, ეს ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც დაიწყო რეფორმა, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტების სხვა პატიმრებისგან განცალკევებას ითვალისწინებდა.


იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბუნტი პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების წინააღმდეგ იყო მიმართული. “ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს, რათა სრული კონტროლი დავამყაროთ ციხეებზე”, – განაცხადა გია ქავთარაძემ.   


     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button