ახალი ამბები

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ  – რესპუბლიკელებმა, ახალმა მემარჯვენეებმა, ლეიბორისტებმა, კონსერვატორებმა, თავისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა დღეს ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც პროტესტია გამოხატული ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.  მემორანდუმის ადრესატი საერთაშორისო საზოგადოებაა.


მემორანდუმში, რომელიც მეგობარი ქვეყნების საელჩოებს გაეგზავთან, ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობაზე, დაკავებულთა წამებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა რეპრესიებზე, მასმედიის საშუალებებისა და ჟურნალისტების შევიწროებაზე, მოქალაქეთა კერძო საკუთრების უფლებათა ხელყოფასა და მეწარმეობის განვითარებისათვის შემაფერხებელი პირობების შექმნაზე.


“საქართველოს პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არაერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავებს საეჭვო პირთა ადგილზე ლიკვიდაციისკენ“, – ნათქვამია მემორანდუმში.


ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტზე ამახვილებენ. “მხოლოდ საზოგადოების მხრიდან უკიდურესი პროტესტის გამოხატვის შემდეგ გახდა შესაძლებელი უშუალო მკვლელების ერთი ნაწილის დაკავება, თუმცა მკვლელობის ორგანიზატორები ჯერ კიდევ თავისუფალნი არიან და აგრძელებენ საქმიანობას“, – ნათქვამია მემორანდუმში.


ასევე პროტესტია გამოთქმული პარლამენტარი ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის ფაქტზე.

მემორანდუმში საუბარია ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ იძულებით შანტაჟის გზით მეწარმეთა კუთვნილი წილის გადაფორმებისა და მისაკუთრების მრავალრიცხოვან შემთხვევებზე, არა გამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესზე.


“საქართველოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ცდილობს მთლიანად შეითავსოს სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებათა ფუნქციები, რაც გამოიხატება სასამართლო ხელისუფლებაზე აშკარა და პირდაპირ ზეწოლაში, ხელისუფლების მიერ დაკვეთილი პოლიტიკური სასამართლო პროცესების წარმართვაში, კვალიფიციურ მოსამართლეთა სასამართლო სისტემიდან განდევნასა და შევიწროებაში“, – ნათქვამია მემორანდუმში.


ოპოზიცია ასევე აპროტესტებს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც  “პრაქტიკულად გამორიცხავს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას“.  მემორანდუმში ნათქვამია, რომ ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგია ქალაქების მერების პირდაპირი წესით არჩევის, პარლამენტის არჩვნებში 7%-იანი ბარიერის დაწევის, პარიტეტული საარჩევნო კომისიის შექმნის, ამომრჩეველთა გამჭვირვალე სიის შედგენის, პრეზიდენტისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის დაუშვებლობის და სხვა.


“საგანგაშოა მასმედიის საშუალებათა შევიწროების, გამოგონილი მიზეზებით ჟურნალისტთა დაპატიმრებისა და ცემის ფაქტები, რომელთა რიცხვმა, მხოლოდ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ორ ათეულს გადააჭარბა, ხოლო საზოგადოებრივი ტელევიზიიდან და მასმედიის სხვა საშუალებებიდან ჟურნალისტთა უკანონო დათხოვნის შემთხვევებმა რამდენიმე ასეულს მიაღწია“, – ნათქვამია მემორანდუმში.


“მიგვაჩნია, რომ შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის კოორდინირებული მოქმედება ხელისუფლების უკანონო და რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ… უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დაცვისა და განმტკიცების საქმეში, რაც შესაძლებელს გახდის არასასურველი პოლიტიკური პროცესების თავიდან აცილებას“, – ნათქვამია მემორანდუმში. 

Back to top button