
თურქეთმა და საქართველომ ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს
თბილისში 14 მარტს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტები მიესალმნენ ორმხრივ ურთიერთობებს და მას “ახლო მეგობრული“ უწოდეს.
თურქეთის პრეზიდენტი აჰმეთ ნეჯეთ სეზერი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 14 მარტს ჩამოვიდა. პრეზიდენტი სეზერი საქართველოს პირველად 2001 წლის ნოემბერში ესტუმრა. პრეზიდენტებმა პრესისათვის განცხადებები ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის გარეშე გააკეთეს. პრეზიდენტი სეზერი ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს.
ეკონომიკური ურთიერთობები
ვიზიტის ფარგლებში თურქეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბათუმის აეროპორტის ერთობლივი ექსპლოატაციის თაობაზე.
თურქეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ტუნჩერ კაიალარის და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის მიერ 14 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით, ბათუმის აეროპორტი თურქეთის შიდა ფრენების ქსელის ნაწილი გახდება. გასული წლის სექტემბერში თურქული კომპანიების კონსორციუმმა “ტავმა“ და “ურბანმა“ პირობა დადეს 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში. კონსორციუმი ასევე არემონტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს.
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კარგი მაგალითია. მისი თქმით, ზაფხულში ბათუმის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკი გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე“.
ამჟამად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თურქეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ქურსად ტუზმენმა თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის დროს იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ვაჭრობა მომდევნო წლებში 2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
პრეზიდენტმა სეზერმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ორი პრეზიდენტი შეთანხმდა გააძლიერონ ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკური პროექტების საშუალებით.
“ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის დარგში ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმის და თევზჭერის სფეროებში. უეჭველია, რომ ეკონომიკური ურთიერთობების საკანონმდებლო ბაზის დასრულება უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
“კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა, რომ რეგიონისათვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი გაზსადენი დაემატოს ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი“, – განაცხადა მან.
თურქეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგა ზაფხულში ჯეიჰანში დაპატიჟა, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან გატარებული პირველი ნავთობის ტანკერში ჩატვირთვის ცერემონიაა დაგეგმილი.
სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების მნიშვნელობას. საქართველომ და თურქეთმა სამთვიან ვიზიტებზე 2006 წლის თებერვლიდან ვიზები გააუქმეს.
სააკაშვილის თქმით, ეს ფაქტი წინ უსწრებდა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას.
“ეს იყო ისტორიული დამთხვევა, როდესაც მეზობელმა ქვეყანამ შეწყვიტა ვიზების გაცემა და თურქეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ ტურიზმს და უფრო ახლო ეკონომიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთს იანვარში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული “ენერგოსაბოტაჟის“ დროს ელექტროენერგიის მოწოდების გამო.
“ჩვენ ვიწყებთ თურქეთთან ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებითი ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი განვახორციელოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკების ინტეგრირებას, რაც დაეხმარება ორმხრივ განვითარებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პოლიტიკური მხარდაჭერა
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა მხარს დაუჭერს საქართველოს სწრაფვას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა დადო, რომ საქართველო მყარად და მუდმივად დაუჭერს მხარს თურქეთის შესვლას ევროკავშირში.
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, თურქეთი არის “დიდი სახელმწიფო“, რომელიც საქართველოს “ახლო მეგობარია“.
“მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვის პირადი მისაბაძი მაგალითი არის მუსტაფა ქემალ ათათურქის საქმიანობა თურქეთის გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად. მე მიმაჩნია, რომ ის რაც მან გააკეთა თურქეთისთვის, ჩვენ უნდა იგივე გავაკეთოთ საქართველოსთვის. საქართველო უნდა გახდეს თანამედროვე, ერთიანი, განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და ბევრ რაღაცაში ჩვენ ვბაძავთ ჩვენს მეზობელს და მეგობარს – თურქეთს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ჩვენ ასევე მადლობელი ვართ თურქეთის მხარდაჭერისთვის ნატოში გაწევრიანების საკითხში. საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაცია არის სასიცოცხლო საკითხი ჩვენი პოლიტიკური განვითარებისთვის. ჩვენ ვართ მყარი, მუდმივი მხარდამჭერი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი, დაგვიანებული გარკვეულწილად და სწრაფად დასამთავრებელი პროცესი“, – დასძინა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთს და საქართველოს ახლო თანამშრომლობა აქვთ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის და განვითარების კუთხით.
პრეზიდენტმა სეზერმა განაცხადა, რომ თურქეთი მიესალმება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხის გადადგმულ ნაბიჯებს.
“თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ორიენტაციას, რომელიც ითვალისწინებს ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში და კერძოდ, ნატოში ინტეგრაციას. მოწონებით ვადევნებთ თვალყურს ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
“გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრობლემები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგებში მშვიდობიანი მეთოდებით და კონსტრუქციული მიდგომებით გადაწყდეს. ვისურვებდით, რომ ყველა ეს პრობლემა გადაიჭრას უმოკლეს დროში… ასევე ვისურვებდით, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას ფართო თანამშრომლობის ატმოსფერო. ამ კუთხით, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით“, – განაცხადა აჰმედ ნეჯეთ სეზერმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის მნიშვნელობა.
“ინტერესით ვადევნებთ თვალყურს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ მუშაობას მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით. თურქეთი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეპატრიაციის პროცესში“, – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისევე როგორც წინა წლებში, თურქეთი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, თავის წვლილს შეიტანს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკური სტაბილურობის და განვითარების საქმეში.