ახალი ამბები

სააკაშვილი თურქეთთან ახლო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 მარტს თურქეთის პრეზიდენტთან აჰმედ ნეჯეთ სეზერთან თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი არის “დიდი სახელმწიფო“, რომელიც საქართველოს “ახლო მეგობარია“. სააკაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველო მყარად და მუდმივად უჭერს მხარს თურქეთის შესვლას ევროკავშირში. მან იქვე დასძინა, რომ საქართველო მადლიერია თურქეთის, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. “დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკების ინტეგრირებას, რაც დაეხმარება ორმხრივ განვითარებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.


თურქეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ტუნჩერ კაიალარმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 14 მარტს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბათუმის აეროპორტის ერთობლივი ექსპლოატაციის შესახებ. გასული წლის სექტემბერში თურქული კომპანიების კონსორციუმმა “ტავმა“ და “ურბანმა“ პირობა დადეს 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში.


პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კარგი მაგალითია. მისი თქმით, ზაფხულში ბათუმის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკი გაიხსნება.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “მიმდინარეობს მოლაპარაკებები მხარეებს შორის საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე“.


მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების მნიშვნელობას. საქართველომ და თურქეთმა სამთვიან ვიზიტებზე 2006 წლის თებერვლიდან ვიზები გააუქმეს.


სააკაშვილის თქმით, ეს ფაქტი წინ უსწრებდა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას.


“ეს იყო ისტორიული დამთხვევა, როდესაც მეზობელმა ქვეყანამ შეწყვიტა ვიზების გაცემა და თურქეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ ტურიზმს და უფრო ახლო ეკონომიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთს იანვარში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული “ენერგოსაბოტაჟის“ დროს ელექტროენერგიის მოწოდების გამო.  


“ჩვენ ვიწყებთ თურქეთთან ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებითი ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი განვახორციელოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთს და საქართველოს ახლო თანამშრომლობა აქვთ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის და განვითარების კუთხით.


“თურქეთი არის დიდი სახელმწიფო, ჩვენთვის მისაბაძი და ახლო მეგობარი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვის პირადი მისაბაძი მაგალითი არის მუსტაფა ქემალ ათათურქის საქმიანობა თურქეთის გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად. მე მიმაჩნია, რომ ის რაც მან გააკეთა თურქეთისთვის, ჩვენ უნდა იგივე გავაკეთოთ საქართველოსთვის. საქართველო უნდა გახდეს თანამედროვე, ერთიანი, განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და ბევრ რაღაცაში ჩვენ ვბაძავთ ჩვენს მეზობელს და მეგობარს – თურქეთს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ჩვენ ასევე მადლობელი ვართ თურქეთის მხარდაჭერისთვის ნატოში გაწევრიანების საკითხში. საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაცია არის სასიცოცხლო საკითხი ჩვენი პოლიტიკური განვითარებისთვის. ჩვენ ვართ მყარი, მუდმივი მხარდამჭერი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი, დაგვიანებული გარკვეულწილად და სწრაფად დასამთავრებელი პროცესი“, – დასძინა მან.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა თურქეთის “დადებითი როლი“ 2004 წელს აჭარის კრიზისის მოგვარების საქმეში. “ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გადავაქციოთ აჭარა წარმატებული განვითარების რეგიონალურ მაგალითად და ხშირ შემთხვევაში ამას ვაკეთებთ თურქეთის დახმარებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.   



 

Back to top button