
სოხუმი თბილისს ტერორიზმში ადანაშაულებს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 მარტს განაცხადა, რომ აფხაზური მხარე არ განიხილავს გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნის და გაეროს პოლიციის კომპონენტის შემოღების საკითხს 8 მარტს გალის რაიონში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რაც ოთხი ადამიანის სიკვდილით დასრულდა.
“გალის რაიონის ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტები და მკვლელობის შემთხვევები ერთ მიზანს ემსახურება: განაცხადონ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება და სამშვიდობოები უძლურნი არიან გააკონტროლონ სიტუაცია რეგიონში“, – იტყობინება “რეგნუმი“ შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, აფხაზურ მხარეს ნათელი მტკიცებულება აქვს იმისა, რომ გალში 8 მარტს მომხდარი თავდასხმა კარგად შეიარაღებულმა და კარგად აღჭურვილმა 12-კაციანმა ჯგუფმა განახორციელა.
“ეს ბანდა საქართველოს [ადმინისტრაციული] საზღვრიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრის მოშორებით ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ უკან საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა“, – განაცხადა შამბამ.
მან განუცხადა “რეგნუმს“, რომ ქართულმა მხარემ შესაძლოა კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით განლაგებულ რუს სამშვიდობოებზეც განახორციელოს თავდასხმები, რათა მათზე მეტი ზეწოლა მოახდინოს.
“ისინი [ქართული მხარე] უბრალოდ ვერ ბედავენ ამის გაკეთებას და მხოლოდ სამოქალაქო პირებს კლავენ; ამრიგად, ამ კუთხით მხოლოდ შემდგომ გართულებას უნდა ველოდოთ“, – განაცხადა შამბამ.
“ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: თუ აქამდე მზად ვიყავით გვემსჯელა ამ წინადადებებზე, ახლა მხოლოდ დიდ წერტილს ვსვამთ მათზე… გალის რაიონში არ გაიხსნება არც გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი, არც პოლიციის კომპონენტი“, – განაცხადა მან.
8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გალში მომხდარი თავდასხმა და განაცხადა, რომ “ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. მილიცია და რეგიონში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალები ვერ აკონტროლებენ კრიმინალურ მდგომარეობას რეგიონში“.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გალის რაიონში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაიხსნას გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი და შემოყვანილ იქნას საერთაშორისო პოლიცია, “რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები“.
საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის პოლიციის კომპონენტი ამჟამად მხოლოდ ზუგდიდის რაიონში ფუნქციონირებს. გაეროს პოლიციის მიზანია უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესება ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების მომზადებისა და აღჭურვის გზით.