ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას თემატურ თანამშრომლობას სთავაზობს

12 მარტს თბილისში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის “საქართველოს გზის“ პირველი ყრილობა გაიმართება. ზურაბიშვილისთვის, რომელმაც საზოგადოებრივი მოძრაობა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში შექმნა, პარტიის დაფუძნება საჭირო გახდა, რათა შემოდგომაზე დანიშნულ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

8 მარტს “სივილ ჯორჯიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ მისი პარტია მზად არის თემატურად ითანამშრომლოს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. მისი თქმით, ახალი პარტია არ შექმნის საარჩევნო კოალიციას სხვა პარტიებთან მხოლოდ გამარჯვების მიზნით.  “თუ ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს, მაშინ იშლება ეს კოალიცია რომელიც შექმნილი არის მხოლოდ იმისთვის რომ გაიმარჯვო არჩევნებში,“ – აცხადებს ზურაბიშვილი. ინტერვიუში იგი ასევე საუბრობს ახალი პარტიის პროგრამაზე და ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.


რა არის ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ახალი პარტიის პლატფორმა ეფუძნება?


სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენი პარტია არ იქნება კონკრეტულ პიროვნებებზე ორიენტირებული, არამედ შედგება პროგრამის გარშემო. პროგრამა ძალიან მარტივია. ეს არის რეალური და ეფექტური დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, სამართლებრივ სისტემაზე, კანონის უზენაესობაზე, ხელისუფლების სწორ განაწილებაზე.


დღევანდელ დღეს ჩვენ ვთვლით, რომ რეალურად პარლამენტი არ აბალანსებს ხელისუფლებას. სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. საზოგადოება კი არის ბევრად უფრო მომზადებული დემოკრატიულად, მაგრამ არ არსებობს ის ინსტიტუტები, რომელიც აბალანსებს ხელისუფლებას. ასევე მედია არ არის ისეთი როგორიც სჭირდება დემოკრატიულ სახელმწიფოს. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ამოქმედდეს სრულყოფილად. დიალოგი არ არსებობს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.


მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეკონომიკური საკითხები, დაფუძნებული კერძო საკუთრებაზე. დღეს კერძო საკუთრება არც არსებობს ბოლომდე და არც დაცული არ არის. ლიბერალურ ეკონომიკას სჭირდება კერძო ინიციატივები. საქართველოს სჭირდება კერძო ინიციატივების ხელშეწყობა, რათა ეკონომიკური დინამიკა აღდგეს.


კიდევ ერთი მთავარი მიმართულება არის ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც უნდა დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რომელმაც გაამართლა თავის ისტორიაში. რასაც ვაკვირდები, დღევანდელ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი სიძულვილი და ამ სიძულვილის დონე იმდენად არის აწეული, რომ არაფრის შენება არ შეიძლება ამ სიტუაციაში. საჭიროა პატიება, როგორც ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული და ქართული კულტურის ელემენტი.


ასევე [პროგრამის ნაწილია] მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარება. ჩვენ გვევალება შევქმნათ პირობები მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რადგან ომი საქართველოსთვის დამღუპველია. განვსაზღვროთ რა მოხდა ამ ბოლო პერიოდში [ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსური კონფლიქტების დროს], ავაგოთ ახალი ურთიერთობები. ამის გარეშე კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხდება, რადგან მთავარი პრინციპია, რომ მერე უნდა ვიცხოვროთ ერთად.  ამ საკითხში არ შეიძლება უცხოელი პარტნიორების როლი პირველ პლანზე იყოს და მათგან ველოდოთ კონფლიქტის გადაწყვეტას.


მე ვთვლი, რომ კავკასიის როლი საქართველოში უნდა იყოს გაძლიერებული. უნდა გამოვიყენოთ ამ სტრატეგიული რეგიონის როლი და პოტენციალი.


რაც შეეხება საერთაშორისო მიმართულებებს – ძირითადი ორიენტაციაა ნატო და ევროპაში ინტეგრაცია, პარტნიორობა და ურთიერთობის ნორმალიზაცია რუსეთთან. ეს ის უალტერნატივო ორიენტაციაა, რომელზეც დავაც არ შეიძლება.


მაგრამ მთავარი არის, რომ განვსაზღვროთ ამის უკან არის თუ არა დემოკრატია, ე.ი. ამ ორიენტაციების უკან ნამდვილად ტარდება ის პოლიტიკა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, თუ ეს არის მხოლოდ გამოცხადებული და აფიშირებული მიდგომა. მაგალითად, მიდის ძალიან აგრესიული და მკვეთრი ლაპარაკი რუსეთის მიმართ, მაგრამ ამავე დროს მიდის პრივატიზაციის პროცესი, რომელიც ძალიან ღია არის რუსეთისთვის. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა შემოვუშვათ რუსეთი. უნდა შემოუშვათ გარკვეულ დონემდე.


საერთოდ, მიმაჩნია რომ ძალიან გაურკვეველი არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, როცა ერთის მხრივ, ვამბობთ, რომ რუსეთმა ააფეთქა გაზსადენი [22 იანვარს] და ამავე დროს უარს არ ვამბობთ, რომ გაზსადენი გაიყიდოს რუსეთზე.


როგორი სტრუქტურა ექნება პარტიას?


ეს იქნება შერწყმა ევროპულ-ამერიკულ მოდელთან. იქნება პატარა საბჭო, თავისი გამგეობით. გვექნება დიდი დარბაზი, ჩრდილოვანი კაბინეტის მსგავსი, რომელიც დარგობრივად იქნება ექსპერტებით დაკომპლექტებული. ისინი იმუშავებენ [“სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივ] მოძრაობასთან“ ძალიან მჭიდრო კავშირში, რადგანაც იქ იქნება ასევე ჯგუფები, რომლებიც მოამზადებენ ჩვენს კონკრეტულ პროგრამებს სხვადასხვა დარგებში.


ასევე გვექნება ადგილობრივი სტრუქტურები რეგიონებში, ადგილობრივად არჩეული ხელმძღვანელობით. ჩავატარებთ პრაიმერებს, რათა ვიცოდეთ ვინ არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღები.  
 
თქვენი დაკვირვებით რა არის ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც დღევანდელ ქართულ პარტიულ-პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს და რა იქნება განსხვავებული თქვენს პარტიაში?


ძირითადი პოლიტიკური პარტიების აქტიურობა დღეს მიმართულია იმისკენ, რომ გააკრიტიკონ ხელისუფლება. გასაგებია, რომ ბევრი რამ არის გასაკრიტიკებელი, მაგრამ არ შეიძლება შემოიფარგლო ამ კრიტიკით, რადგან ეს ძალიან დამთრგუნავი და დამანგრეველია საზოგადოებისთვის. თუ ყოველდღე ისმის კრიტიკა და ნეგატიური განცხადებები და არ გიჩვენებენ გზას, მაშინ უკვე აღარ იცი რა უნდა გააკეთო ან დეპრესიაში უნდა ჩავარდე ან რევოლუცია დაიწყოს ისევე ქუჩაში.


ჩვენი განმასხვავებელი და ძირითადი ნიშანია, რომ საზოგადოებას გზა დავანახოთ და ამიტომაც ჩვენ პარტიას ჰქვია “საქართველოს გზა“. ეს არ ნიშნავს, რომ არ ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, დავმალოთ რაღაცეები და მხოლოდ პოზიტიურად და გაღიმებულემბა ვუყუროთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ეს საზოგადოება არის მომწიფებული და არ სჭირდება იმას ზედმეტი ახსნა, თუ რა არის არასწორი დღევანდელ დღეს და რა არ კეთდება. საჭიროა ჩვენება იმისა, თუ რა გავაკეთოთ დღეს, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან.


რა ფორმით გესახებათ თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან? 


მე პარტიებისთვის ნათქვამი მაქვს, რომ მე თანამშრომლობა მათთან   სხვადასხვა თემებზე წარმომიდგენია, მაგალითად [სანდრო] გირგვლიანის მკვლელობის საკითხზე მე შემიძლია ყველა პარტიასთან ვითანამშრომლო.


თანამშრომლობიდან უნდა მიხვიდე საარჩევნო შეთანხმებამდე და არ უნდა დაიწყო შეთანხმება მხოლოდ არჩევნებში გამარჯვების მიზნით. თუ მხოლოდ ამ მიზნით ითანამშრომლებ, შეიძლება  გაიმარჯვო კიდეც, მაგრამ მერე რაა? თუ ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს, მაშინ იშლება ეს საარჩევნო კოალიცია. გამოდის რომ შენი პირველი მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც პოლიტიკა გაატარო, არამედ ის, რომ უბრალოდ გაიმარჯვო. ჩვენი პარტიის თვითმიზანი ნამდვილად არ არის მარტო გამარჯვება არც ამ [თვითმმართველობის] და არც შემდგომ [საპარლამენტო]არჩევნებში. 
 
ისე კონსულტაციები [ოპოზიციურ პარტიებთან] დაწყებულია. მე შევხვდები ყველა პარტიას, მათ შორის კოკო გამსახურდიას “თავისუფლებას.“ თუ მის ნაწერებს და გამოსვლებს დავეყრდნობით ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები. პრობლემა მის გამოსვლებთან და მსოფლმხედველობასთან არ მაქვს. მაგრამ აქაც ისმება კითხვა, რამდენად საჭირო არის შეერთება. მე მიმაჩნია, რომ დემოკრატია არის ამავე დროს მრავალპარტიული წყობა და არა ერთი ოპოზიცია. რატომ არის, რომ ხელისუფლებას მაინდამაინც უნდა ეს ოპოზიციური პარტიები ერთად შეჯამდეს და ერთი დიდი ოპოზიცია შეიქმნას, არ ვიცი. კანონიც რომელიც დღეს არის ამისკენ გვიბიძგებს.
 
მაგრამ რაც არ უნდა არასწორი კანონები იყოს მიღებული და რაც არ უნდა გაყალბების ცდები იყოს, გამარჯვების შანსი მაინც გვაქვს. ყველგან ვერ გავიმარჯვებთ ცხადია, მაგრამ სადაც გავიმარჯვებთ, იქ უნდა ვაჩვენოთ რა არის ჩვენი პარტიის გზა.
 
თუ შეიძლება, რომ დაასახელოთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს შეიძლება იყოს თქვენი პარტია?


“რესპუბლიკელებთან“ ძალიან ბევრი საერთო მაქვს, უფრო მეტი ვიდრე სხვა პარტიებთან. “მემარჯვენეებთანაც“ გარკვეული ახლობლობა არის. “კონსერვატორებთან“ არ ვიცი, გარკვეული არ ვარ, არ ვიცი მათი პროგრამა.


ალბათ არც ერთ საკითხზე არ მექნება კავშირი [იგორ] გიორგაძის  პარტიასთან [“სამართლიანობა“].


[შალვა] ნათელაშვილის პარტიასთან [ლეიბორისტული შრომის პარტია] ალბათ ძალიან ცოტა საკითხზე, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობა არის ძალიან გასხვავებული. იმიტომ კი არა, რომ არასწორია. უბრალოდ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.


როგორ გგონიათ, რა არის ამჟამად ოპოზიციური პარტიების მთავარი პრობლემა?


უნდობლობა ხალხში. ამ 15 წლის მანძილზე მთლიანად პოლიტიკის და ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდა . ამიტომ უნდობლობა გაჩნდა, ყველა ეს სახეები არის უკვე ცნობილი. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენ პარტიაში არ იყოს არც ერთი ცნობილი სახე, რომელიც იყო უკვე პოლიტიკაში, არამედ იყვნენ პროფესიონალები სხვადასხვა დარგში და არა მაინცდამაინც პოლიტიკოსები, რადგან ამ პოლიტიკოსების მიმართ არსებობს გარკვეული გაღიზიანება და უნდობლობა. 


ამას გარდა, მთლიანად გადასულები არიან ‘ოპოზიციურ’ ოპოზიციაზე, რომელიც ძალიან მომგებიანი და ადვილია. ყველაზე ადვილი არის კრიტიკა, ზოგჯერ აყვებიან გადმოგდებულ რაღაც თემებს. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში არის თემები, რომელზედაც უნდა გამოთქვა შენი მოსაზრება, თუ შენ როგორ გააკეთებდი.


მეორეც, – მიმდინარე მწვავე საკითხებიდან არ არის ყველა ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე. მაგალითად, არ შეიძლება გამოხვიდე ქუჩაში სალარო აპარატებისა და გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ერთნაირად. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა გამოხვიდე სალაროებთან დაკავშირებით. უნდა მოითხოვო და შენი წინადადებები წარადგინო და აიძულო ხელისუფლება ეს მიიღოს მხედველობაში, მაშინ  შენ იქნები ძლიერი ოპოზიცია. ქუჩაში გამოსვლა არის არაძლიერი ოპოზიციის მაჩვენებელი.


მაგრამ გირგვლიანზე უნდა გამოხვიდე ყველანაირად – ქუჩაში, სიტყვით, პრესაშიც. იმიტომ რომ, თუ შიშის სინდრომი დაიბადა, თუ არ ხდება დამნაშავის დასჯა, თუ ხელს აფარებენ დამნაშავეთა ნაწილს, თუ სასამართლო არ არსებობს და არც პროკურატურა, მაშინ შეიძლება წავიდეთ ტოტალიტარიზმისკენ. მაშინ რა განსხვავებაა ამ და წინა – ედუარდ შევარდნაძის ან თუნდაც უფრო წინა ტოტალიტარულ ხელისუფლებას შორის. თუ რამე არის დღეს მნიშვნელოვანი, სწორედ რომ ეს საკითხებია.


ოპოზიციის დამოკიდებულება კი ასეთია – აქცენტის გაკეთება იმაზე, რაც უფრო ადვილია, უფრო პოპულისტური და დემაგოგიური, რაზეც უფრო მეტი ხალხის გამოყვანა შეიძლება. მაგრამ ეს არის ქართული საზოგადოების არასწორი გაგება. იმიტომ რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება უფრო აღელვებული არის გირგვლიანის საქმით, ვიდრე პირადით, მიუხედავად დღევანდელი ყოფითი პრობლემებისა. 

მსგავსი/Related

Back to top button