ახალი ამბები

რუსეთი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთზე აშშ-ს განცხადების გამო

რუსეთის ელჩმა ეუთოში ალექსეი ბოროდავკინმა 2 მარტს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ რუსეთის როლზე კონფლიქტში, “სინანულს იწვევს” და “არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც კონსტრუქციული“.


2 მარტს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას კაილ სკოტმა, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეუთოში, განაცხადა, რომ აშშ “ძალიან შეწუხებულია“ რუსეთის განცხადების გამო, რომ “ის დაიცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს სამხრეთ ოსეთში“. აშშ-ს დიპლომატმა მოუწოდა რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მხარეებს საპასუხო ნაბიჯი გადადგან ქართული მხარის მცდელობებზე ხანგრძლივი მშვიდობის გარანტირების მიზნით. აშშ-მ ასევე მოუწოდა რუსეთს გამოიყვანოს ის სამხედრო პერსონალი და ტექნიკა, რომელიც არ უნდა იყოს კონფლიქტის ზონაში.


აშშ-ს ამ განცხადების საპასუხოდ, რუსეთის ელჩმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დაადასტურა, რომ რუსეთი დაიცავს თავისი მოქალაქეების ინტერესებს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში.


“თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა არის ნებისმიერი მთავრობის ვალდებულება, განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საშიშროების ფონზე, როგორც ეს ამჟამად სამხრეთ ოსეთში ხდება“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა თავის გამოსვლაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.


“მეორე, რუსეთი, როგორც ცნობილია, არ არის ქართულ-ოსური კონფლიქტის მხარე. ამიტომაც, რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებები კონფლიქტის კონტექსტში, როგორც ეს აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, აბსოლუტურად არასწორია. თბილისმა და ცხინვალმა უნდა გამართონ მოლაპარაკებები ნდობის აღდგენის თაობაზე“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.


მან ასევე პროტესტი გამოთქვა აშშ-ს დოპლომატის განცხადებაზე რუსეთის სამხედრო პერსონალის და ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის თაობაზე.


“აბსოლუტურად გაუგებარი რჩება, რომელი სამხედროების და ტექნიკის გაყვანას თვლის საჭიროდ აშშ სამხრეთ ოსეთიდან“, – განაცხადა ბოროდავკინმა.


“ამერიკული მხარის ზოგიერთი ქმედებები ქართულ-ოსური კონფლიქტის კოტექსტში რთული გასაგებია. კერძოდ, ჩვენ ვურჩევდით ამერიკის შეერთებულ შტატებს თავშეკავება გამოიჩინონ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის ამერიკულ პროგრამასთან დაკავშირებით… ვფიქრობთ, ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის [ირაკლი ოქრუაშვილის] და სხვა ოფიციალური პირების სამხედრო რიტორიკის ფონზე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.


მან ასევე მოუწოდა ეუთოს დაარწმუნოს სამხრეთ ოსეთის და ქართული მხარეების “განსაკუთრებით თბილისი, ერთობლივად დაიწყონ უშიშროების გარანტიებსა და ცეცხლის განუახლებლობის შესახებ განცხადების შემუშავება – იდეა, რომელიც საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა [როი რივმა] წამოაყენა“. 

Back to top button