
ოპოზიცია ხელსაყრელი მომენტის გამოყენებას ცდილობს
ოთხმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა, ლეიბორისტულმა პარტიამ, კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა – 3 მარტს განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან დაუპირისპირდნენ მთავრობის პოლიტიკას სხვადასახვა სფეროებში. იმავე დღეს, პარლამენტარებმა კონსერვატორული და რესპუბლიკური პარტიებიდან “საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც ოფიციალური პირების სავარაუდო უკანონო ქმედებებთან დაკავშირებულ საქმეებს გამოიძიებს.
ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები 3 მარტს ლეიბორისტული პარტიის ოფისში თანამშრომლობის გეგმების განხილვის მიზნით შეიკრიბნენ. ოპოზიციური პარტიების მცდელობა გაძლიერდნენ, წინ უსწრებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. თუმცა, ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აუცილებელი არ არის, რომ ეს კონსულტაციები პოლიტიკური გაერთიანებით დასრულდეს.
“დღევანდელმა ხელისუფლებამ იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ ოპოზიციურმა პარტიებმა დავიწყოთ კოორდინირებული მოქმედებები… ერთ მაგიდასთან დაჯდომა არ ნიშნავს საკუთარ იდეოლოგიაზე უარის თქმას და პოზიციების შეცვლას, არამედ ეს იქნება კოორდინირებული მუშაობა პრობლემატურ საკითხებზე“, – განუცხადა “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 3 მარტს.
ამჟამად, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ დღის წესრიგში ორი საკითხი დგას: მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონი მოვაჭრეებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების შესაძლო კავშირი სანდრო გირგვლიანია მკვლელობის საქმესთან.
პირველი ეხება კანონს, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევიდა და რომლის მიხედვითაც იმ მოვაჭრეებს, რომელთაც არ ექნებათ სალარო აპარატები, 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ კანონის ამოქმედება საჭირო გახდა, რათა აღერიცხათ მოვაჭრეების შემოსავლები. თუმცა, მოვაჭრეთა უმრავსელობა აცხადებს, რომ ისინი ვერ შეძლებენ სალარო აპარატების შეძენას და ფიქსირებული გადასახადის გადახდას მოითხოვენ. ეს კანონი პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მიიღო. 28 თებერვალს და 1 მარტს ლეიბორისტული პარტიის მიერ პარლამენტის შენობის წინ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ასობით მოვაჭრე შეიკრიბა, რომლებიც ახალ წესებს აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციებს კონსერვატორული პარტიის ლიდერებიც შეუერთდნენ.
ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას გაცილებით უკეთესი საბაბი აქვს ხელისუფლებაზე იერიში მეორე საქმესთან დაკავშირებით მოახდინოს, რომელიც გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ეხება. მკვლელობის საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც სატელევიზიო სიუჟეტმა მიანიშნა, რომ საქმესთან კავშირი შესაძლოა ჰქონოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს და მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეს. 28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიანიშნა, რომ ის არ აპირბს ამ პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას. ოპოზიციურმა პარტიებმა კი მინისტრი ეჭვმიტანილების მფარველობაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
3 მარტს გამართული შეხვედრის დროს ოპოზიციური ლიდერები შეთანხმდნენ საპროტესტო აქცია ორივე საკითხზე 9 მარტს პარლამენტის შენობის წინ გამართონ. ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, ორივე ეს პრობლემა, ასევე “სხვა პრობლემატური საკითხები“, ერთმანეთმა არ უნდა გადაჩრდილოს.
“ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ სალარო აპარატებზე გავამახვილოთ ყურადღება. სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც დავაყენებთ, მათ შორის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საკითხს“, – განაცხადა 3 მარტს “კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
“არც ხელისუფლებას და არც ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს უფლება არ უნდა მიეცეთ, მხოლოდ სალარო აპარატების პრობლემაზე მოხდეს საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება. ყველა პარტიას აქვს თავისი პრობლემატური საკითხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და სწორედ ასეთი [ოპოზიციის] კოორდინირებული მოქმედებები მოგვცემს ამ საკითხების გახმაურების და უფრო ეფექტურად წარმოჩინების საშუალებას“, – განუცხადა “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
3 მარტს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც საზოგადოებისათვის საინტერესო თემებზე დამოუკიდებელ გამოძიებას წამოიწყებს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიება ჯგუფის პრიორიტეტი იქნება.
“დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მონიტორინგის ჯგუფის შექმნა არის “მცდელობა შევავსოთ ის დეფიციტი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში არსებობს“.
“ჩვენ ამ ჯგუფის შექმნა მოვინდომეთ, რადგანაც არ ვენდობით გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა “დემოკრატიული ფრონტიდან“.
მთავრობა ამ ორ საკითხთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 მარტს განაცხადა, რომ სალარო აპარატები ბაზრობებზეც უნდა დაიდგას და ოპოზიციას “ბაზრის პოლიტიკოსები” უწოდა. მან ასევე ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას. “ის განსაკუთრებით კარგი მინისტრია“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს ვანო მერაბიშვილის დაცვა მოუხდა ოპოზიციის მხრიდან მისი გადაგომის მოთხოვნის საპასუხოდ. გასული წლის ივლისში, ოპოზიციურმა პარტიებმა მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს, მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქცია დაშალა. “კიდევ რა უნდათ [ოპოზიციურ პარტიებს]“, – იყო პრეზიდენტის პასუხი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის გადაყენება ადვილი არ იქნება, რადგანაც იგი სააკაშვილის ადმინისტრაციაში არსებულ ძალაუფლების ბალანსში ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენს.
“ვანო მერაბიშვილი არ არის მხოლოდ მინისტრი… ეს არის ერთ–ერთ უძლიერესი ქვეყნის “ძალაუფლების ვერტიკალში“. მერაბიშვილს ძირითადად ორი გავლენიანი ჯგუფი უკავშირდება: ერთს ხელმძღვანელობს [დეპუტატი დავით] კირკიტაძე და “ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი ახალგაზრდული ფრთა, ხოლო მეორეს [დეპუტატი გიგა] ბოკერია, გიგი უგულავა [თბილისის მერი] და [კახა] ლომაია [განათლების მინისტრი]. ორივე ეს ჯგუფი გავლენიანია, რადგანაც ისინი მერაბიშვილთან ახლოს არიან… ამრიგად, მერაბიშვილის გადადგომა ამ ვერტიკალის დანგრევას გამოიწვევს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა რადიო “თავისუფლებისთვის“ 1 მარტს მიცემულ ინტერვიუში.
ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას 9 მარტს აპირებენ, სადაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე კვლავ გაჟღერდება.